ქალი თვეების ბიჭუნას სიგარეტს აწევინებს - მოჰყვება თუ არა რეაგირება ინტერნეტში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს

ქალი თვეების ბიჭუნას სიგარეტს აწევინებს - მოჰყვება თუ არა რეაგირება ინტერნეტში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა, რომელზეც ქალი თვეების ბიჭუნას ანთებულ სიგარეტს უდებს პირში, ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო. მას შემდეგ, რაც ვიდეო ასობით ადამიანმა გააზიარა და სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, ავტორმა იგი ფეისბუქის პირადი გვერდიდან წაშალა.

ვიდეოს გმირი ქალი სულაც არ მიიჩნევს დარღვევად იმას, რომ პატარა ბავშვს აიძულებს სიგარეტი მოწიოს, პირიქით, სიცილით აკეთებს ამას.

"რა დააშავა ამ ანგელოზმა ასეთი უტვინო დედა რომ ჰყავს? სოციალური სამსახური არსებობს საერთოდ? რათ უნდა მაგას შვილი?"; "ნორმალურ ქვეყანაში მაგ ტუტუც გოგოს დედობას ჩამოართმევდნენ!!"; "ჩემი აზრით, ამ ბავშის დედას პატიმრობა უნდა მიესაჯოს" - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

ვიდეოთი უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი. როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული საქმის შესწავლა დაწყებული აქვს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრს.

ჩვენ ვესაუბრეთ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ბავშვის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს:

"იმით, რაც კადრში ჩანს, პირველ რიგში ირღვევა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია, რომლის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და მშობელი ვალდებულია მოზარდი მავნე ზეგავლენის ქვეშ მოქცევისგან დაიცვას. საერთაშორისო კონვენციის მსგავსად, საქართველოს კანონიც კრძალავს ბავშვებზე თამბაქოს მიყიდვას და მშობლების მხრიდან მის მოხმარებაზე ხელშეწყობას. სამწუხაროდ, ფოტოზე ვხედავთ იძულებას. არ ვიცი ვინ არის ქალბტონი, დედა, ძიძა თუ ნათესავი, მაგრამ ფაქტია, რომ პატარას, რომელიც ალბათ ერთი წლის ასაკისაც არ იქნება, იძულებით გაასინჯეს ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, ამ ფაქტით ასევე ირღვევა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომლის სპეციალური მუხლი პირდაპირ კრძალავს ბავშვების მსგავს მავნებლობაში ჩათრევას და არასრულწლოვანზე თამბაქოს მოხმარების დაძალებას. ამ კადრში გარკვევით ჩანს იძულება, რის გამოც მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.

სოციალური სააგენტო ვალდებულია ფოტოზე აღბეჭდილი მოზარდის მდგომარეობით დაინტერესდეს, დააკვირდეს მას და დაიცვას. თუკი მოზარდზე ძალადობას ახდენს მშობელი და ეს სისტემატურად ხდება, შესაძლებელია ბავშვი ჩამოერთვათ და მასზე ზრუნვა იკისროს სოციალურმა სამსახურმა.

სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვს აიძულებენ მოწიოს სიგარეტი, უღებენ ფოტოებს, დებენ სოციალურ ქსელებში და ამაზე ხუმრობენ. ამჯერად უკვე ვიდეოკადრები გავრცელდა. ეს ამაზრზენია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ამას, მშობელი თუ ნათესავი, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი დამნაშავეს, რათა მსგავსი შემთხვევები ავირიდოთ და დავიცვათ ბავშვები ნებისმიერი და მათ შორის ამ ტიპის ძალადობისგან.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ჩვენს საზოგადოებაში მოწევა ნორმად მიიჩნევა და ამას პირველ რიგში ხელს უწყობს სახელმწიფოს უნიათობა და გულგრილი დამოკიდებულება მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ. განსაკუთრებით დაუცველია ბავშვები, ახალგაზრდობა...ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, პასიური მწეველობით, ანუ იმის გამო, რომ მოწევა ნებადართულია ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში, დახურულ შეობებსა და ტრანსპორტში, ყოველდღიურად გვეღუპება 30 ადამიანი და მათ შორის ერთი ბავშვი. ის ბავშვი არის მსხვერპლი და სახე საზოგადოების და სახელმწიფოსი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მისი მომავალი თაობის დაცვას, თავის ფუნქციას არ ასრულებს და უნდა რაც შეიძლება მეტი მწეველი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ჰყავდეს. ასეთი გულგრილობის შედეგია ის, რაც ამჯერად გახმაურებული ფაქტის სახით დაფიქსირდა. იმის გამო, რომ მოწიფულ ადამიანებს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნით მოწევა, თანაც მოზარდის თანდასწრებით, იქამდეც კი მიდიან, რომ ბავშვებს ულახავენ სასიცოცხლო უფლებას და აიძულებენ ნარკოტიკი გასინჯონ" - აღნიშნა საუბრისას "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი