"მალე ხმება და იფხვნება. ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, ამით სირბილეს ინარჩუნებენ" - მომხმარებელი პურის ხარისხის გაუარესებას უჩივის

"მალე ხმება და იფხვნება. ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, ამით სირბილეს ინარჩუნებენ" - მომხმარებელი პურის ხარისხის გაუარესებას უჩივის

მომხარებელთა უმეტესობა საკვები პროდუქტების უხარისხობას უჩივის. სხვა პროდუქტებთან ერთად ეს ეხება პურსაც. "რეზონანსის" რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხარისხის გაფუჭების მთავარი მიზეზი ხარჯის შემცირებაა. მწარმოებლები ზოგიერთ პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას იაფიანი და უხარისხო მინარევების გამოყენებით ახერხებენ.

ლარის გაუფასურებას უამრავი პროდუქტის გაძვირება მოჰყვა. უკვე რამდენიმე კვირაა 37-დან 44 ლარამდე მოიმატა 1 ტომარა ფქვილმაც. მიუხედავად გაზრდილი ხარჯისა, საწარმოების, საცხობების ნაწილი პურზე ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით მაინც ახერხებს. რესპონდენტების აზრით, ეს პროდუქტის ხარისხის დაწევის ხარჯზე ხდება. გამოკითხულთაგან ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ პური, რძის ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები დაბალი ხარისხის ნედლეულით მზადდება.

"ბოლო დროს, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო (არ ვიცი, გაუჭირდათ საცხობებს თუ რა მოხდა), რამდენიმე საცხობმა გააფუჭა ნაწარმი. ის აღარ არის, რაც რამდენიმე თვის წინ იყო. არ ვიცი, რას აკლებენ, მაგრამ ფაქტია - მომხარებელი ამ ცვლილებას გრძნობს.

მწარმოებლებმა, საცხობების ნაწილმა, შესაძლოა, ეს ხრიკი ხალხის შესანარჩუნებლად გამოიყენოს. ასეთ დროს ხარისხი და გემო აღარავის ახსოვს. სხვათა შორის, ფასის მატებამ ზოგიერთ შემთხვევაში პურის მოცულობაზე მოახდინა გავლენა. საცხობებმა ფასი და ხარისხი შეინარჩუნეს და პური დააპატარავეს", - ამბობს "რეზონანსის" რესპონდენტი მაკა პირმისაშვილი.

პროდუქტების რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისელი ნინო ლეკბორაშვილიც. მისი განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე საშინელი ქაოსია და სწორედ ამიტომ თავს დაუცველად გრძნობს.

"არ შეიძლება ბიზნესი მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და მყიდველის მოტყუებაზე ფიქრობდეს. მესმის, წარმოება გაუძვირდათ, ხარჯი მეტი აქვთ, მაგრამ ამის გამო პროდუქტი ხომ არ უნდა გააფუჭონ?

დღესდღეობით ხარისხი აქვს დაკარგული რძის ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს, პურს. მაგალითად, ადრე გაყინულ ხინკალს ხშირად ვყიდულობდი და ძალიან მომწონდა, ახლა საშინელი გემო აქვს. ჯერ ერთი, ძნელად იხარშება, მერე ვერ მიხვდები რას ჭამ, საშინელი გემო აქვს. გაუარესდა პურის ხარისხიც. მალე ხმება და იფხვნება. ალბათ, ამიტომაც არის ცელოფანში გახვეული, რომ ამით ინარჩუნებენ სირბილეს. კარგი ხერხი კი გამონახეს...

აუცილებელია შემოწმდეს ყველა საწარმო. უნდა ინახოს მომზადების პროცესი, როგორ აკეთებენ, რა პირობებში და რა ნედლეულს ურევენ. მხოლოდ ამის მერე თუ ეშველება ქართულ ბაზარს და მომხმარებელს.

უკვე აღარ ვიცი, რომელი პური ვიყიდო. ამბობენ, თეთრი არ ვარგაო, შავ საღებავს ურევენო. ასე აღარ შეიძლება, პურს ხომ ბავშვებიც ჭამენ, მათ ჯამრთელობას ეხება საქმე", - აღნიშნა ნინო ლეკბორაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია