მინისტრი ხიდაშელის არჩევანი - "მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"

მინისტრი ხიდაშელის არჩევანი - "მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"

პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება, არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანია, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს - ამის შესახებ საქართველკოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

"იმდენი ხანია ეს საუბრები უკვე საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რომ ალბათ უკვე ყველაფერია ნათქვამი. მე, არც კი ვიცი ჩვენ სიახლე რა შეიძლება შევიტანოთ ამ საუბარში. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ძალიან კონკრეტული ამოცანით - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რამდენადაც მათ ეს შეუძლიათ, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს...

ხიდაშელის თქმით, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მიზანმიმართულ კამპანიას ემსახურება, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს კოალიციის საწინააღმდეგო სისტემური კამპანიაა, ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?! გოგი თოფაძეს არ აურჩევია "რესპუბლიკური პარტია" კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად და გოგი თოფაძე ჰორიზონტზეც კი არ არსებობდა, როდესაც კოალიცია იქმნებოდა. თოფაძის ოცნება არ ყოფილა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო, ან გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან ის მთავრობა ყოფილიყო, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ეს მისი გადაწყვეტილებები არ არის, ის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატია, რომელსაც აქვს ერთი ჩვეულებრივი ხმა საქართველოს პარლამენტში და ამ ხმას აძლევდა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს...

რაც შეეხება საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას, მინისტრი ფიქრობს, რომ ეს უშუალოდ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის. მისივე განმარტებით, საგარეჯოს არჩევნები იმდენად მარტივი საქმეა, რომ ვერნაირი მხრიდან კუდს ვერ მოაბამ. "მე მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცუდი კუთხით რომ წავიდეთ – ვთქვათ, შოთაძეს ვიღაცამ დაავალა და ჩემი დაჭერა უნდათ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა - ვინ წავა. მე ნერვები არ მიმტყუნებს, მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."