ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა განაცხადეს.
”ეს არის პირველი არჩევნები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს მოიცავს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პრესის თავისუფლების ჭრილში. საარჩევნო პერიოდი უმნიშვნელოვანესია რომ დავინახოთ, რამდენად შორს წავიდა ამ რეფორმების შედეგები. არჩევნები გახლავთ ლაკმუსის ქაღალდი დემოკრატიის შესაფასებლად. მნიშვნელოვანია, გაგვაჩნდეს ნათელი სურათი, თუ როგორ ფუნქციონირებს მასმედია ამ პერიოდში”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა და ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის მნიშვნელობას.
დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება 40-ზე მეტი ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალება.
მონიტორინგს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (ტელევიზია), ”ინტერნიუს - საქართველო” ( რადიო) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) (ონლაინ და ბეჭდური მედია) განახორციელებენ.
საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი 2016 წლის მაისიდან ნოემბრამდე ჩატარდება. მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე - www.MediaMonitor.ge.