რაზე შეთანხმდნენ "სოკართან" დახურულ კარს მიღმა - ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

რაზე შეთანხმდნენ "სოკართან" დახურულ კარს მიღმა - ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებს შეხვდნენ, დასრულდა. დახურულს კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც კალაძემ აღნიშნა, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ამ მილსადენში დამატებით მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას", - განაცხადა კალაძემ.

VIDEO| "სოკარის" ხელმძღვანელის პირველი კომენტარი კალაძე-კვირიკაშვილთან დახურული შეხვედრის შემდეგ

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულებაც, რაც ასევე მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი ბუნებრივი აირი მივიღოთ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე "სოკარის" წარმომადგენლებთან ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა. კალაძის განმარტებით, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია.

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია - ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ამ დეფიციტს ვავსებდით "გაზპრომის" გაზით. ალბათ, მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები, რომ ჩვენ ამ მილსადენებით მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ასევე მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 2019 წელს ჩვენ გევქნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ის, რომ წელს დეფიციტი აზრებაიჯანული გაზით შეივსოს, მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება. რაც შეეხება იმას, რომ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მიღება აღარ დაგვჭირდება, თუკი აზრებაიჯანი დამატებით მოცულობებს გამოატარებს, კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება.

"სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ "სოკარი" არის აღნიშნული მილის კომერციული ოპერატორი, ამის შესაძლებლობა არის.

როგორც მამედოვმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ბუნებრივი აირის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ პერიოდში.

"ჩვენ მოხარულები ვართ ამ შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალი წლის შემდეგ და პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პრემიერის რანგში. ორივე მხრიდან შეხვედრას მაღალი წარმომადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ "სოკარის" პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ძირითადად განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში. ზამთარში მოხმარება იმატებს, თუმცა ეს პროგნოზირებადია. ძირითადად განვიხლეთ შექნილი დეფიციტის შევსება როგორი ტექნიკური გზით შეიძლება. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ექსპერტები ერთობლივად იმუშავებენ", - განაცხადა მამედოვმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."