კუკიაზე 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ მოკლა კუკიის დასახლებაში 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული აბრამ ზ. თბილისში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ღამით, თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.