"მე შენი მჯერა" - მაია ასათიანის წერილი შვილს

"მე შენი მჯერა" - მაია ასათიანის წერილი შვილს

ჟურნალისტი მაია ასათიანი საკუთარ შვილს ვრცელ წერილს უძღვნის:

"ჩემი დიდი პაპა

მიუჰენიდან რომ დაბრუნდა ცხრაასთვრამეტი სრულდებოდა. იქ ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ჩვენებურად ფინანსისტი იყო. წყნარი და მშვიდი კაცი. წესი ქონდა ასეთი თურმე, საღამოობით, კანტორის საქმეებს რომ მორჩებოდა თეთრ გახამებულ პერანგს იცვამდა და გოლოვინზე სეირნობდა, აუყვებოდა და ჩაუყვებოდა, დრო იყო ეგეთი, ასე ერთობოდნენ…

21-ში ტყეში გავიდა…24-მდე იბრძოდა… 25-დან მეტეხის ციხეში იჯდა…

მე პაპა სულ ერთი სახით მახსოვს, მაღალი, ხმელი, პირში პაპიროსით და გახუნებული, ლამის ჯვალოსფერი პერანგით ტანზე.. მახსოვს კიდევ ის, რომ სახლში სულ ჩხუბი იყო, ამ პერანგის გამო, ბებია ქოთქოთებდა. მეტეხიდან რომ დაბრუნდა, ის დღე იყო და ის დღე, პაპას თეთრი აღარ ჩაუცვამს, მთელი ცხოვრება, სულ ერთი ფერის, შავი და რეცხვისაგან გახუნებული პერანგი ეცვა. ასე გლოვობდა… ისე დააქორწინა შვილები, მერე შვილიშვილები და ისე გავჩნდი მე, ის ჯვალო არ გაუხდია.

მხოლოდ გაზაფხულის მიწურულს, მაისის ბოლოს, პაპა კარადიდან საგანგებოდ გაუთოვებულ თეთრ პერანგს იღებდა, იცვამდა და ქუჩაში გადიოდა. ასე დადიოდა თურმე მთელი დღე პლეხანოვიდან რუსთაველამდე და პირიქით. დადიოდა და ხალხს ესალმებოდა. მერე საღამოს სახლში ბრუნდებოდა, ბებია ამ პერანგს რეცხავდა და დიდის ამბით ისევ კარადაში მიაბრძანებდა , შემდეგ გაზაფხულამდე… მაშინ მე არ ვიცოდი ეს დღე რა დღე იყო….

რომ გარდაიცვალა 26 მაისის ხმამაღლა აღნიშვნას 10 წელი უკლდა. 1980 იდგა. ამ თავისი ჯვალოთი 50 წელი იარა, ხალხში ალბათ ცოტა ახირებული მოხუცის სახელი ქონდა, მაგრამ ეს დიდად არ ანაღვლებდა. ასე იბრძოდა მარტო!

შენ ახლა დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ! აწი გზაჯვარედინზეც ხშირად იდგები და ხშირად არ გეცოდინება, რომელი გზა ჯობია. იმ კაცის შვილებს, ახლა რომ გიყვებოდი პარტიაში არასდროს შესულან, დიდი და მაღალჭერიანი ბინები არ მიუღიათ ქალაქის ერთ ცნობილ უბანში, არც აგარაკი ქონდათ თბილისის თავზე და არც ფინურ ძეხვს ყიდულობდნენ "ბლატით" სპეც. მაღაზიაში.(თუმცა შენ ისიც არ იცი, რას ნიშნავს ძეხვის " ბლატით ყიდვა და რა მაგარია, რომ ეს არ იცი) ცხოვრობდნენ 120 მანეთად თვეში და სხვები ალბათ მეამიტ სულელებად თვლიდნენ. ცხოვრობდნენ და საკუთარ პრინციებს არ ღალატობდნენ. მეც ასე ვარ. ასე უფრო სწორია.

ეს მინდა იცოდე, ახლა, როცა იწყებ. შენ იმ კაცის შთამომავალი ხარ, მიუჰენში დარჩენა რომ შეეძლო და 50 წელი საბჭოთა საქათველოში შავი პერანგით იარა. სულ არ ადარდებდა, ზურგს უკან მისი ახირებების გამო სხვები რომ დასცინოდნენ, საკუთარი პრინციპების ერთგული იყო!(ახლა ალბათ ხვდები ჩემზე ნათქვამ და დაწერილ ძალიან ბევრ, შეიძლება შენთვის მტკივნეულ რამეს, რატომ არ ვაქცევ ყურადღებას)გჯეროდეს და იყავი მართალი და ყველაფერი გამოგივა. მე შენი მჯერა.

და ბოლოს, დათვმა თუ მორევა დაგიპირა, ბაბა არ დაუძახო!

შენი დედიკო მაია ასათიანი", - წერია წერილში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს