26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა ბესელიას, კაკაბაძეს და კობახიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა ბესელიას, კაკაბაძეს და კობახიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

როგორც ანა აზნაურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბესელიას და კაკაბაძის მიერ ქრთამის აღების შესახებ მან იცოდა, თუმცა იმის შესახებ, რომ კობახიძემაც "მოითბო ხელი" მისი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებაზე, ოდნავ მოგვიანებით გაიგო.

"4 წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი ღამიდან, როცა ჩემს თვალწინ ტელევიზიით მაყურებინეს როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ათასი, ათიათასობით ადამიანის თვალწინ. ყველამ ნათლად დაინახა როგორ გადასრისა ბურჯანაძის ერთ-ერთმა მანქანამ ჩემი შვილი, რომელშიც როგორც თვითონ აღიარა იჯდა ალექსანდრე ბიბილური. მან გაიტანა ჩემი შვილი. უკიდურესად მძიმე დაზიანებები მიიღო. ყველაფერი თავის თავზე ალექსანდრე ბიბილურმა აიღო. მე რამდენად ვეთანხმები ამას ეს სხვა საკითხია, თუმცა რადგან მან განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. მას 8 წელი მიესაჯა. ასევე 5 წელი პირობითი და მინდოდა, რომ ბოლომდე მჯდარიყო ციხეში. თუ მერე სხვა სიმართლე გაირკვეოდა ეს უკვე სხვა საკითხი იყო", - განაცხადა ანა აზნაურაშვილმა.

იხილეთ ვიდეო აზნაურაშვილის პრესკონფერენციიდან

მისივე თქმით, როგორც კი გაიგო, რომ პოლიტპატიმართა სია შედგა, მაშინვე მიმართა მთავარ პროკურორს. ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც შეატყობინა, რომ ალექსანდრე ბიბილური იყო მკვლელი და ის ციხიდან არ უნდა გამოეშვათ, თუმცა როგორც აზნაურაშვილი ირწმუნება მას ყურადღება არავინ მიაქცია, არც ერთმა პარლამენტარმა, არც მთავარმა პროკურორმა.

"ამ ყველაფრის მერე ამ ზნედაცემულმა ხალხმა, რომლებსაც სძლია სიხარბემ გამორჩენის მიზნით ეს ყველაფერი გააკეთეს და ბიბილური ციხიდან გამოუშვეს. ამ სამმა ქალბატონმა, ბესელიამ, კაკაბაძემ და კობახიძემ არ იღო ყურად ჩემი, შვილმკვდარი დედის თხოვნა და პირიქით, მასხარად ამიგდეს. მე ვარ პოლიციელის დედა და მთელ საქართველოს ვეუბნები, ჩემი შვილი მოკლეს და ჩემი შვილის მკვლელის ციხიდან გამოშვებას ასე არ დავტოვებ. ამდენი ხანი ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ მხარი არავინ ამიბა, ვერავინ დამიდგა გვერდში. თან ჯანმრთელობა შემერყა, ახლა რამდენიმე ადამიანმა გმირულად წამოწია წინ ეს საკითხი და მე მათ ყველანაირად დავუდგები გვერდში. არ მეშინია სიკვდილის, არ მეშინია სისხლის, სიცოცხლის ფასად დავუდგები წინ ამ საქმეს", - აღნიშნა ანა აზნაურაშვილმა.

მასურაშვილის დედა მიმართავს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს და სთხოვს, რომ აღკვეთონ ეს ყველაფერი და უსამართლოდ ციხიდან გამოშვებული ხალხი ისევ უკან შეაბრუნონ. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ გადაუხადა ქრთამი ბესელიას და აქვს თუ არა მას კონკრეტულად დასაბუთებულად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქრთამი აიღეს დეპუტატებმა, აზნაურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. რა თქმა უნდა, ის პირადად არ დასწრებია ქრთამის აღების ფაქტს, თუმცა, აზნაურაშვილი აცხადებს, რომ მან და მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ყველა წევრის ციხიდან გასათავისუფლებლად პოლიტპატიმართა სიით ფული თავად ბურჯანაძის პარტიამ გადაიხადა.

"არ შეიძლება პარლამენტში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ფულის ფასად ყველაფერს გააკეთებენ და ეშმაკსაც კი მიჰყიდიან სულს", - განაცხადა ანა აზნაურაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აზნაურაშვილთან ერთად დღეს განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე წაიკითხეთ: მანანა კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის დედის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ