ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა

ვინ შეცვალა ილია მეორემ: 70-იანი წლების საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზა

ხარაგაულის რაიონის სოფელ მირონწმინდაში 1903 წლის 6 აპრილს ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი დაიბადა. ეს ადამიანი 1977 წლის 9 ნოემბერს ამ ქვეყნიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის ხარისხით წავიდა. მისი წინამორბედი ეფრემ II გახლდათ, მემკვიდრე კი - ილია II.

დავით V საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972-დან 1977 წლებამდე იყო და ურთულეს პირობებში მოუხდა მოღვაწეობა.

გზა პატრიარქობამდე კი თავიდან ასე დაიყო:

ხარიტონ დევდარიანმა პირველდაწყებითი განათლება სოფელ მირონწმინდაში მიიღო. 1917 წელს სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი დაასრულა და სწავლა ჭიათურის მღვიმის მონასტერში განაგრძო. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა მირონწმინდის ეკლესიის მედავითნედ დაადგინა. 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ. ამის გამო ხშირად მათი დაწიოკება და ეკლესია-მონასტრების ნგრევა ხდებოდა. ასეთ დროს მედავითნე დავითი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო და თხოვნით მიმართა მარგველ ეპისკოპოს ვარლაამს (მახარაძე) დიაკვნად ეკურთხებინა და ნებისმიერ ეკლესიაში განეწესებინა. 1927 წელს ეპისკოპოსმა ის საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მისი ხედასხმა მღვდლად მოხდა და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ერთ წელიწადში როგორც გამორჩეული სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის ოლქის მთავარუხუცესად დადგინდა. მერე მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადაიყვანეს, ჯერ სიონის, ხოლო 1932 წლიდან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მსახურად.

40-იან წლებში კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდელთმსახურიც გახლდათ, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მოადგილე და წინამძღვარიც.

1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-ემ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა, არქიმანდრიტის წოდებაც მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). 1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1959 წელს მელქისედეკ III-ის ბრძანებით, მარგველი ეპისკოპოსი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა.

1960 წლის 11 იანვარს უწმიდეს მელქისედეკ III-ის გარდაცვალების მეორე დღეს, სინოდის სხდომაზე, ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა სპეციალური წერილობითი განცხადებით, უარი თქვა მოსაყდრეობაზე მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ. 1962 წლის 18 თებერვალს უწმიდეს და უნეტარეს ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.

1972 წლის 7 აპრილს, დილის 6 საათზე და 30 წუთზე გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. იმავე დღის 13 საათსა და 45 წუთზე საპატრიარქოში შეიკრიბნენ - მიტროპოლიტი დავითი, ეპისკოპოსები: ზინობი, გაიოზი, დეკანოზები, საერო პირები და გახსნეს პატრიარქის სეიფი, სადაც 1972 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი ანდერძი ინახებოდა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ II-ის ხელმოწერა ჰქონდა, სადაც ეწერა:

"ჩემი გარდაცვალების შემდეგ, ჩემს მოსაყდრედ დატოვებული მყავს (1 წლის ვადით) ურბნელი მიტროპოლიტი დავითი".

1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XI საეკლესიო კრებამ, რომელსაც 58 დელეგატი ესწრებოდა იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ: ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი, ეპისკოპოსი გაიოზი, მოსკოვისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში რუსეთის პატრიარქი), ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოზი ვარსგენ I.

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). იმავე საღამოს 19 საათზე შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) აირჩია.

უწმიდესი და უნეტარესი დავით V სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. განსვენებულ პატრიარქს წესი აუგო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ილიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრების: მიტროპოლიტ ზინობის, ეპისკოპოს გიორგის, ეპისკოპოს გრიგოლის თანამწირველობით.

ყოფილი სახალხო დამცველი და პარლამენტარი ნანა დევდარიანი დავით V დევდარიანის შვილიშვილია. ის იშვიათად საუბრობს თავის ბაბუაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში კი აი, რას პასუხობს:

"ვთვლი, რომ ჩემი დამსახურება არ არის იმ ოჯახში დაბადება, სადაც დავიბადე, რომ ბაბუაჩემი იყო უმაღლესი იერარქიული პირი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა. ბაბუა იყო სრულიად საქართველოს და არაერთი კონკრეტული ოჯახის პატრიარქი. ბავშვობიდან ჩამაგონეს, ისე მეცხოვრა, რომ ბაბუის სახელი არ შემერცხვინა. სადაც ვიყავი, პოლიტიკაში თუ სხვაგან, მუდამ ვცდილობდი, რომ სწორედ ასე მეცხოვრა. ჩემს შვილებსაც იგივეს ვეუბნებოდი და უნდა გითხრათ, რომ ჩემი მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის პერიოდში, მათი საქციელის გამო, უმცირესი უხერხულობაც კი არ შემქმნია, არა თუ, რაიმე პრობლემა".

მოამზადა ლალი ფაციამ

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს