7 რამ, რაც ომების დროს გამოიგონეს

7 რამ, რაც ომების დროს გამოიგონეს

ომი ნგრევასა და განადგურებასთან ასოცირდება, თუმცა მათ არაერთ სასარგებლო გამოგონებას დაუდეს სათავე. სწორედ საბრძოლო მოქმედებების დროს შექმნილი ახალი ტექნოლოგიები ბრძოლის ველზე პირად შემადგენლობას სხვადასხვა პრობლემების მოგვარებასა და მოწინააღმდეგის ეფექტურ განადგურებაში ეხმარება. მშვიდობიანობის დროს ომიანობისას შექმნილი გამოგონებები სამოქალაქო სექტორში იკიდებს ფეხს და ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცევა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რომ არა ომები, კაცობრიობა კონსერვების, მიკროტალღური ღუმელების, სუპერ-წებოს და მარგარინის გარეშე დარჩებოდა.

ომიანობის დროს იარაღისა და საბრძოლო მასალების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვნია არმიის კვების საკითხი. თუნუქის ქილებში მოთავსებული საკვების - კონსერვების ისტორია ნაპოლეონ ბონაპარტის ეპოქაში იღებს სათავეს. იმპერატორმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვების საიმედო შენახვის მეთოდის გამოგონებისთვის ჯილდოდ 12 ათასი ფრანკი დააწესა. კონკურსში ნიკოლა აპპერმა გაიმარჯვა, რომელმაც პირველმა მსოფლიოში პროდუქტის კონსერვირების მეთოდი შეიმუშავა. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჰერმენტულად დახურულ თუნუქის ქილებში საკვები საიმედოდ 8 თვის განმავლობაში ინახებოდა. მადლიერების ნიშნად კუთვნილი ჯილდო გამომგონებელმა თავად იმპერატორის ხელიდან მიიღო.

ხელის საღეჭი რეზინი - ეს პოლიმერული პლასტმასის სათამაშოა, რომელიც პატარა ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 1943 წელს შოტლანდიელმა მეცნიერმა ჯეიმს რაიტმა შექმნა, რომელიც ბუნებრივი კაუჩუკის ხელოვნური შემცვლელის გამოგონებას ცდილობდა.

სათამაშო ზამბარა - მეორე მსოფლიო ომის დროს "შემთხვევით" შექმნილი პროდუქტი, დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ რჩება. ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უთამაშია ამ პლასტმასის ფერადი ზამბარით, რომელიც კიბეზე დაბლა ჩამოსვლასაც ახერხებს. 1943 წელს ამერიკელ ინჟინერ რიჩარდ ჯეიმსს, რომელიც ღელვისას ზღვაში გემებზე ვიბრაციისა და რწევის ჩამხშობ მოწყობილობაზე მუშაობდა, იატაკზე შემთხვევით ზამბარა დაუვარდა. გაჩერების ნაცვლად, ზამბარამ იატაკზე მოძრაობა გააგრძელა და ჯეიმსს სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდა.

მიკროტალღური ღუმელი - ეს გამოგონება ამერიკელ სამხედრო ინჟინერ პერი სპენსერს ეკუთვნის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რადარების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. ლეგენდის თანახმად, მორიგი ექსპერიმენტისას ამოქმედებულმა მოწყობილობამ მის ჯიბეში შოკოლადის ფილა გაადნო. 1947 წელს დამზადებული პირველი მიკროტალღური ღუმელი 340 კგ-ს იწონიდა. მის სრულყოფასა და მასიურ გამოყენებამდე მიყვანას 30 წელი დასჭირდა.

სუპერ წებო - ამბობენ, რომ ის ბრძოლის ველზე ჭრილობების "შეწებებისთვის" შექმნეს. ეს მხოლოდ ლეგენდაა. ნივთიერება ამერიკელმა ქიმიკოსმა ჰარი ქუვერმა 1942 წელს შემთხვევით მიიღო, როდესაც ოპტიკური სამიზნეებისთვის პლასტმასის ლინზების შექმნას ცდილობდა. მაშინ ქუვერმა არ მიაქცია ყურადღება ამ აღმოჩენას და მას მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიუბრუნდა.

მარგარინი - მისი გამოჩენისთვის მადლობა ნაპოლეონ მესამეს (იმ დიდი ნაპოლეონის ძმისშვილი) უნდა გადავუხადოთ. 1860 წელს ჯარის კვებისთვის კარაქის შედარებით იაფფასიანი შემცვლელის გამოგონებისთვის მან ჯილდო დააწესა. ფრანგმა ქიმიკოსმა იპოლიტ მოჟე-მურიემ საქონლის ცხიმის რძესთან ემულგაციის ვარიანტი წარმოადგინა. საკუთარ გამოგონებას ქიმიკოსმა "ოლეომარგარინი" უწოდა. სახელწოდება მარგარინი მოგვიანებით გაჩნდა.

სანტექნიკური წებოვანი ლენტი - ის აშშ-ის არმიის დაკვეთით კომპანია Johnson & Johnson-მა 1942 წელს შექმნა. პოლიეთილენის მტკიცე ლენტი, რომელსაც არც წყლის და არც სისველის "ეშინოდა", ჯარისკაცებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. მას დახეული კარვების შეკეთებისა და ჭრილობების დროებით შეხვევისთვის მოიხმარდნენ. ომის შემდეგ რუხი ფერის წებოვანი ლენტი სამოქალაქო გაყიდვაში გამოჩნდა.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს