უცნობი ფაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებიდან

უცნობი ფაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებიდან

...მეფის ნოტარიუსმა პატარა ანდალუზიურ პორტში განცხადება გაავრცელა, რომ დედოფალი იზაბელა ბრძანებდა, სასწრაფოდ მოემზადებინათ სამი საუკეთესო ხომალდი, რომელიც პორტში იდგა და შორეული ცურვისთვის მზადება დაეწყოთ. პალოსელები უკმაყოფილონი იყვნენ იზაბელას განკარგულებით. როდესაც შეიტყვეს, რომ ექსპედიცია ოკეანის დასავლეთი გზით უნდა წასულიყო, ყველაზე გულადი მეზღვაურებიც კი შეშფოდნენ. "მეფეს უფლება აქვს, წაგვართვას ხომალდები, მაგრამ ისიც კი ვერ გვაიძულებს, რომ ასეთ ექსპედიციაში წავიდეთ. ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ ან შიმშილით მოვკვდეთ, ვიდრე ამ უგუნურ ცურვაში წავიდეთ".

პატარა ქალაქის მშვიდობიანი ცხოვრება დასრულდა. გემთმფლობელებმა მოილაპარაკეს, არ დამორჩილებოდნენ მეფის განკარგულებას, რომელიც მათ ხომალდებს სიკვდილს უქადდა. მეზღვაურთა ცოლები სახლიდან სახლში გადარბოდნენ და საშინელ სიახლეს ავრცელებდნენ. ნავსადგურის დუქნებში მეზღვაურები ფიცს დებდნენ, რომ მეფის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ. მოხუცი მეზღვაურები კი იხსენებდნენ ამბებს დასავლეთით ცურვის მცდელობის შესახებ. ისინი ამბობდნენ, რომ გემებს იქ ხვდებოდათ კლდეები, რომელიც რკინას იკრავდა. იმ წყლებში მოხვედრისას ყველა ლურსმანი და სამაგრი სძვრებოდა გემის კორპუსს და კლდეებისკენ მიფრინავდა, ხოლო სამაგრების გარეშე დარჩენილი ხომალდები შუა ზღვაში ნაწილ-ნაწილ იშლებოდა. კიდევ უფრო საშიში ამბები ვრცელდებოდა წყალქვეშა ტყეების შესახებ. მოხუცი მეზღვაურების თქმით, რომელი ხომალდიც წყალქვეშა ტყის თავზე აღმოჩნდებოდა, მას ხის ტოტები ჩაიხვევდა და ფსკერისკენ გააქანებდა და დღესაც, მეზღვაურთა გვამებით სავსე უამრავი ხომალდი ოკეანის ფსკერზე განისვენებდა.

ხალხმა მეფის განკარგულებასთან ერთად გამოჩენილი კოლუმბიც შეიძულა. ის დადიოდა დუქნებში და ცდილობდა, მეზღვაურები დაერწმუნებინა, რომ ექსპედიციაში მონაწილეობა მიეღოთ. მას არავინ უსმენდა. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ის არანორმალური იყო. გენუელის გეგმა გადაულახავი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. მან ამის გამო დედოფალთან იჩივლა, რასაც იზაბელას მეორე, მრისხანე განკარგულება მოჰყვა. ის ნავსადგურს უწესებდა ჯარიმას ყოველ გაცდენილ დღეზე, ხოლო ქალაქ პალოსის მმართველებს ავალებდა, ადმირალისთვის საჭირო ხომალდების ძალით მითვისებას, თავის ეკიპაჟიანად. მისი განკარგულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო კარის ოფიცერი, ხუან პენალოსა.

თუმცა, შედეგი არც ამან გამოიღო. ხომალდები დაიკავეს, მაგრამ ეკიპაჟი კატეგორიულ უარზე იყო ექსპედიციაში მონაწილეობაზე. მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ის ადამიანებიც კი, რომელთა მთელი ცხოვრება ზღვასთან იყო დაკავშირებული, ამ ექსპედიციას საშინელსა და განუხორციელებელს უწოდებდნენ.

პენალოსამ უკიდურესი ზომები მიიღო. გამოსცა ბრძანება, რომელიც დამნაშავე კრიმინალებს მოუწოდებდა, ექსპედიციაში წასულიყვნენ და სამაგიეროდ, ჰპირდებოდა დანაშაულის პატიებას, მისი სიმძიმის მიუხედავად. ამანაც არ უშველა. დამნაშავეებს შორისაც კი არ აღმოჩნდა ექსპედიციაში წასვლის მსურველი.

კოლუმბმა შექნილი სიტუაციის სიმძიმე გაისიგრძეგანა და მიხვდა, რომ ექსპედიციაში წასვლა ძალით შეკრებილ ეკიპაჟთან ერთად საქმის ჩავარდნასა და გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. მან დასახმარებლად პინსონების ოჯახს მიმართა. უფროსი ძმა, მარტინ პინსონი წლების წინ მის გეგმას მხარს უჭერდა და ფულად დახმარებასაც კი ჰპირდებოდა. ახლა კი კოლუმბი მხურვალედ ევედრებოდა, ექსპედიციაში მიეღო მონაწილეობა და მოგების განაწილებასაც კი დაჰპირდა. როდესაც პინსონების ოჯახის ხუთმა წევრმა განაცხადა, რომ კოლუმბის ექსპედიციაში მონაწილეობაზე თანახმა იყვნენ და ეს ამბავი პატარა ქალაქს მოედო, მეზღვაურთა განწყობაც შეიცვალა. მარტინსა და მის ძმებთან ერთად არაერთხელ ყოფილან ზღვაზე რთულ სიტუაციაში და იცოდნენ მათი გმირობების შესახებ. მართალია, აზორის კუნძულების მიღმა ცურვა გიჟი ადამიანის აკვიატებად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ ისეთი კაპიტნების ხელში, როგორიც პინსონები იყვნენ, ასეთ გიჟურ იდეასაც კი კარგად დასრულების შანსი ჰქონდა და არ იყო გამორიცხული, მისი განხორციელებაც რეალური ყოფილიყო.

ამდენად, კოლუმბმა ბოლო სირთულეც გადალახა. ივლისის შუა რიცხვებში ექსეპედიციის სამი ხომალდის აღჭურვა დასასრულს უახლოვდებოდა. ნაპირთან ახლოს ღუზა ჰქონდა ჩაშვებული 280-ტონიან "სანტა მარიას". ის ექსპედიციის ყველაზე დიდი ხომალდი იყო და წყალში საკმაოდ ღრმად და საიმედოდ იჯდა. მის გვერდით წყალში ქანაობდა 140-ტონიანი "პინტა" და პატარა, 100-ტონიანი "ნინია". ამ უკანასკნელის სახელი ციცქნას ნიშნავდა, რასაც ამართლებდა კიდეც...

"სანტა მარია", "პინტა" და "ნინია" სრულებით აკმაყოფილებდნენ კოლუმბის მოთხოვნებს - სამი საუკეთესო ხომალდი, რომელიც პალოეს ნავსადგურში იდგა.

წყარო: ბიოგრაფიული წიგნების სერია, "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია". მარტიდან, ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს