თედო ჯაფარიძე რუსეთის დელეგაციაზე - გუშინ მშვენიერი საღამო იყო, ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ

 თედო ჯაფარიძე რუსეთის დელეგაციაზე - გუშინ მშვენიერი საღამო იყო, ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ

საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტში ყველა ის მწვავე საკითხია შეტანილი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს დიდ მეზობელთან ჩვენს ურთიერთობებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განუცხადა.

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება 2008 წლის ომს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მკვლელობებს, გატაცებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვხვდებით დელეგაციებს და კულუარული ინფორმაციით ვიცი, რომ დელეგატთა უმრავლესობა ჩვენს რეზოლუციას მხარს უჭერს. რეზოლუციის პროექტში შეტანილია მხოლოდ სამი შესწორება - ისიც სტილისტური ან უმნიშვნელო პოლიტიკური ხასიათის. დაველოდოთ, როგორ გაიმართება დებატები. ჩვენი რუსი კოლეგები სიურპრიზების მომზადებაში გაწაფული არიან, რაც კიდეც შემოგვითვალეს ამ რამდენიმე ხნის წინ. ქართული დელეგაცია რეზოლუციის პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის გავიდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რას დაუპირისპირებს რუსი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ საკითხთან მიმართებით რუსეთის მხრიდან ყველა შეთანხმება დაცულია, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი არახალია და ამგვარი არგუმენტები რუსეთის დელეგაციის წევრების მხრიდან არა ერთხელ გვაქვს მოსმენილი".

"დღეს კვირა დღეა და შეიძლება გარკვეული დოზით იუმორს მივმართოთ. გუშინ მშვენიერი საღამო იყო და ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ. დიდი ხანია ამ პროცესში ვარ ჩართული და ეს ყველაფერი არახალია - ამგვარი არგუმენტები რუსეთის დელეგაციის წევრების მხრიდან არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. მთავარია, რომ ჩვენი არგუმენტები არის მყარი, არის ძალიან ხისტი და არ ვაპირებთ ერთი იოტის, ერთი სანტიმეტრის დათმობას", - განაცხადა ჯაფარიძემ. ჯაფარიძის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილვა ვერ ესწრება და მას კომიტეტი ხვალ განიხილავს, რის შემდეგაც რეზოლუციაზე დებატები პლენარულ სესიაზე გაგრძელდება. საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."