ვინ გაზომავს 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს?! - რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე

ვინ გაზომავს 2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს?! - რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე

საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ახალი ეტაპისთვის ემზადება. ბაზარზე რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანიის შემოსვლა ახალი, ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დამატებითი სერვისის შეთავაზებას აანონსებს. რამდენიმე დღეში, კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსი" თავის კლიენტებს 20-მდე ქართული სატელევიზიო არხის რეიტინგს წარუდგენს. 2016 წლის დასაწყისიდან კი სატელივიზიო აუდიტორიის მზომავი კომპანია დამატებით კიდევ 24-მდე არხის რეიტინგს გაზომავს, შესაბამისად, შემდეგ წელს მედია ინდუსტრიას 40-მდე ქართული არხის რეიტინგები ექნება.

ტელევიზიების წარმომადგენლების ნაწილი, ბაზარზე რეიტინგების მზომავი მეორე, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანიის გამოჩენას დადებითად აფასებს და ფიქრობენ, რომ ამით ბაზარი უფრო გამჭვირვალე და განვითარებული გახდება. თუმცა, ისეთებიც არიან, ვინც ახალი მთვლელის შემოსვლას ეჭვით უყურებს და ჩნდება ვერსიები ამ კომპანიის დამფუძნებლებისა და მათი ფინანსური რესურსების წარმომავლობის შესახებ. ამიტომ, ამ ყველაფერში მეტი სიცხადის შესატანად, კომპანიის დაარსების, მისი მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ "ტრი მედია ინტელიჯენსის" თანადამფუძნებელს, მერაბ ფაჩულიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ მერაბ ფაჩულიას ფართო საზოგადოება საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ "გორბიდან" იცნობს.

"კომპანია "გორბის" საქმიანობა ჯერ კიდევ იმ დროს დავიწყეთ, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. პირველ კვლევებს, სრულიად საქართველოს მასშტაბით ვატარებდით, მათ შორის საზოგადოებრივ აზრს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვიკვლევდით. ჩვენი პირველი კლიენტები იყვნენ: "რადიო თავისუფლება", "ამერიკის ხმა", ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი და სხვა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა "გორბი" 12 ქვეყანაში აწარმოებს კვლევას EBRD-თვის. ვაწარმოებთ კვლევებს აიოვას უნივერსიტეტისთვის და რამდენიმე მიმდინარე პროექტს ვახორციელებთ კომპანია "კოკა-კოლასთვის". ცოტა ხნის წინ წარმატებით დავასრულეთ დანაშაულის კვლევა ყირგიზეთში, რომელიც USAID-მა დაგვიკვეთა.

ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე დაახლოებით 10 წლის წინ გავიცანი გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი, გოგა თევდორაშვილი, რომელიც ჩემთან ერთად "ტრი მედია ინტელიჯენსის" თანადამფუძნებელია. ამ პროექტის გაკეთება ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მინდოდა. უფრო ზუსტად, ორი რამის გაკეთება მინდოდა - მუსიკალური ჩარტების და სატელევიზიო რეიტინგების. პირველი ვერ გავაკეთე იმიტომ, რომ არც მაშინ და არც ახლა საქართველოში არ იქმნება იმ რაოდენობის მუსიკალური პროდუქცია, რომ ჩარტები გააკეთო. რაც შეეხება ტივიმეტრიას, ჯერ იყო და სატელევიზიო ინდუსტრია არ იყო მზად ამისთვის, შემდეგ კი ზედმეტად პოლიტიზებული იყო. იყო დრო, როცა ჩვენს კვლევით ცენტრს ტენდერშიც კი არ მიაღებინეს მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ ახლა ამით კმაყოფილიც ვარ.

2011 წლიდან კი ისევ დავიწყე ფიქრი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის დაარსებაზე და ჩემს პარტნიორთან ერთად სხვადასხვა უცხოურ კომპანიებს ველაპარაკებოდი ამ თემაზე. აქვე მინდა ვთქვა, მსოფლიო პრაქტიკის მაგალითზე, როცა ქვეყანაში საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკური რეჟიმი იცვლება, რომლის დროსაც უამრავი კითხვა ჩნდება თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, ამას აუცილებლად მოჰყვება სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის შეცვლა. თუმცა ასეთი მოთხოვნა დამოუკიდებელი ტელევიზიების მფლობელებისგანაც მოდიოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ამ ადამიანებს საშუალება მიეცათ, თავისი აზრი ხმამაღლა გამოეხატათ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, ტელევიზიის არცერთი მმართველი, ვისაც მე შევხვდი და დამიჯერეთ, ცოტას არ შევხვედრივარ, არ გამოთქვამდა კმაყოფილებას ბაზარზე არსებული მთვლელით და პრივატულ საუბრებში ანეკდოტურ ამბებს მიყვებოდნენ. ეს ყველაფერი კი ნებისმიერი ბიზნესურად მოაზროვნე ადამიანისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სატელევიზიო ბიზნესისთვის შეგვეთავაზებინა ის სერვისი, რომელზეც მოთხოვნა არსებობდა".

- უფრო კონკრეტულად, რა არის ბაზარზე თქვენი შემოსვლის მიზანი?

- რამდენიმე მიზანი გვაქვს, მათ შორის განათლების ზრდა ამ ინდუსტრიაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც არ იცის, უბრალოდ თუ არ გაქვს ახალი ტექნოლოგიები, ამას ვერ ისწავლი. ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, ბაზარზე წარმატებით გამოიყენება ნორვეგიასა და შვეიცარიაში. აღარაფერს ვამბობ ისეთ დიდ სახელმწიფოებზე, როგორიც არის ინდოეთი, ჩინეთი და სხვა. ჩვენი კომპანია TMI მულტინაციონალური, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია KANTAR MEDIA-ს ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. KANTAR MEDIA-ს კი 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს.

სადღაც წავიკითხე, რომ თითქოს, როცა ბაზარი ასეთი პატარაა, მეორე კომპანიის შემოსვლის საჭიროება არ დგას, რაც თავშივე მცდარი შეხედულებაა. სატელევიზიო ვალუტას განსაზღვრავს რეიტინგი (ე.წ. ვალუტა), მაგრამ როგორც კი ამ ვალუტაში ეჭვი ეპარებათ, მის მიმართ სანდოობა დაბალია, ამ დროს აუცილებელია, რომ ამ ვალუტის განსაზღვრის სხვა საშუალებაც გაჩნდეს. როცა არსებულ მთვლელს ვადარებთ ჩვენს კომპანიასა და მის შესაძლებლობებთან, დაახლოებით იმას ჰგავს კუპონი და ფუნტი რომ შეადარო ერთმანეთს. ალბათ, დრო მოვა და ორივე კომპანიის მიუკერძოებელ აუდიტს ჩაატარებენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგია უახლესია, შერჩევის სიდიდე დიდია - 600-ზე მეტ შინამეურნეობაში დგას ჩვენი მთვლელი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი რეგიონალური არხების რეიტინგის გაზომვაც იყო და ახლა მათაც გაუჩნდებათ ვალუტა, რისი საშუალებითაც თავად შეეძლებათ თვითონ სარეკლამო დროის გაყიდვა, შესაბამისად ნაკლებად იქნებიან ფინანსურად ვინმეზე დამოკიდებული.

ახლა დაახლოებით 10 რეგიონალური არხი იზომება, ჩვენ კი 40-ზე მეტს გავზომავთ. ახლა თუ ბაზარზე ერთ ან ორ ტელევიზიას აქვს პრეტენზია იმისა, რომ ფინანსურად მდგრადი ბიზნესია, ხვალ რამდენიმე ასეთი ტელევიზია გაჩნდება. ყველგან, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე მოხდა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. როცა გაქვს მყარი ვალუტა, რა თქმა უნდა, სარეკლამო და სატელევიზიო ბაზარი უფრო ვითარდება. დამკვეთი რომ მოდის და რეკლამაში ფულს ხარჯავს, ბუნებრივია დაინტერესებულია რომ შესაბამისი უკუგება მიიღოს. თუ მიღებული შედეგი არ არის მის მიერ რეკლამაში გადახდილი ფულის პროპორციული, ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს - ან დისტრიბუციის პრობლემაა, ან რეიტინგი ვერ დათვალა ვინმემ სწორად, რის გამოც მისი რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიამდე არ აღწევს. ჩვენი ტექნოლოგია კი რეიტინგის გაზომვის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ჩვენ ვზომავთ იმ პარამეტრებსაც, რაც აქამდე არ იზომებოდა, ეს ეხება სტუმრების ყურებადობას და ასევე გადახვევებს. დარწმუნებული ვარ ესეც ძალიან წაადგება სატელევიზიო ინდუსტრიას.

ტექნოლოგიური უპირატესობა ყველას მოუტანს სარგებელს - სარეკლამო ბაზარიც გაიზრდება, ტელევიზიებიც მეტ შემოსავალს მიიღებენ, მათ შორის რეალური შეჯიბრებითობა გაჩაღდება და უკეთეს კონტენტს შესთავაზებენ მაყურებელს. ჩემს თვალწინ გაიარა ეს პროცესი ბულგარეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. ჩვენ მედიასთან თანამშრომლობის მარტივი ფორმულა გვაქვს, თუ მედია არის ბიზნესზე ორიენტირებული, მაშინ ჩვენთან უნდა ითანამშრომლონ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ უკაცრავად და ასეთ მედიასთან ჩვენც არაფერი გვესაქმება. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ.

ორიოდე სიტყვით "კანტარ მედიაზეც" მინდა გითხრათ. როგორც KANTAR MEDIA-ს ლიცენზიანტი, უამრავ შიდა აუდიტს გავდივართ. რამდენიმე ქვეყანაში იყო შემთხვევა, როცა ლიცენზიანტმა შიდა აუდიტის მოთოხვნები ვერ დააკმაყოფილა და KANTAR MEDIA-მ მათთან კონტრაქტი შეწყვიტა. მთელი ჩვენი სისტემა ლონდონის ოფისზეა მიბმული. KANTAR MEDIA-ს 5-მილიარდიანი ბრუნვა აქვს, 170 ათასი თანამშრომელი ჰყავს 60 ქვეყანაში და მათთვის ისეთივე სენსიტიურია საქართველოში ლიცენზიანტი კომპანიის რეპუტაცია, როგორც რომელიმე დიდი ბაზრის მქონე ქვეყანაში. ერთი მცირე შეცდომა და მათი აქციების ფასის მცირედით დაწევაც კი ლონდონის ბირჟაზე ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, რომელიც ბევრჯერ აღემატება ღირებულებით საქართველოს სარეკლამო ბაზარს მთლიანად. ამიტომ ნებისმიერ საკითხს დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ეკიდებიან.

-გაჩნდა ეჭვები კომპანიის კაპიტალის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. ნიკა გვარამიამ ისიც კი თქვა, რომ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანია ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით შეიქმნა.

- ამას პირველად თქვენთან ვამბობ. ამ კომპანიის დაფუძნებისთვის მე და ჩემმა პარტნიორმა "თიბისი ბანკიდან" 1,1 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი ავიღეთ. გარდა ამისა, მე და გოგამ შევიტანეთ ჩვენი პირადი ფინანსები საწესდებო კაპიტალში დაახლოებით 500 ათასი დოლარი. დამერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრეთ. ეს არ იყო ერთი და ორ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. გარკვეული თანხა ალბათ კიდევ დაგვჭირდება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ჩვენ რა თქმა უნდა, გათვლილი გვქონდა, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც სავარაუდოდ, 2017 წლიდან დაიწყებს შემოსავლების მოტანას.

- ბაზარზე ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე კომპანიის შემოსვლა უკვე არსებული მთვლელის გასვლას ხომ არ გამოიწვევს?

- გარდამავალ ეტაპზე შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ორი კომპანია ოპერირებდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთი ვალუტა დარჩება. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. ასე ხდება მთელ მსოფლიოში და ეს უნდა დავნერგოთ საქართველოშიც. დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. ყოველთვის გამოჩნდებიან სიახლით უკმაყოფილო ადამიანები და უსაფუძვლო კრიტიკით აგვავსებენ. ოფისში მაქვს გაკრული ამონარიდები პუბლიკაციებიდან, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანები მაკრიტიკებენ ჩემი საქმიანობის გამო. ახლა ზოგი ციხეშია, ზოგი ვერ ჩამოდის საქართველოში, ზოგიც პარლამენტშია. ჩვენ კი ისევ ამ საქმეს ვაკეთებთ. სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ფულით ვაკეთებთ ამ საქმეს. დრო გამოაჩენს ყველას და ყველაფერს.

ემა ტუხიაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია