ვაგზლის ბაზრობის დახლიდან დაწყებული ცნობილი ბრენდის ისტორია

ვაგზლის ბაზრობის დახლიდან დაწყებული ცნობილი ბრენდის ისტორია

ამ ბრენდის პროდუქცია, შესაძლოა, თქვენს სახლშიც მოიძებნება, მაგრამ არ იცით, როგორ დაიწყო მისი ბიზნესისტორია და როგორ იქცა პატარა წამოწყება დიდ ბიზნესად. პალიტრა TV- ის გადაცემა "ბიზნეს PRESS"-მა ამჯერად "ახალი ნათების" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ზურაბ გაბინაშვილს უმასპინძლა.

როგორ იქცა მცირე წამოწყება დიდ ბიზნესად და რა იყო ბიზნესმენის მთავარი მოტივაცია ბიზნესში რთული პერიოდის დასაძლევად, ამას გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

- საინტერესო და ხნგრძლივი ბიზნესისტორია გაქვთ. როგორ დაიწყო თქვენი მცდელობა, მოგესინჯათ ძალები ბიზნესში?

- ეს ყვერლაფერი 20 წლის წინ დაიწყო. 1995 წლამდე ჩვეულებრივ მოსამსახურედ ვმუშაობდი. ეს იყო საბანკო სექტორი. გახლდით როგორც ინკასატორი, ასევე მძღოლი. მაშინ ძალიან დუხჭირი ცხოვრება იყო. სამწუხაროდ, ოჯახის უახლოესი წევრი ისე გარდაიცვალა, რომ ოჯახში წამლის ფულის პრობლემაც კი იყო. ერთი შვილი უკვე გვყავდა, მეორეს ველოდებოდით და იძულებული გავხდი, ჩემი გზა მომეძებნა ცხოვრებაში. საკმარისი არ იყო მოსამსახურის პროფესია, რომლის ანაზღაურებაც იმ დროისთვის 15-20 დოლარს შეადგენდა. 1995 წლიდან პირველად მოვსინჯეთ ეს საქმიანობა. ჯერ იყო ვაგზლის ბაზრობა - ღია დახლებზე ჩემი აწ განსვენებული და მეხმარებოდა. ჯერ საწყობებიდან ვიღებდით პროდუქციას, შემდეგ გადავწყვიტე, უცხოეთში გავსულიყავი და სიახლის ძიება დაგვეწყო.

- რა პროდუქცია გამოგქონდათ საწყობიდან?

- შერეული. სურსათი, სარეცხის საშუალება, კონსერვების ტიპის სურსათი და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი ნაბიჯები, როგორმე გვერჩია თავი. მანამდე ჩემი და ნამცხვრების ცხობით შოულობდა ყოველდღიურ შემოსავალს. მერე ორივე ღია დახლთან დავდექით. მოგვიანებით ვიფიქრეთ, თურქეთში მოგვეძებნა რაღაც, რაც სარფიანი იქნებოდა. გავყევი მეზობლების ჯგუფს და იქ დავიწყეთ სხვადასხვა საქონლის შეძენა. ეს იყო ერთჯერადი თეფშები, ცელოფნის პარკები. ასევე "ჯილეტის" ტიპის საპარსები, რომლებიც იმ პერიოდში ჩემს გარდა, არავის შემოჰქონდა. ამ პროდუქციას ერთ-ერთი საბითუმო საწყობიდან ვიღებდი.

- ფიქრობდით, რომ "ჯილეტის" პროდუქცია მოთხოვნადი იქნებოდა ადგილობრივ ბაზარზე?

- მაშინ ჩემი მოტივაცია იყო, მომესინჯა ყველა შესაძლებლობა, რაც იმ მომენტში მქონდა. პირველ შემთხვევაში საწყისი კაპიტალი 900 დოლარი იყო. შემდგომ უკვე პატარა სესხი ავიღეთ. ეს იყო კერძო სესხი, რომელიც მაშინ თვეში 20%-ის ოდენობით უნდა დაგებრუნებინა უკან. ეს იყო კატასტროფულად დიდი ტვირთი. ამიტომ სწრაფად მიწევდა იქ სიარული, დაახლოებით 10 დღეში ერთხელ რომ სწრაფი ბრუნვა ყოფილიყო. თვეში პროცენტის სახით, დაახლოებით, 300 დოლარს ვიხდიდით. ბრუნვა მთლიანად, 3 ათასი დოლარის ფარგლებში იყო.

- თუმცა, ახრეხებდით ამ თანხის გადახდას. თქვენს თავში ბიზნესის კეთების უნარი აღმოაჩინეთ?

- ნათქვამია, "გაჭირვება მიჩვნე, გაქცევას გიჩვენებო". ეს იყო გაჭირვებიდან გამომდინარე შინაგანი ძალა, რომელიც მაიძულებდა, ცხოვრების გასაუმჯობესებლად გზები მომეძებნა. შემდეგ უკვე ინდმეწარმეობის იდეა და კომპანიის დაარსების იდეა გაჩნდა.

- რამდენი იყო თქვენი პირველი შემოსავალი, რომელიც ამ პროდუქციის ყიდვა-გაყიდვით მიიღეთ?

- ალბათ, 200-300 დოლარი თვეში. საინტერესოა, როგორ გადავერთეთ ამ სეგმენტზე: შემთხვევით აღმოვაჩინეთ საბითუმო მაღაზია. ეს იყო დისტრიბუტორი შავი ზღვის რეგიონში, ქალაქ ტრაპზონში, რომელიც "ფილიპსის" ნათურებს ყიდდა. ერთ-ერთმა ქართველმა მითხრა ამ მაღაზიის შესახებ, თუ დაინტერესდებით, რომ საქართველოში წაიღოთო. დაახლოებით ერთი თუ ორი ყუთი ნათურა ჩამოვიტანე პირველად და ბაზარზე ამ ტიპის ნათურების გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. როდესაც "ფილიპსის", მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, დახვეწილი ხარისხისა და დიზაინის ნათურები გამოჩნდა, მოთხოვნა დღითიდღე ძლიერდებოდა. ყოველი ჩემი შემდეგი ვიზიტი უცხოეთში, ახალი მოთხოვნების საფუძველი იყო. თვითონ მომხმარებელი გვაძლევდა მიმართულებას - მოთხოვნა მომხმარებლისგან მოდიოდა.

- იმ უშიქობის პერიოდშიც კი გაჩნდა მოთხოვნა ნათურებზე?

- დიახ, ეს იყო 1995-1997 წლები. მომხმარებელი თავად გვასწავლიდა, რა სჭირდებოდა ბაზარს. ორ წელიწადში ყველა დანარჩენ წვრილმანს თავი დავანებეთ და განათებაზე გადავერთეთ. "ჯილეტის" საპარსების ბიზნესი დღესაც შემოსავლიან ბიზნესად ითვლება, რადგან ამის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს, როგორც სურსათის შემთხვევაში. სანათისა და ჭაღის გარეშე ადამიანი გაძლებს. ყოველდღიური მოხმარების საგნებიდან დიდი შემოსავალი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, საინტერესო და ამაში ორიგინალურები ვყოფილიყავით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია