ამერიკა ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გვპირდება

ამერიკა ეკონომიკურ მხარდაჭერას არ გვპირდება

საქართველოს ეკონომიკას ამერიკისგან ყველაზე მეტად თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სჭირდება, ისეთივე როგორც ჩინეთთან აქვს. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ინვესტორების დაინტერესებას გაზრდიდა, ინვესტიციები კი სამუშაო ადგილებს. თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დათმობაზე წასვლა ამერიკისგან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ამერიკას ჩინეთის სახით ამგვარი ურთიერთობების საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს.

პარლამენტარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რაც საქართველოს მიმართ ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის. "ჩვენი სურვილია, ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები გამარტივდეს. ამ ეტაპზე, ეკონომიკური თვალსაზრისით ეს საკითხი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ბალავაძე.

ქრისტიან დემოკრატების წევრის ლევან ვეფხვაძის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო პრეფერენციები, ისე როგორც თავის დროზე ჩინეთმა მიიღო ამერიკისგან.

"ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ამერიკის ბაზარზე შესვლა არც ისე მარტივია. თუ საქართველომ ამ ურთიერთობებს მიაღწია, ქვეყანა ბევრი ინვესტორისთვის გახდება მიმზიდველი, ვინაიდან მათ გასაღების ბაზარი ექნებათ", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ამერიკასთან ნებისმიერი ეკონომიკური თანამშრომლობა ხელსაყრელია, მთავარია, მემორანდუმებში ორივე ქვეყნის ინტერესები თანაბრად ჩაიდოს. რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, მისი აზრით, ეს მარტივად მისაღწევი არ იქნება, ვინაიდან ჩინეთთან არსებულმა ამგვარმა ურთიერთობებმა ამერიკას ბევრი პრობლემა შეუქმნა.

"ამერიკასთან ნებისმიერი ნორმალური ურთიერთობა ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ამერიკული ინვესტიციების განხორციელება სასურველია მშენებლობაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი საქართველოს ხელისუფლებას ფინანსურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ შეპირდა. კონკრეტულად რამდენი იქნება და როდის გამოიყოფა თანხა ფინანსური დახმარების ფარგლებში, ჯერჯერობით, ეს უცნობია.

საქართველომ 1 მილიარდი დოლარის ამერიკული გრანტი უკვე სრულიად მიიღო. ეს ინფორმაცია, ზამთარში საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა დაადასტურა. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ 5 თებერვალს თბილისიდან გამგზავრების წინ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული დახმარების უკანასკნელი ტრანში ირიცხებოდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მონაცემებით კი, 1 მლრდ დოლარის დახმარება, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენმა ჯო ბაიდენმა ომის დღეებში აღუთქვა საქართველოს, ოთხი მიმართულებით გადანაწილდა.

კერძოდ, 48 600 000 დოლარი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის კუთხით გამოიყო.

436 933 000 დოლარი ჰუმანიტარულ მიზნებზე განაწილდა. ამ 436,9 მილიონიდან 250 მილიონი დოლარი საქართველომ 2008 წლის ნოემბერში მიიღო, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად გამოიყენა, მათ შორის პენსიებისთვის, კომპენსაციებისათვის და სამინისტროებში (თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გარდა) თანამშრომელთა ხელფასების გასაცემად.

469 890 000 აშშ დოლარი - ყველაზე მეტი თანხა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გამოიყო, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მთავარი გზების მშენებლობისთვის, 48 077 000 დოლარი მშვიდობისა და უსაფრთხოების საჭიროებებზე გამოიყო, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე; პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცებისათვის; ასევე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისათვის.

ამჯერად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰილარი კლინტონი საქართველოს მთავრობას ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას დაპირდა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ამ ფაქტს ამერიკის მთავრობა დიდად აფასებს. "ვარდების რევოლუციამდე ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო. მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია. მომავალში ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს" - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გააგრძელებს. "შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც, ძირითადად, ადამიანური სისუსტეების ბრალია. თქვენ ამის შეცვლასაც უნდა მიაღწიოთ", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება თუ ქვეყანაში დემოკრატია და ეკონომიკა აყვავდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ