"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"

"მიშა რა შუაშია?!.. - გვანცა დარასელიას ქმარი უგულავა-კოდუასთან მეგობრობასა და ჩხუბზე, რომლის გამოც "მიშამ აითვალწუნა"

ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" ახალი წევრია. მჭედლიძე ლაგოდეხში პარტიის პოლიტიკური ლიდერი იქნება. ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავს. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" დროს თბილისის საკრებულოს წევრიც გახლდათ.

გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში მჭედლიძემ უგულავასთან და კოდუასთან მეგობრობაზე, ასევე იმ ჭორზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც საკრებულოდან მისი წამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ჩხუბს უკავშირდებოდა.

- მაშინდელ მედიაში დაიწერა, დასახმარებლად თითქოს ერეკლე კოდუას დაურეკეთ, რომელმაც "დამხმარე ძალა" გამოგიგზავნათ...

- ტყუილია!

- მაშინ მითხარით სიმართლე, რა მოხდა?

- ისეთი არაფერი - ქართველები ვართ და ჩხუბი ყველგან ხდება. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა და დამთავრდა, თემაში არც კოდუა იყო და არც სხვა ვინმე.

- შეიძლება, მაგრამ ერეკლე კოდუასთან ხომ მეგობრობთ?

- დიახ, კოდუას მეგობარი მანამდეც ვიყავი და ახლაც ვარ! პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთში არ ვურევ! თბილისი და საერთოდ, საქართველო ძალიან პატარაა. ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი მეგობარი მყავს. კოდუას გაცილებით ადრე ვიცნობდი, ვიდრე ჟურნალისტებს გგონიათ, მაშინ არ პოლიტიკაში ვიყავი, არც საქართველოში და არც კოდუა იყო იმ თანამდებობაზე.

- რაღაცეებს რომ ამბობდნენ, კოდუასთვის არ გიკითხავთ, მართალი იყო თუ არა?

- ჩემთვის პირველი მეგობრობაა და მით უმეტეს, მაშინ, როცა აქ არ ვცხოვრობდი, მისი პოლიტიკური წარსული და მომავალი საერთოდ არ მაინტერესებდა! სამეგობროდ ისე არ ამირჩევია, როგორც პოლიტიკოსი ან თანამდებობის პირი! ამიტომ არაფერი მიკითხავს, რადგან თავისი საქმე ჰქონდა და ამ საქმეს აკეთებდა! სხვათა შორის, "ოცნებაშიც" ბევრი მეგობარი მყავს! თბილისელი ბიჭი ვარ და დიდი სამეგობრო მყავს.

- ნათქვამია, რაც მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარო, მაგრამ ვახტანგ, ისევ რესტორნის ინციდენტს დავუბრუნდეთ...

- ჩვეულებრივი ჩხუბი მოხდა...

ასევე წაიკითხეთ: კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

- ისიც ითქვა, ამ ჩხუბის მერე მიშამ მჭედლიძეს შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო და საკრებულოც, თურმე, ამიტომ დატოვეთ... მიშამ მართლა ამის გამო აგითვალწუნათ?

- მიშა რა შუაშია?... დღესაც ბევრი ჭორია, მაგრამ ჭორი სიმართლე ხომ არაა?! ვიჩხუბეთ, შევრიგდით და მორჩა მორჩა ჩხუბი და მორჩა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩემი თანამშრომლობაც... იქ არც კოდუა იყო და არც - კოდუას ხალხი. სხვათა შორის, რესტორანში საკრებულოს მაშინდელი დეპუტატებიც იყვნენ და შეგიძლიათ ჰკითხოთ. მას, ვისთანაც ჩხუბი მოხდა, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონდა, რესტორანში ისე იყო შემოსული...

- ვის არ უჩხუბია, მაგრამ ამის გამო პოლიტიკიდან არ წასულა. ვახტანგ, ეს ჩხუბი იმის საბაბ-მიზეზი რატომ გახდა, საკრებულო დაგეტოვებინათ?

- აშკარა იყო, რომ ერთად მუშაობა არ გამოგვივიდოდა, საქმიანი და პირადი ურთიერთობების აწყობა ამ პოლიტიკურ გუნდთან, ჩხუბის მერე, წარმოუდგენელი იყო, თან ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და გადავწყვიტე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. იმ ეტაპზე უფრო სხვა თემები მქონდა გასაკეთებელი...

- ამის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაგირთულდათ?

- რა თქმა უნდა. როცა გუნდიდან შენი ინიციატივით მიდიხარ, თან წასვლამდე ვიღაცებს სცემ, ცხადია, ურთიერთობა ფუჭდება, თუმცა დაძაბულობა არავისთან მქონია...

- სხვათა შორის, თავის დროზე ითქვა, რომ ვენაში გიგი უგულავას მეუღლის მშობიარობას თქვენც დაესწარით...

- გიგის ცოლის მშობიარობა ჩემ ქორწილს დაემთხვა და თბილისში ვიყავი. ჩემს ქორწილში გიგიც არ ყოფილა... შემდეგ გადავწყვიტეთ პრაღაში წავსულიყავით. პრაღიდან ჩავედი ვენაში და თავისთავად ვნახე.

- გიგი უგულავა უფრო ახლო მეგობარია თუ ერეკლე კოდუა?

- როგორ შეიძლება მეგობრებზე ასეთი კითხვა დასვათ? ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვიმეორებ, პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთს არ ვუკავშირებ!

ვანო პავლიაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."