ick: პანკისიდან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან

ick: პანკისიდან სირიაში წასული ბავშვები თანატოლებს "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან

პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდები თანატოლებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" ეპატიჟებიან. კომუნიკაციას ძირითადად "WhatsApp"-ით და სოციალური ქსელებით ამყარებენ. პანკისელი არასრულწლოვნების გადაბირების მიზნით სირიაში მყოფი პირები აქცენტს საღვთო ომში მონაწილეობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ერთ-ერთი მიმოწერიდან, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, ცნობილი ხდება, რომ პანკისის ხეობაში მინიმუმ ორი პირია, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების თურქეთში გაგზავნას, იქიდან კი სირიაში გადაყვანას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით.

პანკისის ხეობის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, უკვე ერთ თვეზე მეტია სირიაში წასვლას სთავაზობენ.

"მწერს, რომ ეს საღვთო ომია და აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ცდილობს დამარწმუნოს, რომ ჩვენი სიცოცხლე გაწერილია და რაც გვიწერია, იმას ვერ ავცდებით. ღვთის წინაშე კი მართლები უნდა წარვდგეთ. ასევე, მწერს, რომ სირიაში უკეთესი პირობებია ვიდრე პანკისში, იქ ახალგაზრდები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ბრძოლას სწავლობენ, წინსვლის შანსი აქვთ. ოჯახებიც ჰყავთ", - ამბობს რესპოდენტი. (არასრულწლოვანთან ჟურნალისტის საუბარი მისი მშობლების თანხმობით და კონფიდენციალობის პირობის დაცვით შედგა. სოფელს და სკოლას, რესპოდენტის შესაძლო იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით, კახეთის საინფორმაციო ცენტრი არ ასახელებს).

- ეს პირი ვინც გწერს, დიდი ხანია პანკისიდან სირიაში წავიდა?

- რამდენიმე თვე იქნება. მას კარგად ვიცნობ. ვიდრე აქ იყო, ურთიერთობა გვქონდა.

- როგორ მოხვდა სირიაში?

- ზუსტად ასე, ისიც დაარწმუნეს, რომ წასულიყო.

- შენი კლასელების, მეგობრების გადაბირებასაც ცდილობენ?

- კი. აქაც ეწევიან აგიტაციას.

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ბოლო შემთხვევა, რომელზეც ინფორმაცია გახმაურდა, 2015 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დაწერა, რომ 21 წლის ახალგაზრდები საქართველოდან "სამუშაოდ" თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა შემადგენლობაში იმყოფებიან.

ორი მათგანის ვინაობა ცნობილია, ისინი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ერთი ისტორიულზე სწავლობდა, მეორე ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობაზე.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 სექტემბერს განახლდა. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. არცერთი მათგანი უნივერსიტეტში არ გამოცხადებულა.

"რაც ეს სემესტრი დაიწყო, ანუ ახალი სასწავლო წლიდან ის უნივერსიტეტში აღარ მინახავს, არ მოსულა. როგორც ჩემთვის ცნობილია, თურქეთშია სამუშაოდ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი ბოჭორიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა