"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც "ლიბერალი" საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
მათი განცხადებით, "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან. "ინტერპრესნიუსი" ყოფილი მფლობელების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო უამრავი ადამიანი და მედიასაშუალება გვიკავშირდება, გვთხოვს კომენტარს თუ პოზიციის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ შემდეგი. სამართლებრივ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ის ჭეშმარიტების დადგენის და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზას წარმოადგენს.
იმედი გვაქვს სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს "რუსთავი2"-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით.
ამორალობად მიგვაჩნია მცდელობა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მედიასაშუალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მიჩქმალულ იქნას და გასაღდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. ორმაგად ცინიკურია ამგვარი განცხადებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა მოესპოთ სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში.
მივმართავთ ყველას - საზოგადოებას, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს - გავუსწოროთ თვალი რეალობას - დღეს "რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია, ასრულებს მის პოლიტიკურ დაკვეთას და საერთო არაფერი აქვს დამოუკედებელ მედიასთან", - აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - ნათქვამია განცხადებაში.