თბილისელებისთვის ნაცნობი ბუკინისტის უცნობი ისტორია

თბილისელებისთვის ნაცნობი ბუკინისტის უცნობი ისტორია

ძია თენგიზს თბილისში წიგნის ყველა მოყვარული იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია.

68 წლის თენგიზ თაქთაქიშვილი ოც წელზე მეტია მარჯანიშვილის მეტროსთან ბუკინისტურ წიგნებს ყიდის. უმუშევრად დარჩენილმა სკოლის დირექტორმა წლების წინ საკუთარი წიგნების გაყიდვით დაიწყო "მეწიგნეობა", დღეს კი მთელი თბილისი მასთან ეძებს სასურველ ბუკინისტურ წიგნებს...

"როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა მე რუსული სკოლის დირექტორად ვმუშაობდი, ამ დროს კი ზოგი სკოლა დახურეს, მათ შორის, ის სკოლაც, სადაც მე ვმუშაობდი და დავრჩი უმუშევარი. დაწერილი მქონდა წიგნი - "მოძღვრება სამყაროზე", რომელიც დავამუშავე, შევუცვალე სახელი და დავარქვი: "ღმერთი და სატანა ანუ თავისუფლება და მონობა". მერე ეს წიგნი დავბეჭდე, როცა წიგნი გამოვიდა (დაახლოებით 5000-იანი ტირაჟით), წამოვედი მარჯანიშვილის მეტროსთან, იქ სადაც ახლა ვარ და თვითონ დავიწყე გაყიდვა. 2-3 თვეში თითქმის სრულად გავყიდე, მეტიც, ხელმეორედაც კი დავბეჭდე და კიდევ გავყიდე. ერთ დღესაც როცა წიგნს ვყიდდი, ქალბატონი მოვიდა, წიგნებს ხომ არ ჩაიბარებო, დავფიქრდი და დავთანხმდი, ოღონდ როცა გავყიდი თანხას მერე მოგცემ-მეთქი. ამის შემდეგ უკვე სხვებსაც მოჰქონდათ წიგნები და ვიტოვებდი, თუმცა ფულს მხოლოდ მას მერე ვაძლევდი როცა წიგნი გაიყიდებოდა. მას შემდეგ ნელ-ნელა ამ საქმეში დავოსტატდი, გავხდი პროფესიონალი მეწიგნე (მეგობრები "მეწიგნეთუხუცესს" მეძახიან) და ამასობაში 20 წელი გავიდა რაც აქ ვზივარ და ვყიდი წიგნებს"

- ბატონო თენგიზ, 90-იან წლებში იყო მყიდველი?

- კუპონი როცა შემოვიდა, დღეები ისე გადიოდა რომ ერთი წიგნიც კი არ იყიდებოდა ხოლმე. ისეთი გაჭირვება იყო ვის ჰქონდა წიგნის ყიდვის თავი, უნდოდათ წიგნი, მაგრამ არ იყო ყიდვის საშუალება. ახლა ცოტ-ცოტა მოიმატა გაყიდვამ. ახლა უკვე ოჯახის რჩენაც შეიძლება ამ საქმით. მართალია არც ახლაა იმდენი რომ თავზე გადაგდიოდეს ადამიანს, მაგრამ ოჯახს არჩენ. საარსებოდ რომ გეყოს იმდენია, თორემ წიგნით გამდიდრებული ადამიანი სადაა?!

- თავად თქვენ როგორი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- მე მქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც დაახლოებით 2000 წიგნისგან შედგებოდა. ჩემი პაპა, იაგორა თაქთაქიშვილი იურისტი იყო. ოქსფორდში სწავლობდა. საოცრად ნასწავლი და განათლებული კაცი გახლდათ. ოქსფორდის მერე სწავლა პეტერბურგში გააგრძელა. 1949 წელს გარდაიცვალა. პაპამ უნიკალური ბიბლიოთეკა დამიტოვა. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მოსკოვში მესწავლა, ფინანსური საშუალება არ მქონდა და ამ ბიბლიოთეკიდან გავყიდე წიგნები. ახლა რომ ვიხსენებ საოცრად მწყდება გული. მაშინ არც იმის შესაბამისი ანაზღაურება მომცეს რაც ის წიგნები ღირდა და ასეთი უნიკალური წიგნებიც დავკარგე. მერე ნელ-ნელა ისევ დავიწყე წიგნების შეგროვება. ხშირად, ჩაბარებული წიგნი მე თვითონ მიყიდია და შემიძლია ვთქვა რომ ახლა ძალიან მაგარი ბიბლიოთეკა მაქვს. წიგნის ჭია ვარ. ახალგაზრდობაში დღეში 20 საათიც კი წამიკითხავს წიგნი, ახლა დავბერდი და მაგდენი აღარ შემიძლია, მაგრამ ყოველდღე 5-6 საათი რომ არ ვიკითხო არ შემიძლია.

- თქვენს კოლექციაში ხშირად მინახავს ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნებიც...

- ბევრი წიგნი შემხვედრია, რომელსაც ავტორის ხელმოწერა ჰქონდა. ერთი პერიოდი ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენელს ვურეკავდი ხოლმე და მერე იმას მიჰქონდა ეს წიგნები. მიხარია, რომ მუზემში ჩემს მიერ მიცემული ექსპონატებიც ინახება.

- თქვენი საყვარელი წიგნი რომელია?

- ჩემი საყვარელი წიგნი "ბიბლიაა". ამის მერე უპირველეს ყოვლისა "ვეფხისტყაოსანი" და "დავითიანი". ამ წიგნებში ღრმა საიდუმლოებაა დამალული, რომელიც ჯერაც არავინ უწყის და მას "ათვლის ეტალონი" ჰქვია. ეს "ათვლის ეტალონი" ყველა ქართველმა მეფემ იცოდა და იმიტომაც იყო რომ გონივრულად და ერთგულად ემსახურებოდნენ ერს. ძალიან მიყვარს ვაჟა ის მსოფლიო დონის გენიოსი იყო. უცხოელებიდან დოსტოევსკი, ტოლსტოი, პრუსტი, ჯოისი. ეჰ, იმდენი კარგი მწერალია რომ ჩამოთვლაც კი მიჭირს. რამდენიმე სიცოცხლე არ გეყოფა ადამიანს ყველა კარგი წიგნი რომ წაიკითხო".

- ბატონო თენგიზ, ის ვინც ბუკინისტობას აპირებს რა რჩევას მისცემდით?

- სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ნამდვილი ბუკინსტი მხოლოდ მე ვარ დარჩენილი. ბუკინისტობა რატომღაც მხოლოდ წიგნის ყიდვა-გაყიდვა ჰგონიათ, არადა ბუკინისიტმა წიგნთან ურთიერთობა უნდა იცოდეს, წიგნი უნდა უყვარდეს. შემხვედრია ხალხი, ვინც ამ საქმე მისდევს და წერა-კითხვაც კი არ იცის. ისინი წიგნს წმინდა კომერციული თვალით უყურებენ. მე კარგი წიგნი რომ ჩამივარდება ხელში ჩემთვის ვიტოვებ და სახლში მიმაქვს, ისინი სახლში არ წაიღებენ, რადგან წიგნი ბიზნესად აქვთ გადაქცეული. მქონია შემთხვევა როდესაც ოჯახში წიგნების წამოსაღებად მივსულვარ, წინასწარ ვიყავით შეთანხმებული ერთი ლარი უნდა მიმეცა თითო წიგნში, მაგრამ ადგილზე მისულს აღმომიჩენია, რომ ის გამოცემა 30 ლარი ღირს. ეს ფაქტი მათთვის მაშინვე მითქვამს და დამირეკავს იმათთვის ვისაც ასეთი წიგნები აინტერესებს, მოსულან და უყიდიათ. ბუნებრივია, მეც ამიღია აქედან რაღაც პროცენტი, მაგრამ ლარად რომ წამომეღო ამას ჩემ თავს ვერ ვაკადრებდი. წიგნი არ იმსახურებს ასეთ მოქცევას.

- ყველაზე ხშირად რას ნატრობთ ხოლმე?

- ჩემი უდიდესი ნატვრაა მთელმა საქართველომ შეიყვაროს წიგნები, მერე ჩვენზე მაგარი ქვეყანა მთელ მსოფლიოში არ იარსებებს, ახლაც ვერავინ შეგვედრება, მაგრამ მერე სულ მთლად უნაკლოები ვიქნებით.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს