ადვოკატი: ურთმელიძის გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს

ადვოკატი: ურთმელიძის გადაწყვეტილებას "რუსთავი 2" ვერ გაასაჩივრებს

"რუსთავი 2-ის" ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თამაზ ურთმელიძის განჩინების გასაჩივრება ისევ მხოლოდ ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას შეუძლიათ . როგორც საძაგლიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, "რუსთავი 2"-ის ყველა მინდობილ პირს, მათ შორის ადვოკატებს, ამ განჩინებით შეუწყდათ უფლებამოსილება.

"ამ განჩინებაში წერია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება და "რუსთავი 2"-ს აქვს გასაჩივრების უფლება, თუმცა ძალიან საინტერესო მომენტია, რომ აბსოლუტურად ყველა პირს, ვისაც აქვს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის მინდობილ პირებს, მაგალითად კომპანიის იურისტებს, შეგვიწყდა რეალურად უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი პირი, ვისაც ამ განჩინების თეორიულად გასაჩივრება შეეძლება, იქნება დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი. ცხადია არ იქნება სიურპრიზი, რომ მას არანაირი სურვილი არ ექნება ამ განჩინების გასაჩივრების. რეალურად, ურთმელიძემ ყველა სამართლებრივი ზომა გადაგვიჭრა, რითაც შეიძლება "რუსთავი 2"-ს ედავა საკუთარი უფლებების დასაცავად", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისევ და ისევ მოსამართლე ურთმელიძესთან.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს ისევ მოსამართლედ წოდებულ თამაზ ურთმელიძესთან. რაც შეეხება შესაძლებლობებს, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ყველა პირს, ვისაც შეეძლო რაიმე მოქმედების განხორციელება "რუსთავი 2"-ის სახელით, აქვს შეწყვეტილი უფლებამოსილება. ანუ გამოდის, რომ პაატა სალიას და ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრება ისევ და ისევ ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას შეუძლიათ", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დროებითი მმართველების გამოჩენა "რუსთავი 2"-ში ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. "ჩვენ უნდა ველოდოთ რევაზ საყევარიშვილის გამოჩენას. არ ვიცი რა ფორმით, როდის აპირებენ მოსვლას, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა ეს განჩინება, რაც იმას ნიშნავს, რომ რევაზ საყევარიშვილი უკვე რეგისტრირებულია. ეს ჩემი ინფორმაციაა და არ არის გადამოწმებული ინფორმაცია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების სამართლიანობას, როგორც საძაგლიშვილი აცხადებებს, "საერთოდ ზედმეტია სამართლებრივ დასაბუთებაზე საუბარი, რადგან გადაწყვეტილება სამართლებრივი სივრციდან არის გასული. "მოსამართლე ურთმელიძემ ფეხქვეშ გათელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვერანაირ სამართლებრივ დასაბუთებას ვერც ურთმელიძე და ვერც ნებისმიერი სხვა იურისტი ამ საკითხთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ მოიყვანს, რადგან ურთმელიძე როგორც ჩანს ახლა ქმნის ახალ სამართალს. ის არ ემორჩილება პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებს, არ ემორჩილება საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ის ხელდახელ, თანამდებობის პირების მითითების შესაბამისად ქმნის სამართალს", - განაცხადა ადვოკატმა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ