წულუკიანის და ხიდაშელის განსხვავებული პოზიცია ჰააგის პროკურორის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით

წულუკიანის და ხიდაშელის განსხვავებული პოზიცია ჰააგის პროკურორის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით

ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 27 იანვარს გავრცელდა. საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: "პროკურორი მოითხოვს გამოძიებულ იქნას სიტუაცია საქართველოში 2008 წლის პირველი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის პერიოდის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთსა და მის გარშემო ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესაძლო ჩადენის თაობაზე".

აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებას დღეს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს მთავრობაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. "გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა. ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.

გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქედან მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი", - განაცხადა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი წევრი თინა ხიდაშელი. თავდაცვის მინისტრი გაოცებულია იმ განცხადებით, რომელიც ჰააგის სასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა. "იმედი მაქვს, რომ ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის საკუთარ გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ "ორივე მხარეში" იგულისხმებიან ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."