უშგულელი გიორგისთვის... - 1 წლის ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 85 750 ლარია საჭირო

უშგულელი გიორგისთვის... - 1 წლის ბიჭუნას გადასარჩენად, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 85 750 ლარია საჭირო

...მშობლიურ უშგულში ნათია და ვანო ჩარქსელიანები გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარადან პირველი შვილის, მარიამის დაბადების შემდეგ დაბრუნდნენ. მეორე შვილი, გიორგი უშგულში შეეძინათ. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის პატარა ოჯახის მთაში ცხოვრება მათი თანასოფლელებისთვის სტიმული იყო, სანამ გიორგი ჩარქსელიანის უმძიმესი დიაგნოზის შესახებ შეიტყობდნენ... 1 წლის გიორგი ჩარქსელიანს ობსტრუქციული ჰიდროცეფალიის დიაგნოზი (თავის ტვინის სიმსივნე) დაუსვეს. მშობლები იძულებულები გახდნენ, უშგული დაეტოვებინათ და საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყვნენ, რათა პატარა გიორგისთვის ემკურნალათ.

გიორგი ჩარქსელიანი ფონდ WeHelp-ის ერთ-ერთი ბენეფიციარია. ფონდის მთავარი მისია საზოგადოების ფართო მასებთან იმ ადამიანების დაკავშირებაა, რომლებსაც სამედიცინო დამხარება ესაჭიროებათ. გიორგის საზღვარგარეთ გამოკვლევა, ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია სჭირდება, რისთვისაც 85 750 ლარია საჭირო. ფონდის საშუალებით, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ 6322 ლარია შეგროვილი.

"თქვენ არ იცნობთ გიორგის, ის სიცოცხლით სავსე ბავშვია, ცელქი და მოუსვენარი, ახლა ძალიან მოწყენილია, ძველებურად ვეღარ ნავარდობს, თვალებიც ისეთი ნაღვლიანი აქვს... თავისი უშგული ენატრება, თავისი მთები. არ იცის, რომ ცუდად არის, ხანდახან თუ სტკივა, ვაჟკაცურად უძლებს... იცინის კიდეც მშობლების გასამხნევებლად... მისი გადარჩენა და გამოჯანმთელება მთლიანად ჩვენს მონდომებასა და ერთიანობაზეა დამოკიდებული, დავუბრუნოთ უშგულს გიორგი და მისი ოჯახი.. დავუბრუნოთ ჩარქსელიანების ოჯახის საკვამურს კვამლი... გადავარჩინოთ გიორგის სიცოცხლე!",- ვკითხულობთ ფონდის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ფონდი WeHelp 2013 წელს შეიქმნა. როგორც მისი დამფუძნებელი და დირექტორი ბორის კიკნაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, WeHelp.ge-ს მთავარი მიზანია გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. არსებობის განმავლობაში ფონდმა 400 ათას ლარზე მეტი შეაგროვა და 40 ადამიანის გადარჩენა შეძლო. "ამ ეტაპზე ოპერაცია 10 ბენეფიციარს უტარდება და სარეაბილიტაციო პერიოდი აქვთ. დანარჩენი მიმდინარეა. სამწუხაროდ, გვყავდა რამდენიმე გარდაცვლილიც", - აღნიშნავს ბორის კიკნაძე საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გადარიცხული ყოველი თეთრის მოძრაობა გამჭვირვალეა და ქველმოქმედებისთვის ჩარიცხული თანხების 100% ბენეფიციარებს ხმარდება. ამ ეტაპზე WeHelp-ს 200 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავს და არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც წარმატებულ პროექტად აღიარეს. ფონდის წევრები ამერიკაში, ისრაელში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პრეზენტაციებს და კონფერენციებს ატარებენ.

"საჭიროა ქველმოქმედებაში ახალი ინოვაციების დამკვიდრება, გამარტივება და უფრო სანდო წყაროების აღმოჩენა", - ამბობს ფონდის დამფუძნებელი და დასძენს, რომ საწყის ეტაპზე WeHelp.ge-ის მოქმედების არეალი შეზღუდული იყო. თუმცა, ამჟამად ქველმოქმედებაში ემიგრანტებიც აქტიურად არიან ჩართული: "თავდაპირველად მხოლოდ ქართული ბარათები იყო გააქტიურებული. შემდეგ, ბანკთან მოლაპარაკების შედეგად, ასევე გავააქტიურეთ საერთაშორისო ბარათები, რამაც საშუალება მოგვცა, წვდომა ჰქონოდათ ემიგრანტებსაც. ევროპის ქვეყნებიდან ბევრი ადამიანია ჩართული, რუსეთიდან, ამერიკიდან საკმაოდ დიდი მაჩვენებელია", - ამბობს ბორის კიკნაძე.

მათ, ვისაც პატარა გიორგი ჩანქსელიანის დახმარების სურვილი აქვს, შეუძლია ესტუმროს გვერდს WeHelp.ge, სადაც მარტივად შეძლებს სასურველი თანხის გადარიცხვას. გიორგის დასახმარებლად დღეს, 11 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართება ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. 19:00 ზე NightOffice-ში კონცერტს გამართავენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები: Young Georgian Lolitaz ( ჯგუფი, რომელიც წელს ევროვიზიაზე წარადგენს საქართველოს), რეზო კიკნაძე ბენდთან ერთად, დაგდაგანი, The Mins, თერიკა, Kazzy Jazz და სხვები.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია