"მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება" - სალომე ჭაჭუა პირადსა და კარიერაზე

"მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება" - სალომე ჭაჭუა პირადსა და კარიერაზე

სამეჯლისო-სპორტული მოცეკვავის, სალომე ჭაჭუას ცხორებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები მოხდა, იყო რყევები პირადულში, ქმართან, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან გაშორება და რისკიანი ნაბიჯები კარიერაში, სალომე, მოცეკვავეების ტერმინოლოგიით, პარკეტზე ახალ მეწყვილესთან ერთად დადგა. ეს ყველაფერი იოლად არ მომხდარა, თუმცა დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცუდი უკან მოიტოვა და კარგი სიახლეების მოლოდინშია. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მან ჟურნალ "სარკეს" მისცა.

- სალომე, რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში?

- ბევრი სასიამოვნო სიახლე მაქვს. სტუდია გავაფართოვე და სხვაგან გადავედი, სადაც შემიძლია შიდა ტურნირებიც ჩავატარო. ჩემი მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან. ბოლო ტურნირი კიევში გვქონდა და თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი აიღეს.

მეც კარგი შედეგები მაქვს. მე და ჩემი მეწვილე მსოფლიო ასეულში ჯერჯერობით 97-ე ადგილზე ვართ. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ბევრს ვუშაობ იმისთვის, რომ საუკეთესო 50 მოცეკვავე წყვილს შორის მოვხვდეთ. თვეში ორჯერ მაინც საზღვარგარეთ ტურნირზე ვარ და ჩემი მიზნისთვის ქულებს ვაგროვებ.

- მეწყვილეს, მაქსიმ რიჟიკოვს, ბოლომდე კარგად შეეწყვეთ?

- ახლახან ერთი წელი შეგვისრულდა, რაც წყვილში ვცეკვავთ. ერთმანეთს იმდენად კარგად შევეწყვეთ, სხვასთან ერთად ცეკვის გაგრძელებაზე არც ვფიქრობთ. მაქსი ძალიან კარგად აღზრდილი და კომფორტული ადამიანია. ჩემს სტუდიაში ქორეოგრაფადაც მუშაობს. შეიძლება ჩვენი აზრები რაღაც მოძარობაზე ერთმანეთს არ დაემთხვევს, მაგრამ კამათი თითქმის არასდროს მოგვდის. ყოველთვის შეთანხმებამდე მივდივართ.

მწვრთნელები გვამეცადინებენ და ამ შემთხვევაში მათზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ერთად დიდ დროს ვატარებთ და, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში ცოტა რთული ხასიათი მაქვს, ერთმანეთს მაინც კარგად ვუგებთ.

- თქვენი ხასიათის სირთულედ რას მიიჩნევთ?

- ბევრი შრომა მიყვარს და მინდა, რომ ჩემნაირად ივარჯიშოს. ამაში კარგად მომყვება და უთანხმოებაც არ მოგვდის.

- თქვენზე უკვე ბევრს ჭორაობენ. ამბობენ, რომ ერთმანეთი გიყვართ.

- ჩემ გვერდით მაქსიმ რიჟიკოვი იდგება თუ სხვა ვიღაც, ყოველთვის იჭორავებენ და იტყვიან, რომ რაღაც ხდება. ჩემსა და მაქსს შორის არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ კარგი მეგობრები ვართ და საქმიანი ურთიერთობა გვაკაშვირებს. ასეთ ჭორებზე ადრე ძალიან ვბრაზდებოდი, ახლა კი ყურადღებას აღარ ვაქცევ.

- ეს ჭორები ალბათ იმიტომ ვრცელდება, რომ სწორედაც ხშირია მაგალითები, როცა მეწყვილეებს ერთმანეთი უყვარდებათ. ამ ურთიერთობის პლუსად და მინუსად რა მიგაჩნიათ?

- პლუსი ისაა, რომ ერთმანეთი უყვარდებათ. მინუსია, როცა მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება, ამიტომ უმჯობესია, ერთმანეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდეთ. ამ დროს არც ეჭვიანობ და არც ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობ, მხოლოდ საქმესა და წარმატებაზე ფიქრობ.

- პირად ცხოვრებაში ცვლილებები როგორ მოქმედებს თქვენს საქმიანობაზე?

- ჩემს საქმეში პირადი არასდროს ფიგურირებს, მით უმეტეს, ახლა გვერდით არავინ მყავს. ჩემსა და გიორგი ვარდოსანიძეს შორის რაც მოხდა ამ საკითხზე ღიად არ ვსაუბრობ და არც ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ცვლილებას ჩემს კარიერაზე ცუდად არ უმოქმედია. სულელი უნდა იყო, რომ არ განიცადო, როცა ურთიერთობა ინგრევა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო და ბევრი არ უნდა ილაპარაკო. როცა ბევრს არ ტლიკინებ, ამ დროს უფრო ძლიერი ხარ.

- როგორც ჩანს, თქვენ ძლიერი ხართ, მაგრამ ალბათ გარედანაც გჭირდებათ თანადგომა ცხოვრების რთული პერიოდების გადალახვაში.

- ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება. დედის, ძმის და დის აზრსა და თანადგომას ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ძლიერია. უკან დახევა არ მჩვევია, რქებით ბოლომდე ვაწვები, სანამ ჩემსას არ გავიტან და ეს თვისება ბევრ რამეში მეხმარება.

სიტყვა "დეპრესიას" ხშირად ხმარობენ, არადა ბევრმა მისი მნიშვნელობა არ იცის. მე კი კარგად ვიცი, ეს რაც არის. მამა ცუდად რომ მყავდა, მაშინ გამოვცადე. პირადი ცხოვრების გამო კი დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ.

- "სარკის" წინა ნომერში თქვენმა ყოფილმა ქმარმა, მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ, კარიერაში წარმატება გისურვათ. მოგიწოდათ, რომ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიოთ. წაიკითხეთ როგორ მოგმართათ?

- ეს ინტერვიუ წავიკითხე და მეც ვუპასუხებ. გიორგი ჩემი დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის წარმატებისკენ მიბიძგებს. "სარკის" ფურცლებიდან მადლობას გადავუხდი და მეც იმავეს ვუსურვებ, რადგან, როგორც მე ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე, ისიც ასევე გიჟდება მსხაიობობაზე. ერთმანეთისთვის პროფესიულ წინსვლაში ხელი არასდროს შეგვიშლია, პირიქით. ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე და გიორგი ჩემი კარიერის გამო დავშორდით ერთმანეთს, ვეტყვი, რომ ეს არაფერ შუაშია.

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

- როცა შევხვდებით, ერთმანეთს ყოველთვის მოვიკითხავთ ხოლმე. არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი დავივიწყოთ და არც კი მივესალმოთ. რა სისულელეა! ჩვენს ურთიერთობას მეგობრობას ვერ დავარქმევ, რადგან რთულია დიდი სიყვარულიდან ეგრევე მეგობრობაზე გადასვლა, მაგრამ კარგი ურთიერთობა ნამდვილად გვაქვს.

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

იხილეთ ასევე: "სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება