"ეკამ ხილი მოინდომა, ბიძინას ჯიბეში ფული არ ჰქონდა და მე ვუყიდე..." - თემურ ჭკუასელი ივანიშვილთან 20-წლიან მეგობრობაზე

"ეკამ ხილი მოინდომა, ბიძინას ჯიბეში ფული არ ჰქონდა და მე ვუყიდე..." - თემურ ჭკუასელი ივანიშვილთან 20-წლიან მეგობრობაზე

"ოცნების" ყოფილი მაჟორიტარის, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, "ქართული ხმების" წევრის, ჟურნალისტისა და მწერლის, თემურ ჭკუასელის არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ გაზეთ "ვერსიაში" 2016 წელს დაიბეჭდა. 71 წლის ჭკუასელი და 60 წლის ბიძინა ივანიშვილი 20 წელია, 1997 წლიდან მეგობრობენ, ასე რომ მოსაგონებელი ბევრი აქვთ...

- ბიძინასა და ჩემს დამოკიდებულებაზე ერთი წინადადებით გეტყვით: ჩვენს ურთიერთობას ფულთან შეხება არ აქვს. იმით ვარ ცნობილი, რომ ერთი ლარიც არასოდეს მომითხოვია. პირიქით კი ყოფილა - ერთხელ, მაშინ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ბაკურიანიდან მოვდიოდით და ბიძინამ გადაწყვიტა, ავტობუსით "ქართულ ხმებთან" ერთად ემგზავრა. ეკაც ამოვიდა და ნაბოლარა ცოტნეც. გზაში ეკამ ხილის ყიდვა მოინდომა, მაგრამ ბიძინას ჯიბეში ფული, როგორც წესი, არ აქვს ხოლმე. ჰოდა, მე ვუყიდე - ორი ლარი გადავიხადე და ვიხუმრე კიდეც, ჩემს ხარჯზე სადამდე უნდა იყოთ-მეთქი.

- ამ ორ ლარს უკვალოდ არ ჩაუვლია - დეპუტატი გაგხადათ!

- ვთვლი, რომ დეპუტატობა დაფასება არაა, თან სურვილი არ მქონია.

- აბა, დეპუტატობა "ჩაგიდეს"?

- არა, მაგრამ ერთია სურვილის არქონა და მეორე - აუცილებლობა. გადაწყდა, რომ ჩოხატაურში დიდი შანსი მქონდა, გამემარჯვა. სხვათა შორის, დეპუტატობა ადრეც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არ დავთანხმდი.

- როგორც სხვა ძმაკაცს, შეგიძლიათ მხარზე ხელი გადახვიოთ?

- "დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც ისეთი ურთიერთობა არ მქონდეს, რასაც ახლა გეტყვით: თუ თამადა ვარ და ხმაურობს, ვეუბნები, ბიძინა, გაჩერდი-მეთქი და უნდა გაჩერდეს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რახან დაინტერესდით, გეტყვით, თან ამაზე ლაპარაკიც გვქონია. ერთხელ მითხრა, ხანდახან მეჩვენება, მეგობრობასა და ურთიერთობას ხომ არ ვყიდულობო. ვუპასუხე, ბიძინა, ეს ერთი რამის გამო გამორიცხულია - შეიძლება, მადლიერება იყიდო ანუ მთელი ცხოვრება მადლიერი ვიყო და შვილებსაც ვუთხრა, ბიჭებო, ამ ადამიანის მადლიერი უნდა იყოთ, მაგრამ მეგობრობის ყიდვა არ არსებობს, ვერავინ მაიძულებს, ადამიანის მეგობარი ვიყო.

ამიტომაა, რომ სულ ჩუმად ვარ და არასოდეს გეუბნები, რამე მჭირდება. როცა ეს კომპლექსი მოიხსნება და შემეძლება, შენთანაც ისე თავისუფლად ვილაპარაკო, როგორც სხვებთან, მაშინ ჩვენს მეგობრობას მართლა არაფერი დაემუქრება-მეთქი. ამ ეტაპზე უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ, და მიხარია, რომ ასეა.

ვანო პავლიაშვილი, გაზეთ "ვერსიის" არქივი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."