"ბერიკაობის" აქამდე უცნობი ისტორია - როგორ იპოზიორა მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა თბილისის ცნობილ ქანდაკებასთან

"ბერიკაობის" აქამდე უცნობი ისტორია - როგორ იპოზიორა მთვარეზე ნამყოფმა ასტრონავტმა თბილისის ცნობილ ქანდაკებასთან

ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიცია "ბერიკაობა" გულგრილს არავის ტოვებს. თოჯინების მუზეუმის წინ განთავსებული ქანდაკება, რომელიც ქართული ნაციონალური დღესასწაულის "ბერიკაობის" აღმნიშვნელია, მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის ნამუშევარია.

ბერიკებთან ფოტოების გადაღება თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის დღემდე ტრადიციაა, სწორედ ტურისტებს და ბავშვებს მოსწონთ განსაკუთრებით, მხიარული ადამიანების სკულპტურა. მოცეკვავე ბერიკების ქანდაკება კონკასთან 1981 წელს დაიდგა. ბერიკებთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიას ქანდაკების ავტორი ავთანდილ მონასელიძე გვიყვება. თითქმის არავინ იცის, რომ საქართველოში სტუმრობისას კოსმონავტებმა მაიკლ კოლინზმა და ალექსეი ლეონოვმა, თბილისის დათვალიერებისას ბერიკებთანაც გადაიღეს ფოტო. მაიკლ კოლინზი ცნობილი ამერიკელი ასტრონავტია, რომელიც "აპოლო 11"-ის პილოტი გახლდათ. მოგეხსენებათ, "აპოლო 11" პირველი პილოტირებული მისია იყო მთვარისკენ. სწორედ ამ მისიის წევრი გახლდათ ნილ არმსტრონგი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე.

- ბატონო, ავთანდილ როგორ შეიქმნა "ბერიკაობა"?

- თავდაპირველად სხვანაირი კომპოზიცია მქონდა გაკეთებული, როცა ასპირანტურაში ვსწავლობდი ჩემი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გრაფიკულად გავაკეთეთ. ამ ფიგურების გაკეთების აზრი ჯერ კიდევ 1976 წელს გამიჩნდა, 1981 წელს თაბაშირში შევასრულე, შემდეგ ხელოსნებმა ლენინგრადში, ბრინჯაოში ჩამოასხეს და თბილისობის დღესასწაულზე გაიხსნა ეს ქანდაკება. ედუარდ შევარდნაძე მაშინ ცეკას მდივანი იყო, მაშინდელი თბილისობის დღესასწაულზე საბჭოთა კავშირის ინტელიგენცია ჩამოვიდა. ისინი დაესწრნენ ბერიკების ქანდაკების გახსნას. მე ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ, ამიტომ მათთან მისვლაც კი მომერიდა. ახლაც შორიდან ვუყურებ ჩემს ქანდაკებასთან როგორ თამაშობენ ბავშვები. საბჭოთა კავშირის დროს ქანდაკებები ძირითადად პედესტალზე იდგმებოდა. ეს იყო პირველი ისეთი ქანდაკება, სადაც ბავშვებსაც შეეძლოთ მისვლა და თამაში, სურათების გადაღება. აქ როცა გავივლიდი და ვხედავდი ბავშვები როგორ თამაშობდნენ, ძალიან მიხაროდა. სამ თვეში ავაწყვე ეს ფიგურები, ახლა უკვე მიკვირს, როგორ შევძელი მარტივ დროში ამის გაკეთება. თითოეული ფიგურის სიმაღლე 8 მეტრია. ერთი ფიგურა 3000 მანეთი დაჯდა.

იხილეთ ვიდეო

- რა იყო თქვენი შთაგონების წყარო ბერიკებზე მუშაობისას?

- კასპში მაქვს სოფელი. არდადეგებზე ყოველთვის ჩავდიოდი იქ და ბავშვებთან ვთამაშობდი. სწორედ ის სცენა გახდა ჩემი შთაგონების წყარო, როცა ბერიკების ქანდაკებაზე დავიწყე მუშაობა. ახლაც მაქვს მზად რაღაც მასალები, რომელიც ჩემი აზრით თბილისს ნამდვილად მოუხდება, მაგრამ არსად არ მიმიტანია ეს ნამუშევრები, მერიდება საკუთარი ნამუშევრების სხვისთვის შეთავაზება. როცა ვაკეთებდი, ვიცოდი რომ ბრინჯაო დიდხანს ძლებს და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა ეს ქანდაკება თბილისში. არ ვიცი როგორ და რანაირად მოახერხეს, მაგრამ ხალხმა რაღაც ნაწილები მოჭრა და მოიპარა ქანდაკებიდან. ახლა ის სრულად არის რესტავრირებული. რესტავრაციის დროს თავზე დღედაღამე თავზე ვადექი რესტავრატორებს. ახლაც ხშირად მივდივარ და შორიდან ვუყურებ ბერიკებს.

- ნაკლებად არის ცნობილი ისტორია, რომელიც საქართველოში კოსმონავტ ალექსი ლეონოვის და ასტრონავტ მაიკლ კოლინზის სტუმრობას უკავშირდება. როგორ მოხვდნენ ისინი ბერიკებთან?

- ეს მოხდა 1983 წელს. საქართველოში კოსმონავტმა ლეონოვმა ჩამოიყვანა ორი ასტრონავტი, რომელთაგან ერთ-ერთი კოლინზი მთვარეზეც კი იყო ნამყოფი. მათ დაათვალიერეს თბილისი, რესტორანში მოილხინეს და შემდეგ ნასვამები ბერიკებთან მივიდნენ სურათების გადასაღებად. პირველად ვამბობ ამის შესახებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE