"ყველამ თავის მამიდას მოუაროს!" - სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის კომენტარი პარლამენტს გარეთ შესაძლო დარჩენაზე

"ყველამ თავის მამიდას მოუაროს!" - სოსო ჯაჭვლიანის და ლუკა კურტანიძის კომენტარი პარლამენტს გარეთ შესაძლო დარჩენაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნების" რიგებში მსახიობები და სპორტსმენები ჭარბად აღარ იქნებიან. "ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა კობახიძემ.

აღმასრულებელი მდივნის ამ განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ პარლამენტის წევრებს: მოჭიდავე ლუკა კურტანიძეს და მსახიობ სოსო ჯაჭვლიანს.

ლუკა კურტანიძე:

- ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა აპელირება სპორტსმენებზე და მსახიობებზე. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს იყვნენ იურისტები ხელისუფლებაში, მაგრამ ქვეყნის ღალატი რომ შეძლეს, ხომ ფაქტია?! სწორედ ამის გამო ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა. პარლამენტი იმიტომაა მრავალფეროვანი, რომ ესაა ხალხის მიერ არჩეული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული და იქ ხვდება ის, ვისაც ხალხი ნდობას უცხადებს. ხალხმა კი შეიძლება ნდობა გამოუცხადოს როგორც სპორტსმენს, ისე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. მთვარია ეს ადამიანები, ვინც პარლამენტში არიან, იყვნენ თვითკრიტიკულები, ხოლო ჩვენ ყველა ასეთები ვართ. გვაქვს ღირსება და კარისკენ მითითება არავის გვჭირდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა დროს რა უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ამ განცხადებამდე შიგნით იქნებოდა მსჯელობა, თუ ვინ რა გააკეთა, შიდა ანალიზის მერე გაკეთებულიყო განცხადება და ეს ყველაფერი მოხდებოდა უმტკივნეულოდ

სოსო ჯაჭვლიანი:

- მე მაინტერესებს, რა დააშავეს მსახიობებმა ან სპორტსმენებმა?! რამე დანაშაულში ედებათ ბრალი (მე არა მაქვს საუბარი ჩემ თავზე, სულ ბოლოში ვაყენებ ჩემ თავს). თუ ეს ხალხი დამნაშავეები არიან სამშობლოს წინაშე, მაშინ დავსაჯოთ. ჩვენ ხომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასეთი ტიპის განცხადებები პროფესიის დისკრიმინაცია არაა?! მე ვსვამ კითხავს: ამ რეჟისორებმა, მსახიობებმა ან სპორტსმენებმა პარლამენტში რომელიმე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს? ამ ყველაფრის ფონზე არ გიჩნდებათ კითხვა, თუ ვის შეიძლება აინტერესებდეს ეს თემა?! საერთოდაც, ვინ აკეთებს იმის რანჟირებას, თუ ვინ უნდა იყოს პარლამენტში?

- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება აინტერესბდეს?

- ეს კითხვა უნდა დაუსვათ ბატონ კობახიძეს. ის ხალხი, ვისზეც ამბობს კობახიძე (რეჟისორები, მსახიობები და სპორტსმენები) პროცენტულად 4-5% თუ იქნება პარლამენტში. ჩვენ ხომ მივდივართ ევროპისაკენ და იქ ვნახოთ რამდენი პროცენტია და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. მერწმუნეთ, 10%-ზე ნაკლები თითქმის არსადაა, თუმცა ამაზე არავინ არ საუბრობს ასეთი ფორმით, როგორც ჩვენთან.

- პირადად თქვენ თუ ხართ რომელიმე კანონის ინიციატორი?

- როგორ არ ვარ, შევიტანე კანონი "სითი-პარკთან" დაკავშირებით, ასევე კანონი რელიგიურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ყველა კონფესიას. სხავათა შორის, როცა მიდის კანონპროექტების განხილვა, ჩვენ ყველა ბოლომდე ვართ ჩართული სამუშაო პროცესში და თუ ვინმეს უნდა, რომ თავისი უნიათობა სხვას გადააბრალოს,  ეგ უკვე ცალკე თემაა. 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო პროგრამა იწერებოდა, სპორტსმენებმა დაწერეს?! ახლა ისე უნდათ, რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო ჯოხი ჩვენზე გადატეხონ, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა - ნურას უკაცრავად! ერთს ვურჩევდი, ყველამ თავის მამიდას მოუაროს!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი