"რუსთავი 2" მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს

"რუსთავი 2" მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილს "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის უფლება არ აქვს. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. "რუსთავი 2"-ის მხარე შორენა ყაველაშვილის აცილებას მოითხოვს.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 1-ელ ივნისს მივმართეთ, თუმცა მხოლოდ დღეს გაგვცეს პასუხი. ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულად რთულად მოსაძიებელ ინფორმაციას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ დღეს წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენს შეკითხვაზე თუ რა კვალიფიკაციით აქვს ჩაბარებული შორენა ყაველაშვილს გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: შორენა ყაველაშვილმა წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის კვალიფიკაციის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე შემდეგ გარემოებასთან: ჩვენს საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად, იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. შესაბამისად, ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია, გარდა იმ პროცესისა, როდესაც მისი აცილების შუამდგომლობა დადგა", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, შორენა ყაველაშვილი არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის ზონდერმოსამართლე.

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოავლინეს სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე იყო საჭირო კოლეგიაში. ქეთევან მესხიშვილი ან გოდერძიშვილი რის საფუძველზე ჩანაცვლდა შორენა ყაველაშვილით, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი", - განაცხადა გვარამიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ