მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში - რა ელის ქვეყანას?

მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში - რა ელის ქვეყანას?

საბერძნეთში ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკურიც დაემატა. მაშინ, როდესაც ქვეყნის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, თავიდან აიცილა დეფოლტი და ევროზონიდან გასვლა, ქვეყანაში მმართველი გუნდი ორად გაიყო. პარტია "სირიზას" წევრთა ნაწილმა დამოუკიდებელი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალ პარტიას ის დეპუტატები შეუერთდებიან, რომლებიც ათენის მიერ საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მან ბევრი იბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, ახლა კი საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისათვის, რომ მოსახლეობამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

"ჩემო თანამემამულე ბერძნებო, მე ამ გადაწყვეტილებას თქვენ გიტოვებთ განსასჯელად. ვამაყობ, რომ ვიბრძოლე იმისათვის, რომ ჩვენი დაპირებების წინაშე ვყოფილიყავით მართალი. ჩვენ რთული მოლაპარაკებები გვქონდა და დიდი ხნის განმავლობაში გავუძელით ბევრ ზეწოლას და შანტაჟს. თუმცა, ჩვენ საბერძნეთის პრობლემა გავხადეთ საერთაშორისო პრობლემა. თქვენ თქვენი არჩევანით გადაწყვეტთ, არის თუ არა ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება საკმარისი", - ამ სიტყვებით მოსახლეობას ალექსის ციპრასმა 2 დღის წინ მიმართა.

ციპრასს გადაწყვეტილებას უწუნებს წამყვანი ოპოზიციური ძალა.

"ეთიკურად და პოლიტიკურად არ არის სწორი, ელოდო პარლამენტში მოკავშირეებისგან მხარდაჭერას, მიიღო რაც გინდა, და შემდეგ მოულოდნელად გადადგე არასერიოზული მიზეზების გამო", - აღნიშნა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ევანგელოს მეიმარაკისმა.

პრემიერის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ციპრასის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ქვეყნისთვის სავალალო იქნება.

"ჩვენ მოქალაქეები დავზარალდებით, ვინაიდან ჩვენ თავს დაცულად ვეღარ ვგრძნობთ, ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი", - აღნიშნა ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, კონსტანინოს პულოპულოსმა.

"მთავრობის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ისინი პრობლემებს გაურბიან, ეს მიუღებელია. ციპრასი ახალგაზრდა მმართველია, რომელსაც ჩვენ ვენდეთ. ახლა კი არა მგონია მან უმრავლესობა მოიპოვოს. შემდეგ პარტიები ერთად მუშაობაზეც ვერ შეთანხმდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე არჩევნები უნდა ვმართოთ. ეს საშიშია ქვეყნისთვის", - მიიჩნევს პენსიონერი, ნაპოლეონ პაპასი.

მოსახლეობასა და სამთავრობო გუნდში აზრი ორად მას შემდეგ გაიყო, რაც რამდენიმე თვის წინ ათენმა საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ათენი 86 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს, სანაცვლოდ კი საბერძნეთმა გადასახადები უნდა გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათენს არაერთი მკაცრი ეკონომიკური ზომის მიღება მოუწევს.

პარალელურად, მოსახლეობა შიშობს, რომ თუ მომავალ არჩევნებზე პარტია "სირიზა" უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მაშინ ქვეყანა უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება. რა ელოდება საბერძნეთს? პასუხი ამ კითხვაზე სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა