საერთაშორიოს ბაზრებზე შაქარი 15%-ით გაძვირდა. დოლარის გაუფასურების პორცესის დაწყების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ფასმა სხვა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზეც (ზეთი, ხორბალი) მოიმატოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო პერიოდში ცოტათი მაღლა მიცოცავს კიდეც. მსოფლიო ბირჟებზე ასეთი ტენდენციის შემთხვევაში, საქართველოში ინფლაციის მორიგი ტალღა დაიწყება. ლარის 35%-იანი დევალვაცია სწორედ მაშინ იჩენს თავს ყველაზე მძიმე შედეგებით.
სპეციალისტების განცხადებით, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზღვარი უკვე იმდენად შემცირდა, რომ იმპორტირებული პოდუქტის გაძვირება უფრო მეტად ბიზნესს შეუქმნის პრობლემას. დღესდღეობით ოფიციალური ინფლაცია 5,2%-ის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დონის ამ ნიშნულზე შენარჩუნება მსოფლიოში პროდუქტის გაიაფების ხარჯზე მოხდა, რაც, თავის მხრივ, დოლარის გამყარებამ განაპირობა. ბოლო პერიოდში დოლარი თანდათან სუსტდება და თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, სპეციალისტები ინფლაციის ზრდას არ გამორიცხავენ. ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა თეთრი შაქარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 15%-ით - 390 დოლარამდე გაძვირდა, სხვა ძირითადი პროდუქტების ფასები, ჯერჯერობით ძველ ნიშნულს ინარჩუნებენ. რაც შეეხება ნავთობს, 1 ბარელი ბოლო დღეებში 51 დოლარს გადაცდა, თუმცა შემდეგ ცოტათი გაიაფდა. თანდათან დევალვაციაზე მეტად საქართველოში აქტუალური გახდება ინფლაცია. დღის წესრიგში დადგება მეორე უმთავრესი საკითხი- როგორ შეძლებს ქვეყანა გაზრდილ ფასებთან გამკლავებას. ელექტროენერგიის გაძვირების გამო, 1 წელზე გადაანგარიშებით, მთელ მოსახლეობას 300 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწევს, პურის გაძვირების გამო - 100 მილიონი ლარით მეტის. ამ დროს ფულადი გზავნილები, რომელზედაც ძალიან ბევრი ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული დაახლოებით 400 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
ეკონომისტები წლის ბოლოს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლამდე მისვლას არ გამორიცხავენ. ასეთი პროგნოზი კატეგორიულად გამორიცხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. "ორნიშნა ინფლაცია არ იქნება არავითარ შემთხვევაში,-განაცხადა ქადაგიძემ და არგუმენტად მსოფლიო ფასების ტენდენცია მოიყვანა, - სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება, მაგრამ საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. ინფლაციის კონტროლი მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას".
იხილეთ გაგრძელება