"სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

"სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი ვარდოსანიძის პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ცხოვრება ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან გადაიკვეთა. წყვილის ქორწინება-განქორწინებას პრესასა და ტელევიზიაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ვარდოსანიძე პირად ცხოვრებაზე ამჯერად "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

***

"სარკე": მართალია, რომ დეპრესიის პერიოდი გამოიარეთ?

გიორგი ვარდოსანიძე: ამ სიტყვის არასოდეს მჯეროდა. მეგონა, თითიდან გამოწოვილი ამბავი იყო და ასეთ დროს საკუთარ თავს ძალით უქმნიდნენ სადარდებელს, მაგრამ ასე არ ყოფილა. მე მართლაც გამოვიარე მძიმე მომენტები, რამაც გამზარდა და რაღაცეები გადამაფასებინა. ამ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება - მინდა, ეს სიტყვები ამოვისვირინგო. ეს რომ, გავიაზრე, დავლაგდი და ყოველი დღის გათენება მიხარია.

მქონია ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაფერს მოვწყდი, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი და ჩემი მეორე "მე" ჩემს თავში იქექებოდა. ეს უკვე გამოვიარე და მეტი აღარ მინდა. ახლა ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. მხოლოდ ლოგინში თუ არ მოვეფერებით ერთმანეთს და ადამიანური მოფერების უნარსაც აღვიდგენთ, ძალიან კარგი იქნება.

"სარკე": მძიმე პერიოდი ცოლთან, სალომე ჭაჭუასთან განშორებამ მოიტანა?

გიორგი ვარდოსანიძე: ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ, რთულად გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დრო ჩემთვის მკურნალი აღმოჩნდა. ბევრი რამ დამაფასებინა, ბოდიშის მოხდა და ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანა არაა სირცხვილი.

სალომეს ძალიან ვაფასებ, ვთვლი, რომ ბევრს მიაღწევს. როგორც ვიცი, თავისი გეგმების განხორციელებაშია. ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასოდეს ვიქნებით. ყოველდღე - არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს, ხომ ვართ კარგად და რამე ხომ არ გვჭირდება. სალომე ამ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ცეკვაზე გიჟდება და ვიცი, რომ რაღაც წარმატებებს აღწევს. ერთი არ მიაღწიოს და შუაზე გადავწიწკნი!

ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სულ ამბობდა, მინდა მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილს შორის შევიდეო და, სალომე, თუ ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ, გეუბნები, 50 წყვილს შორის კი არა, პირველი უნდა იყო, ამის პოტენციალი გაქვს! თუ ასე არ იქნება, პირადად მე გაგჩეჩავ. ნიჭიერი, კარგი მოცეკვავე გოგოა, მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ. ეს ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იქნება, რომელსაც ვერ ამოვშლი გულიდან, ეს ნაწილი ძალიან ძვირფასი და მეგობრულია ჩემთვის. არ ვიცი, მას რა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მე წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში.

"სარკე": მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელთანაც არაერთხელ გისაუბრიათ თქვენს დიდ სიყვარულზე, ქორწინებაზე, თანაცხოვრებაზე, მომავალზე. გული დამწყდა, რომ ასეთი ოჯახი დაიშალა.

გიორგი ვარდოსანიძე: მხოლოდ თქვენ - არა, ბევრს ეწყინა. სამწუხაროდ, ცხოვრებაში თურმე ისეთი რაღაცეები ხდება, რასაც არ ელოდები და ვერ წარმოგიდგენია. ვისაც ჩვენი დაშორება გაგიხარდათ, შეგარგოთ, ვისაც გული დაგწყდათ, ნამდვილად არ გვინდოდა და ვერც ჩვენ ვიფიქრებდით, თუ ასე მოხდებოდა.

არცერთი ვიმსახურებთ განკითხვას. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი იყო. ჩვენ არ ვართ პირველი წყვილი, ვინც დაშორდა. არ გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა, ცხოვრება გრძელდება.

"სარკე": იქნებ ურთიერთობის გადასარჩენად უნდა იბრძოლო?

გიორგი ვარდოსანიძე: ერთადერთი, იმას მივხვდი, რომ ვისთანაც კარგად ვიყავი, იმაზე ცუდი არ უნდა ვთქვა. ოდესღაც მასთან კარგად ვიყავი, ამიტომაც სალომეზე, კარგის გარდა, ვერაფერს ვიტყვი, სულ რომ მაწამოთ. ვიმეორებ, ტყუილად არაფერი ხდება, ალბათ ასე იყო საჭირო.

"სარკე": ადრე რას ეძებდით ქალში და ახლა რა არის თქვენთვის მთავარი?

გიორგი ვარდოსანიძე: ყოველთვის ერთი და იგივე მჭიდებოდა და დღემდე ასეა. ესაა იუმორის გრძნობა, აუცილებელია კარგი ვიზუალი. ჯერ თვალი ჭამს და მერე მიდიხარ სუფრასთან, ამიტომ ვერ დავიწყებ ქალის სულიერებაზე ლაპარაკს. ბევრი სხვა კარგი თვისებაც უნდა ჰქონდეს, ყველაფერს იმას უნდა აფასებდეს, რასაც მე ვაფასებ. თუ ეს ყველაფერი ასე იქნება, კარგი იქნება, თუ არა და, ნახვამდის, არა უშავს.

"სარკე": სალომესთან ურთიერთობამ რა გამოცდილება დაგიტოვათ, რა გასწავლათ?

გიორგი ვარდოსანიძე: ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. უფრო ფრთხილი გავხდი და ძნელად დავიწყებ ურთიერთობას. მაქვს იმის გამოცდილება, რომ განვსაზღვრო, რა როგორ შეიძლება დამთავრდეს.

რაც ასაკი მატულობს, უფრო რთული ხდება მეორე ნახევრის პოვნა. ეს ტრაგედია არ არის, მარტოობასაც მშვენიერი პლუსები აქვს. ოდესღაც ვიპოვი ჩემს მეორე ნახევარს, იქამდე კი კარგად გადავხარშავ, ბევრს ვიფიქრებ. დანარჩენი არაფერი შეცვლილა. ის ყველაფერი საჭირო იყო რაც აქამდე გამოვიარე. სიხარული, ტკივილი, ბედნიერი თუ უბედური წუთები საჭირო იყო.

"სარკე": ახლა შეყვარებული არ ხართ და თქვენ გვერდით არავინაა?

გიორგი ვარდოსანიძე: ჩემი გული თავისუფალია, შეყვარებული არ ვარ. არავინ მყავს და არც ვჩქარობ.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია