როგორ გავიგოთ სად ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება და რას ნიშნავს ქვეითი პატრული - შს მინისტრის მოადგილე დამატებით განმარტებებს აკეთებს

როგორ გავიგოთ სად ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება და რას ნიშნავს ქვეითი პატრული - შს მინისტრის მოადგილე დამატებით განმარტებებს აკეთებს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საგზაო მოძრაობის ვიდეოკამერებით კონტროლის ახალ მეთოდსა და მის ეფექტურობაზე საუბრობს.

მისი განმარტებით, ვიდეომონიტორინგის შესახებ მძღოლები სპეციალურად განთავსებული აბრებიდან შეიტყობენ. როგორც ხუციშვილი ამბობს, აბრები მხოლოდ იმ ქუჩებზე იქნება განთავსებული, სადაც ე.წ. უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება.

"როცა მოქალაქე ხედავს პოლიციას, ხედავს კამერას, ის იცავს წესრიგს. ვიდეოკონტროლის ახალი მეთოდით ჩვენ ხელში გვექნება უკვე არსებითად ახალი ინსტრუმენტი, რომელიც უკვე მოულოდნელობის ეფექტს იძენს და მოქალაქეებში ავითარებს მოძრაობის წესების დაცვას, მიუხედავად იმისა, ჩანს პოლიცია, თუ არ ჩანს.

პოლიციის ავტომობილი იქნება კამერით აღჭურვილი. გაივლის მხოლოდ იმ ქუჩაზე, სადაც წარწერები იქნება, ანუ წარწერები იქნება არა ავტომობილზე, არამედ თვითონ ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობს. კამერების გარდა პოლიციის მანქანას ექნება ჯი-პი-ესი, რომლითაც გაკონტროლდება მისი მარშრუტი. ასეთ აღჭურვილ მანქანას ექნება წინასწარ შედგენილი გეგმა და გრაფიკი, თუ სად უნდა იმოძრაოს, რა დროში, საცობების გათვალისწინებით", - აცხადებს ხუციშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვიდეოკონტროლით შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საგზაო დარღვევებისთვის და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"როცა თქვენ შუქნიშანზე დამაგრებულ ვიდეოკამერასთან გაივლით და იცით, რომ გიღებენ, ასევე იქნება იმ ქუჩაზეც, სადაც იმოძრავებს ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის მანქანა. ანუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ფარული ჩარევა არ მოხდება, რადგან თქვენ ინფორმირებული იქნებით, რომ ქუჩაზე, სადაც მიდიხართ მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი. უბრალოდ, ვინ ახორციელებს ამ ვიდეომონიტორინგს ამას ვერ ვხედავთ, ეგ არის განსხვავება, სხვა არაფერი.

ეს არის თვისობრივად ახალი მეთოდი, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ეფექტი, რომ საზოგადოებაში უკვე დაიწყოს კანონის დაცვის ჩამოყალიბება, მიუხედავად იმისა, პოლიცია გხედავთ, თუ არ გხედავთ", - განაცხადა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე ქვეითი პატრულების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონტროლზეც საუბრობს.

"თქვენ შენიშნავდით, უკვე გამოჩნდა ქვეითი პატრულები ქუჩებში. ეს ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმშია და არ არის სრულად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე, მაგრამ კრიტიკულ ადგილებში ასეთი პატრულები უკვე მიმაგრებულები არიან. ასეთი ადგილებია მაგალითად, სკოლა, სადაც ბავშვებს ქუჩის გადაკვეთა უწევთ და ასე შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს", - განაცხადა შს მინისტრმა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები შალვა ხუციშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს გააკეთა.

ასევე იხილეთ: "უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს" - როგორ იმუშავებს ვიდეო-ჯარიმების ახალი სისტემა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ