რას ყვება მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარი, რომლის მკვლელობაშიც ბიძინა კუჭავას ადანაშაულებენ

რას ყვება მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარი, რომლის მკვლელობაშიც ბიძინა კუჭავას ადანაშაულებენ

2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის მეგობარს, სამორინე "ბერიკონის" ყოფილ მფლობელ ვაჟა ნუცუბიძეს არ მიაჩნია სარწმუნო ვერსიად, რომ მაღალდაძის მკვლელობის უკან "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა დგას.

"ინტერპრესნიუსი" ვაჟა ნუცუბიძეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, რომლის მიხედვითაც, კუჭავას გვარი გარდა პროკურორ პაატა ქირიასი, 2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

როგორც სამორინე "ბერიკონის" ყოფილი მფლობელი აღნიშნავს, ვერ ხედავს საფუძველს, რის გამოც ბიძინა კუჭავა, რომელიც პროკურორის მკვლლელობაშია ბრალდებული და რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაძლოა მაღალდაძის მკვლელობის უკან იდგეს.

ამასთან, ვაჟა ნუცუბიძე აცხადებს, რომ იგი იცნობდა ბიძინა კუჭავას, რომელსაც კაზინოში თამაში უყვარდა. მისივე თქმით, კუჭავას აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალები ჰქონდა.

ვაჟა ნუცუბიძის ინფორმაციით, კუჭავას მაღალდაძის დაახლოებით 50 ათასი დოლარი მართებდა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, ბიზნესმენის მკვლელობამდე კუჭავა იმალებოდა.

"ბიძინა კუჭავა ძალიან აზარტული მოთამაშე იყო. დადიოდა ხშირად ჩემს კაზინოში, ხან გოჩა მაღალთაძის კაზინოში, მაგრამ მასთან პიროვნული ურთიერთობა არ მქონია. მაგას ეძახდნენ წვერას. ვიცოდი, რომ გოჩას ვალი ჰქონდა, გარდა ამისა ბევრი ვალი ჰქონდა. რაც შეეხება გოჩას მკვლელობას, ის დიდი ალბათობით კუჭავას არ მოუკლავს", - განაცხადა ვაჟა ნუცუბიძემ.

2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ოჯახი და მეგობარი მამუკა გუგეშაშვილი საქმეში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ალაპარაკდნენ.

"სამორინეს მფლობელებში, ერთმანეთში მიღებული იყო დიდი ფულის თხოვება. უმეტესობა ერთმანეთის სამორინეებში თამაშობდა კიდეც. იმ პერიოდში, დანამდვილებით ვიცი, რომ ნახევარი მილიონი მოუგო კუჭავამ სამორინეს, რომელიც მაღალდაძის მფლობელობაში იყო და შემდგომ დაიწყო თამაში სხვადასხვა სამორინეებში, სადაც დიდი თანხები წააგო. ბოლოს, გოჩასგან ვიცი, რომ კუჭავას 100 000-ის ფარგლებში ჰქონდა მისი ვალი. მან მაღალდაძეს სთხოვა თანხა, რათა წასულიყო და ეთამაშა. გოჩა სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა, რომ კუჭავას მისი ვალი ჰქონდა. მე ბოლო სამი თვე, არ ვიყავი აქ და ყველა ინფორმაციას ფლობს ვაჟა ნუცუბიძე, რომელიც იმ პერიოდში სამორინე "ბერიკონს" ფლობდა. ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა ბიძინა კუჭავაზე. თვითონ თუ არა, მაგის დაკვეთით მოკლა ვიღაცამ. ამას ზუსტად ვერ ვამბობდი, მაგრამ ყოველთვის ასე ვფიქრობდი. გაუგნებული ვარ გუშინდელის შემდეგ", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა და განმარტა, რომ ასეთივეა მოკლული მაღალდაძის ოჯახის პოზიცია.

გოჩა მაღალდაძე 2007 წლის 9 მაისს, გამთენიისას. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მას საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სამორინე "ფორტუნა".

იხილეთ ასევე: "სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ