ეგზორციზმი თუ მკვლელობა? - ემილი როუზის რეალური ამბავი, რომელიც რამდენიმე ფილმს დაედო საფუძვლად

ეგზორციზმი თუ მკვლელობა? - ემილი როუზის რეალური ამბავი, რომელიც რამდენიმე ფილმს დაედო საფუძვლად

იდუმალი ამბავი ანელიზეს შესახებ რამდენიმე მხატვრულ ფილმს დაედო საფუძვლად. ისტორია თითქმის 40 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე იწვევს ადამიანების ინტერესს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ანელიზე მიხელის შესახებ ამბავს იგებს, უჩნდება კითხვა - სინამდვილეში რა სჭირდა გოგონას, მართლა შეპყრობილი იყო, თუ მისი დაღუპვა უმძიმესმა დაავადებამ გამოიწვია. ამ კითხვაზე თითქმის 40 წლის შემდეგაც არ არის გაცემული პასუხი. გოგონას ცხოვრებამ საზოგადოებისა და მედიის ყურადღება 1976 წელს მიიქცია, როდესაც ანელიზე 24 წლის იყო. მოქალაქეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს და მოუთმენლად ელოდნენ ცნობებს უჩვეულო და ხმაურიანი სასამართლო პროცესიდან, რომელზეც კათოლიკე ღვთისმსახურთა ჯგუფს ბრალს სდებდნენ, რომ ისინი გახდნენ ანელიზე მიხელის დაღუპვის მიზეზი.

ანელიზე მიხელის (ემილი როუზის) სიყმაწვილე

გოგონა 1952 წელს ბავარიის პატარა სოფელში, მორწმუნე კათოლიკების ა. ფიურგისა და ი. მიხელის ოჯახში დაიბადა. ანელიზეს მშობლები მეტისმეტად კონსერვატულები იყვნენ, ბევრ მომენტში კი ორთოდოქსულებიც. მიხელების ოჯახი არ აღიარებდა მეორე ვატიკანურ კრებას და ყოველი თვის 13-ში ზეიმობდნენ ფატიმელ ქალწულ მარიამის დღესასწაულს. მისაბაძ ნიმუშად ოჯახში ხშირად მოჰყავდათ მეზობელი ქალი ვეიგანდი, რომელიც შესამოსელის მისაღებად 5 საათს მიდიოდა ფეხით კაპუცინების ეკლესიაში. გოგონა გაუცდენლად - კვირაში 2-3-ჯერ ესწრებოდა ეკლესიაში წირვას, წარმოთქვამდა კათოლიკურ ლოცვებს და მუდამ ცდილობდა გაეკეთებინა აუცილებელზე უფრო მეტი (მაგალითად, ცივ ზამთარში იძინებდა იატაკზე).

1968 წელს "შეტევის" პირველი შემთხვევა აღინიშნა: გოგონამ სპაზმის გამო ენა მოიკვნიტა. 12 თვის შემდეგ "შეტევები" ღამღამობით დაიწყო. ამ დროს ანელიზეს სხეული კარგავდა მოქნილობას, უჩნდებოდა უცნაური სიმძიმის გრძნობა მკერდში და ლაპარაკის უნარს კარგავდა - ანელიზეს არ შეეძლო დამოუკიდებლად ეთხოვა დახმარება მშობლებისთვის ან თავისი დებისთვის. პირველივე "შეტევის" შემდეგ გოგონას პირველად გაუჩნდა არაქათის გამოცლის, დაღლის შეგრძნება და სკოლაში სიარული ვეღარ შეძლო. შეტევებს მშვიდი პერიოდებიც ენაცვლებოდა, რომლის დროს გოგონა არცთუ ხშირად ჩოგბურთის თამაშს ასწრებდა.

"ემილი როუზის" დასაწყისი და დასასრული

1969 წლის აგვისტოში ანელიზეს ღამე გაეღვიძა, სუნთქვა უჭირდა, მთელი სხეული ისე იყო პარალიზებული, მოძრაობა არ შეეძლო. ოჯახის ექიმმა ფოგტმა გოგონა ფსიქიატრთან გასასინჯად გააგზავნა. 27 აგვისტოს მას ელექტროენცეფალოგრაფია გაუკეთეს და ვერავითარი ცვლილებები ვერ ნახეს. სულ მალე გოგონას დაუდგინდა ფილტვების ტუბერკულოზის და პლევრიტის დიაგნოზი და 1970 წლის დასაწყისში აშაფენბურგის საავადმოფოში დააწვინეს, ხოლო 28 თებერვალს მიტელბერგში გადაიყვანეს. 3 ივნისის ღამით შეტევა ისევ დაეწყო. ახალმა ელექტროენცეფალოგრამამ კვლავ არაფერი ისეთი არ აჩვენა, რასაც შეეძლო ექიმების ეჭვი გამოეწვია, თუმცა დოქტორმა ჰალერმა მაინც მედიკამენტებით მკურნალობა ურჩია. თავისი გადაწყვეტილება მან არ შეცვალა მესამე და მეოთხე ელექტროენცეფალოგრამის მიღების შემდეგაც, რომლებმაც ასევე არავითარი ცვლილება არ აჩვენეს. მიტელბერგში გოგონამ პირველად დაიწყო დემონების სახეების დანახვა. გაზაფხულზე ანელიზეს რაღაც კაკუნიც ესმოდა. დოქტორმა ფოგტმა, მას შემდეგ რაც ის გასინჯა და საეჭვო ვერაფერი ნახა, ოტოლოგთან გაუშვა, რომელმაც ასევე ვერაფერი იპოვა. არადა კაკუნის ხმა, რომელიც ანელიზეს ესმოდა, უკვე მისმა დებმაც გაიგონეს.

ანელიზემ თავად აღიარა, პირველად მას უკვე 13 წლის ასაკში ეჩვენებოდა, რომ შეპყრობილია. მის გარშემო მყოფი პირებიდან პირველი, ვინც მიხვდა, რომ გოგონას თავს ყველაფერი წესრიგში არ არის, იყო ქალი, სახელად ტეა ხაინი. ის ანელიზესთან ერთად იყო მომლოცველად წასული იტალიის ქალაქ სან-დამიანოში. ჯერ კიდევ მაშინ ხაინმა დააფიქსირა, რომ გოგონამ გვერდი აუარა ქრისტეს ერთ-ერთ გამოსახულებას და არ მოინდომა წყლის დალევა ლურდის წმინდა წყაროდან. 4 წლის მანძილზე თერაპიულმა მკურნალობამ, რომელიც კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც მოიცავდა, ანელიზეს მდგომარეობა ვერ შეცვალა. 1975 წლის 16 სექტემბერს შტანგლმა ა. როდევიკთან (იეზუიტთან) კონსულტაციის შემდეგ კანონიკური სამართლის კოდექსის 1151-ე თავის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე გოგონასთან გააგზავნა ალტი და სალვატორიანელი ა. რენცი ეგზორცისტული განდევნის აღსასრულებლად.

იმ დროს განდევნის ძირითადი ნაწილი იყო "რომის რიტუალი", რომელიც შორეულ 1614 წელს შეიმუშავეს და რომელიც მოგვიანებით 1954 წელს გააფართოვეს. გოგონამ განაცხადა, რომ მას მართავს 6 დემონი, რომლებიც მას წარუდგნენ ლუციფერის, კაენის, იუდა ისკარიოტელის, ნერონის, ფლეიშმანისა ( ფლეიშმანი 1552-1575 წწ მსახურობდა ფრანკოფონულ ღვთისმსახურად, მოგვიანებით დაითხოვეს ეკლესიიდან, რადგან დაადანაშაულეს ქალთან ურთიერთობასა და ღვინის სიყვარულში, თან მკვლელობაშიც დაედო ბრალი) და კიდევ ერთი გაურკვეველი სახელით.

1975 წლის 24 სექტემბრიდან 1976 წლის 30 ივნისამდე გოგონაზე ჩატარდა 65-ზე მეტი ეგზორცისტული განდევნა. მათგან 42 ვიდეოფირზე იყო ჩაწერილი და მოგვიანებით ნახეს სასამართლო დარბაზში. პირველი განდევნა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როცა ეკლესიის მსახურები ანელიზას ეხებოდნენ, ის ყვიროდა: "მომაშორე შენი თათები, ცეცხლივით მწვავს!" მისი შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა ერთდროულად სამ ადამიანს ჰყავდა გაკავებული, ხანდახან კი ჯაჭვით დაბორკვა ხდებოდა საჭირო.

აუხსნელია, რომ სხვა დანარჩენი დროის განმავლობაში ანელიზე ჩვეულებრივ გონებაზე იყო, არ უჩიოდა სისუსტეს, დადიოდა სკოლაში და ეკლესიაში, მოგვიანებით გამოცდებიც ჩააბარა ვიურცბურგის აკადემიაში. 1976 წლის 30 მაისს დოქტორი როტი ესწრებოდა ერთ-ერთ განდევნას და ღვთისმსახურ ალტს, რომელმაც დახმარება სთხოვა, ასე უპასუხა: "ეშმაკის საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს". იმავე წლის 30 ივნისს მძიმე პნევმონიის გადატანის შემდეგ, დასაძინებლად დაწოლის წინ ანელიზემ დედას უთხრა: "დედა, დარჩი ოთახში, მეშინია". ეს იყო ანელიზას უკანასკნელი სიტყვები. მეორე დილით დედამ ლოგინზე გარდაცვლილი ქალიშვილი იპოვა. მისი წონა ამ მომენტისთვის მხოლოდ 31 კგ იყო.

შედეგები - ეგზორციზმი თუ მკვლელობა

1978 წლის 21 აპრილს ქალაქ აშაფენბურგის (ამ ქალაქში სწავლობდა ანელიზე) სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა. ბრალდებულებს შორის იყვნენ ანელიზეს მშობლები და ორი სასულიერო პირი. გაურკვეველი მიზეზებით მშობლები გოგონას ექსჰუმაციაზე არ დაუშვეს, ხოლო რენცმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის მორგშიც კი არ შეუშვეს. აღსანიშნავია, რომ ეპისკოპალური კონფერენციის მეთაურმა კარდინალმა ი. ჰეფნერმა, რომელიც ადრე ამბობდა, რომ გოგონა არ იყო შეპყრობილი, 1978 წლის 28 აპრილს ასევე აღიარა, რომ სწამს ეშმაკის არსებობის. თავის ნაშრომში რამდენიმე მკვლევარმა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ანელიზეს შეპყრობილობის მომხრე პროტესტანტი ქალი ფ. გუდმანი (წიგნი "ანელიზა და მისი დემონები"), მთელი სასამართლოს პროცესი მკაცრად გააკრიტიკა.

როცა გულდასმით ჩატარებული გამოძიება დასრულდა, ბრალმდებელმა მხარემ განაცხადა, რომ ანელიზეს დაღუპვა ნაადრევად მოხდა და მინიმალური გათვლებით, მას კიდევ ერთი კვირა უნდა ეცოცხლა. ბრალდებულებს შორის იყვნენ: გოგონას მშობლები, პასტორი ე. ალტი და მამა ა. რენცი. სასამართლო პროცესი დაიწყო 1978 წლის 30 მარტს და სერიოზული საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. სასულიერო პირების დასაცავად იურისტების მრავალრიცხოვანი გუნდი შედგა, რომელთაც ეკლესიამ გადაუხადა გასამრჯელო. დაცვა ამტკიცებდა, რომ ეგზორციზმი მოქალაქეების ისეთივე გარანტირებული უფლებაა და მას ისევე იცავს კონსტიტუცია, როგორც რელიგიურ რწმენას. პროცესმა ბრალდებულებს დანაშაული დაუდგინა და მათ პირობითად 6 თვე ციხე მიესაჯათ.

ამჟამად ანელიზეს უკანასკნელ განსასვენებელს, მის საფლავს ქალაქ კლინგენბერგში კათოლიკური საზოგადოების წევრები სტუმრობენ. ზოგი მათგანი დარწმუნებულია, რომ ასეთი მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ანელიზეს სულმა ეშმაკზე გაიმარჯვა. 1999 წელს ვატიკანში კარდინალმა მ. ესტევეზმა, 385 წლის განმავლობაში პირველად, მედიის წარმომადგენლებს აჩვენა რომის რიტუალის ახალი ვერსია, რომლის შექმნაზეც ეკლესიის მსახურნი 10 წელზე მეტხანს შრომობდნენ. 2005 წელს ეკრანზე გამოვიდა რეჟისორ სკოტ დერიქსონის ფილმი - "ემილი როუზის ეგზორციზმი", რომელსაც ანელიზე მიხელის ისტორია დაედო საფუძვლად. 2006 წელს გამოვიდა გერმანელი რეჟისორის ჰანს-კრისტიან შმიდის კიდევ ერთი მხატვრული ფილმი "რეკვიემი", რომელიც ასევე ანელიზეს მიეძღვნა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)