ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული - პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება

ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული - პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება

პროკურატურის შემხედვარე 1937 წელი მახსენდება, ოღონდაც განაჩენი გამოიტანონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, ეს ალბათ ერთ-ერთი სამაგალითო საქმე იქნება უარყოფით კონტექსტით, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიზო ღლონტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

გიზო ღლონტის თქმით, პროკურატურის დასკვნითი სიტყვის თქმის შემდეგ სათქმელი მას ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა, რადგან ბრალდება ფაქტობრივად არ არსებობს. გიზო ღლონტმა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.

"ყოფილმა პრემიერმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ არხს და თქვა, რომ "დელტაკომი" სრულიად უფასოდ ემსახურება შს სამინისტროს, მაშინ როდესაც 3 მილიონი უკვე გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებას "დელტაკომისთვის". მან ისიც თქვა, რა ეჩქარებოდა კაბელების საქმის მონაწილე პირებს ფულის გადახდა, თუმცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ის კი არ უთხრეს, რომ ფული მთავრობამ გადარიცხა და ჩვენ არაფერ შუაში არ ვყოფილვართ", - განაცხადა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულმა გიზო ღლონტმა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა თავადაცვის სამინისტროს გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2013 წლის შემდეგ უწყების ყველა თანამდებობის პირი ცდილობდა საჯაროობა შეეტანა ყველა პროცესში და განსაკუთრებით ეს მომხდარიყო შესყიდვების კუთხით. იმის დამადასტურებლად, რომ თავდაცვის სამინისტროში შესყიდვები გამჭვირვალედ ხორციელდებოდა, გიზო ღლონტმა მაგალითად ნატო-ს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ჯგუფის დასკვნაში საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად დასახელდა შესყიდვების მხრივ.

გიზო ღლონტმა კითხვებითაც მიმართა პროკურატურას. კონკრეტულად, ბრალდებული იმით დაინტერესდა იღებდა თუ არა 2013 წლის 21 დეკემბრამდე რომელიმე კომპანიისგან თავდაცვის სამინისტრო უფასო მომსახურებას და რატომ უნდა განხორციელებულიყო ეს 2013 წლის შემდეგ.

"2013 წლის 21 დეკემბრამდე, რომელიმე კომპანიის წინადადება, ვინც მომსახურებას უფასოდ უკეთებდა თავდაცვის სამინისტროს, შეთავაზება მსგავსი სახით არც ერთხელ არ ყოფილა და რატომ უნდა ყოფილიყო ეს ჩვენს პერიოდში. თავდაცვის სამინისტრომ ყველაზე ეკონომიური და მისაღები პროექტი მიიღო. ამასთან, უწყება ამ პროექტის თვითონ განხორციელებას ვერ მოახერხებდა და მას სჭირდებოდა კონკრეტული მომსახურების შესყიდვა", - განაცხადა გიზო ღლონტმა.

გიზო ღლონტის გარდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს სხვა ბრალდებულებმა: ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე და ამ რეფორმების გამჭვირვალეობაზე.

ბრალდებულების დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ