სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - "ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა"

სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - "ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა"

"გუშინდელი დღე მრავალმხრივი დაპირისპირებითა და ბრალდებით გამოირჩეოდა: პრემიერი "ნაციონალურ მოძრაობას" სკანდალური კადრების გავრცელებაში ადანაშაულებდა, პრეზიდენტი პრემიერს - დაუმორჩილებისკენ ხალხის წაქეზებაში, მინისტრები და პარლამენტარები პრეზიდენტს - სასამართლოზე ზეწოლაში, ოპოზიცია "ქართულ ოცნებასაც" და "ნაცმოძრაობასაც" - ქვეყანაში სიტუაციის შეგნებულად არევაში და ა.შ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია - ასე ხედავენ და აფასებენ პოლიტოლოგები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და დასძენენ, რომ აქამდე უკვე თითქმის მივედით. ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტოლოგები გამოთქვამენ შიშს, რომ თუკი სიტუაცია არ დალაგდა, ევროპა ცოტა ხანში ჩვენთან საუბარსაც კი შეწყვეტს. მათ შიშს ხელისუფლებაში არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ რევოლუციის მოსაწყობად ქვეყანაში არც რესურსი არსებობს და არც შესაბამისი საპროტესტო მუხტი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე / ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა".

"პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი პრესკონფერენცია გახდა, სადაც მან "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და პრემიერის განცხადებები გააკრიტიკა. მარგველაშვილის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი2"-ის საქმეზე, სკანდალური კადრების გავრცელება და "ნაცმოძრაობის" ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა ეჭვი, რომ კადრების გავრცელებაში თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ხელი ურევია. მისივე თქმით, ამ პარტიას პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს და მათი სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს. აქვე ღარიბაშვილმა ისიც დასძინა, რომ "ესმის საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც თითქმის ყოველდღიურად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე აგრესიას ახორციელებს", მაგრამ მათი "ბუნებრივი რეაქციის" მიუხედავად, წესრიგის დაცვა აუცილებელია. მთავრობის სხდომიდან ცოტა ხანში კი პრესკონფერენცია პრეზიდენტმა გამართა და ღარიბაშვილი ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობის შეტანაში დაადანაშაულა", აღნიშნავს გამოცემა.

"ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში - საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაონ მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკონ ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. "მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. არსებული ვითრებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რათა შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იგი კონსულტაციებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებსა და ჟურნალისტებთან მართავდა. ამ განცხადებების გამო მარგველაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია", - განაგრძობს გამოცემა.

"სასჯელაღსრულების მინისტრის შეფასებით, მისი ნათქვამი სიტუაციის ესკალაციას ემსახურებოდა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა, იუსტიციის მინისტრმა - "ემოციური და დაუფიქრებელი", ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ნათქვამი მოსამართლეზე "პირდაპირ ზეწოლად" აღიქვა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი პოლიტიკოსებს ძალადობისაკენ არაპირდაპირი მოწოდებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტი არაა ერთადერთი, ვინც სტაბილური გარემოს შენარჩუნების საჭიროებასა და მისი დარღვევის საშიშროებაზე საუბრობს. ბოლო დღეების განმავლობაში, "რუსთავი 2"-ის გარშემო შექმნილი ვითარების გამო არაერთო მოქალაქე, მათ შორის საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ თუკი საჭირო გახდება, "რუსთავი 2"-ს ფიზიკურადაც დაიცავენ. შესაბამისად, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში გააჩინა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში სამოქალაქო დაპირისპიების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამ ეჭვს ამძაფრებს იმ მოვლენებიც, რაც თბილისსა თუ რეგიონებში კადრების გავრცელების გამო ხდება - თავდასხმები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე, ხმაურიანი აქციები და შეხლა-შემოხლა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დარბევა და ა.შ." - დასძენს გამოცემა.

"ხელისუფლებაში სამოქალაქო დაპირისპირებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამას არც დაუშვებენ და არც ნიადაგია საამისოდ მომწიფებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თუკი ვინმეს რევოლუციის მოწყობის სურვილი აქვს, ისიც უნდა იცოდეს, რომ ამას სხვა რესურსი და საზოგადოებაში სხვა განწყობები სჭირდება, რაც მისი აზრით, დღეს არ არის. "საქართველოში რევოლუციის რესურსი არაა და ეს არც სასურველია. ვის რა ელანდება და ვინ რითი აპირებს ხელისფლების დამხობას, არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს განცხადებები ემოციურია და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენაზეა გათვლილი. არ არის საფრთხე იმისა, რომ ხალხი კანონს აღარ დაიცავს, კონსტიტუციური წესრიგის დამყარება აუცილებელი იქნება, მარგველაშვილი საგანგებო მდგომარობას გამოაცხადებს და ნამდვილი პრეზიდენტი გახდება. ხელოვნურად კი ამას ვერავინ მიაღწევს - ვერც "ნაცმოძრაობა" და ვერც აღელვებული მოქალაქეები", - აცხადებს პარლამენტარი და პრეზიდენტის განცხადებებსაც აფასებს", - წერს სტატიის ავტორი.

"ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი ზომიერების ფარგლებს სცდება, როცა იგი მოსამართლებს მოუწოდებს თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს, ბერძენიშვილის აზრით, სასამართლოზე ზეწოლის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება იყოს აღქმული. ამის უფლება კი, მისი თქმით, არავის აქვს, მათ შორის არც პრეზიდენტს - "მეჩვენება, რომ ამ სიტუაციაში იგი ადეკვატურად არაა გარკვეული. არავითარი კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისა და პრეზიდენტის მხრიდან რამე საგანგებო ნაბიჯების გადადგმის საჭიროება არ დგას. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რაც საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება. ხალხი ქონების გამო დავობს და პრეზიდენტმა ხაზგასმით დაიკავა ერთ-ერთი მხარის პოზიცია, რაც მის მოვალეობასა და ავტორიტეტს ნამდვილად არ შეესაბამება",- ამბობს ბერძენიშვილი, რომლის აზრით, "მომავალში მარგველაშვილი ამ განცხადებით არ იამაყებს, ეს ნაჩქარევი, გაუაზრებელი და გაუწონასწორებელი განცხადება იყო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"სიტუაციას გაცილებით მუქ ფერებში ხედავენ ოპოზიციის წარმომადგენლები. "თავისუფალი დემოკრატების" აზრით, "ქართული ოცნებაცა" და "ნაციონალური მოძრაობაც" ქვეყანაში ვითარების უკიდურესად დაძაბვას ცდილობენ. პარტიის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სწორედ ამაზე ისაუბრეს პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრაზე. მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიტუაციის არევა ორივე პარტიას აწყობს. მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნებამდე ნორმალურად მივიდეთ და ერთ პოლიტიკურ ძალასაც და მეორესაც "საკუთარი განაჩენი გამოვუტანოთ". ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ფონი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს ახლავს, უმძიმესია და "საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, რომ არა დაპირისპირების, ქუჩაში გამოსვლის ფონზე მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ ადეკვატური, ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგად და რა თქმა უნდა, ყველაფერი სამართლის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს. სამოქალაქო დაპირისპირების დრამატულ სცენარს არ ელის პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ხუხაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრმა ირიბად წაახალისა ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ოფისებს თავს ესხმიან. ამბობს, რომ პრემიერსაც აქვს ემოციების უფლება, მაგრამ ასე აშკარად არ უნდა გამოაჩინოს, რადგან ეს აშკარა წახალისება იყო. ამას, ხუხაშვილის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირება მართლაც შეიძლება მოჰყვეს. შეიძლება ამ ადამიანებმა პრემიერის ნათქვამი მოწონებად აღიქვან და უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება დიდ უბედურებაში გადაიზარდოს და ფატალური შედეგებიც კი მოჰყვეს. მისივე თქმით, დაპირისპირება რომ მოხდება, ეს უკვე ფაქტია. შეიძლება ეს დიდი მასშტაბის არ იყოს, მაგრამ ექსპერტის აზრით, მთავარი ისაა, რომ ასეთი ტიპის ესკალაციის საფუძველი იქმნება და იმის ნაცვლად, რომ ტემპერატურა დაბლა დაიწიოს, კიდევ უფრო მაღლა ადის", დასძენს სტატიის ავტორი.

"ვფიქრობ მხოლოდ ამას გაუსვა პრეზიდენტმა ხაზი და თქვა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა უფრო ფრთხილი განცხადებები უნდა აკეთონ. კანონის დაცვა მათ კატეგორიულად უნდა მოითხოვონ და ასეთი ფორმებით "სამართლიანობის აღდგენა" უნდა დაგმონ. ეს ხომ ფაქტობრივად ლინჩის წესის წინაპირობაა. პრემიერი ამაზე პასუხისმგებლობას იღებს? სამართლებრივ ქვეყანაში ეს არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამას გაუსვა პრეზიდენტმა ხაზი და არ მესმის რაზე აღშფოთდა ზოგიერთი მინისტრი. დღევანდელი სიტუაცია უკვე მაღალი რისკის შემცველია. დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ძალიან ახლოსაა იმ წითელ ხაზთან, რომლის იქითაც ჩვენ ევროპაში შეიძლება აღარც დაგველაპარაკონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?