"მშობლებს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე

"მშობლებს მოვუწოდებ, ნუ გახდებიან კრიმინალის თანამონაწილეები" - რას ამბობს განათლების მინისტრი დაზიანებულ წიგნებზე და ე.წ. სკოლის ფონდებზე

განათლების სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი კითხვა დაგროვდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს­ ვთხოვეთ:

- სამზადისი ყველა მიმართულებით გვქონდა. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პედაგოგებთან დაკავშირებული ახალი სისტემის შექმნა იყო, რომლის დანერგვა ახალ სასწავლო წელთან ერთად უნდა დაგვეწყო. სქემაში პედაგოგების ჩართვისა და სქემის ასამოქმედებლად შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა, პროგრამაში პედაგოგთა კორპუსის ასახვა, ახალი სახელფასო პოლიტიკის გასატარებლად დაფინანსების წესების შეცვლა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასკოლო ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ჩვენი ნომერი პირველი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ყველაზე მეტი რესურსი სჭირდება, ინფრასტრუქტურაა. ამაში მხოლოდ სკოლის შენობას არ ვგულისხმობ, არამედ შესაბამის ტექნიკურ, ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და სხვა დამხმარე რესურსებს. რეალური შედეგი მაშინ დადგება, როცა ეს გეგმა ბოლომდე შესრულდება. რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე, რომ არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და დაცულ იქნეს უსაფრთხოების ნორმები. მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის. მოსწავლეების ზღვრული რაოდენობა 15-დან 10-მდე დავწიეთ. პირველად გამოიყო დაფინანსება შინ სწავლების ხარისხიანად განსახორციელებლად. მნიშვნელოვანი სიახლეები და წარმატება გვაქვს პროფესიული სწავლების კუთხითაც. ყველა არსებული სტანდარტი განახლდა. ახალი სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა მოდულები. წელს დაიწყება 45 მოდულარული პროგრამის დანერგვა, რომელიც 600-ზე მეტი მოდულისაგან შედგება. ამისათვის გადაიარაღდა პროფესიული სასწავლებლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტანდარტებისა და მოდულარული პროგრამების შექმნაში დამსაქმებელი და კერძო სექტორიც მონაწილეობდნენ.

- წელს პირველად სასკოლო მზაობის პროგრამა უნდა ამოქმედდეს. რა ეტაპზეა პროექტი?

- პროექტი იმ ნაწილში, რომელიც განათლების სამინისტროს უნდა შეესრულებინა, მზად არის. მერიაში რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო. ვვარაუდობ, რომ მომავალ კვირას რეგისტრაცია გამოცხადდება. საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. ზოგად განათლებაში სასკოლო მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს სკოლაში პირველად მივიღეთ 6-წლიანები, აბსოლუტურად შეცვლილი სურათია. ბავშვები პირველი დღიდან სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთვნენ. წარმოიდგინეთ, მომავალ წელს 6 წლის ბავშვი, რომელმაც სასკოლო მზაობის პროგრამა გაიარა, სკოლაში როგორი მომზადებული მივა.

- თქვენმა განცხადებამ პირველკლასელების მობილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

- თუ პირველკლასელის მობილობა ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან განხორციელდება, სადაც სწავლა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თარიღით, მაშინ მობილობა სამინისტროს ჩარევით, საკითხის ინდივიდუალური შესწავლით განხორციელდება. თუ სწავლის დაწყების თარიღები მნიშვნელოვნად განსხვავდება, აუცილებელია შეფასდეს დაძლეული პროგრამის შესაბამისობა. შესაძლოა, საჭირო იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეთავაზებაც. ამის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც. შესაძლოა, მშობელმა ბავშვი კერძო სკოლაში იმიტომ მიიყვანა, რომ 14 სექტემბრამდე 6 წელი არ უსრულდებოდა, ხოლო როცა 6 წლის გახდა, საჯარო სკოლაში გადაყვანა მოინდომა. ეს ხომ ხელოვნურად კეთდება? ასეთი ხელოვნური ნაკადის გადმოდინება სასურველი არ არის. კერძო სექტორის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. მათაც დაგეგმილი აქვთ რესურსი, მასწავლებელი, ხელფასი და ა.შ. მობილობის საჭიროება თუ არსებობს, ამის შეზღუდვაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ მობილობის წესში არსებული ჩანაწერიც იმას გულისხმობს, რომ ეს პროცესები სამინისტროს ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.

- სასწავლო წლის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო 496 968 მოსწავლეზე მხოლოდ 41 844 ახალ სახელმძღვანელოს ბეჭდავდა. პროგნოზი, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მეორადი, გაცვეთილი და უმეტესად დაზიანებული სახელმძღვანელოებით მოუწევდა სწავლა, სამწუხაროდ, გამართლდა. ბევრმა მოსწავლემ სწორედ ასეთი სახელმძღვანელოები მიიღო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგიერთ წიგნში დავალებები უკვე ამოხსნილია.

- სახელმწიფოს პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს აქვს სახელმძღვანელო. ის, რომ წიგნების ნაწილი ახალია, ხოლო ნაწილი მაღალი ქულებით შეფასებული, არ დაგვიმალავს და არც დავმალავთ. ასე იყო 2013-2014 წლებშიც, ამიტომ წელს სიურპრიზი რატომ აღმოჩნდა, გაუგებარია. ახალი წიგნის პრინციპით თუ მივუდგებით, მაშინ ბიბლიოთეკებიც არ უნდა მუშაობდნენ, რადგან უკვე გამოყენებული წიგნები აქვთ. რაც შეეხება დაზიანებულ და სწავლისათვის გამოუსადეგარ წიგნს, თუკი ასეთი სკოლაში აღმოჩნდება, ეს უკვე გადაცდომაა, რომლის იდენტიფიკაცია მონიტორინგის დროს უნდა მოხდეს. ჩემთვის წიგნის თემა პრობლემას არ წარმოადგენს. დღემდე ვერ გავარკვიე თქვენი გამოცემის პოზიცია. შეკითხვას მუდმივად იმ კუთხით სვამდით, სამინისტრო რატომ ბეჭდავს ცოტა წიგნებს და არა იმაზე, ექნებათ თუ არა ბავშვებს წიგნები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია