როგორ ითვლიან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს - "ეს 600 ოჯახი, ქვეყნის მინიმოდელია"

როგორ ითვლიან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს - "ეს 600 ოჯახი, ქვეყნის მინიმოდელია"

ბეჭდური მედიის რეიტინგი და პოპულარობა ტირაჟით იზომება, ინტერნეტმედიის - ყოველდღიურად საიტზე შესული "იუზერების" რაოდენობის მიხედვით, ტელემედიის რეიტინგების გაზომვა კი ცოტა უფრო რთული და შრომატევადი საქმეა. როგორ ადგენენ საქართველოში ტელემედიის პოპულარობის ხარისხს, ამის შესახებ ჩვენს ქვეყანაში სატელევიზო რეიტინგების მთვლელი კომპანია TMI-ს დირექტორი ცოტნე მირცხულავა გვესაუბრება.

- TMI მულტინაციონალური, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია KANTAR MEDIA-ს ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. ჩვენი მიზანია, საქართველოს მედიასივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას.

KANTAR MEDIA -ს 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება გააჩნია და უწყვეტ რეჟიმში აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას 3 მილიონზე მეტი ბრენდის შესახებ. ამ ეტაპზე ის 22,000 კლიენტს სთავაზობს სანდო მონაცემებს, მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჩვენ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა 2014 წლიდან დავიწყეთ. სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ, რათა KANTAR MEDIA ჩვენი ბაზრით დაინტერესებულიყო და საქართველოში შემოსულიყო. დაახლოებით ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 2016 წლის პირველ იანვარს ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა.

- როგორ ხდება სატელევიზიო რეიტინგების დადგენა?

- დიახ, ჩვენ საქართველოში სატელევიზიო არხების რეიტინგებს ვითვლით. ასევე, მონიტორინგს ვუტარებთ სატელევიზიო არხების ბადეებს. ამ სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოში შევარჩიეთ 600-მდე ოჯახი. სპეციალური მოწყობილობა (ფიფლმეტრი) მათი ტელევიზორების აუდიოსიგნალის წყაროზეა მიერთებული. ამ აუდიოსიგნალზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით კონკრეტულმა ოჯახმა ან ოჯახის წევრმა, კონკრეტულ დროს რომელ არხზე, რომელ გადაცემას უყურა.

- რა პრინციპით შეარჩიეთ ეს ოჯახები?

- ოჯახის რეკრუტირება ძალიან რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია. ფაქტიურად, ეს 600 ოჯახი საქართველოს მინიმოდელს წარმოადგენს. ჩვენ უკვე არამარტო ის ვიცით, რომელი ოჯახი რა გადაცემასუყურებს, არამედ კონკრეტულად ოჯახის ესა თუ ის წევრი რა დროს, რისი ყურებითაა დაკავებული. ეს სპეციალური პულტის დამხარებით ხდება, რომელიც ფიფლმეტრს მოჰყვება. თითოეული ოჯახის წევრი, როდესაც ტელევიზორის საყურებლად ჯდება, ამ პულტს მოიხმარს. დანარჩენს სისტემა ავტომატურ რეჟიმში ითვლის.

- აქამდე თუ არსებობდა საქართველოს მედიაბაზარზე მსგავსი მომსახურების სისტემა?

- ქართულ ბაზარზე ჩვენს შემოსვლამდე მხოლოდ თორმეტიოდე სატელევიზიო არხის რეიტინგის გაზომვა ხორციელდებოდა. ჩვენ კი, უკვე ბაზარზე შემოსვლისთანავე, დაინტერესებულ პირებს 24 არხის მონაცემები მივაწოდეთ. ჩვენი კონკურენტი ძირითადად მხოლოდ მსხვილის, ცენტრალური არხების რეიტინგს ითვლის, მაგრამ ამ არხების გარდა, საქართველოში ტელე-მაუწყებლობისთვის 50-ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული და დანარჩენმა არხებმა არასდროს იცოდნენ, ვინ უყურებდა მათ, ან უყურებდნენ თუ არა საერთოდ. მათი რეიტინგები არავის არასდროს დაუთვლია.

- თქვენ ამ დროისთვის სულ რამდენი არხის რეიტინგს ითვლით?

- ძალიან სერიზოული და შრომატევადი სამუშაო ჩავატარეთ და ერთი თვის წინ გაზომვადი არხების სია 53-მდე გავზარდეთ. დავამატეთ რეგიონული, პატარა და უცხოური არხების (CNN, BBC, Cartoon Network, Nickelodeon და ასე შემდეგ) რეიტინგების დათვლის სერვისი. ეს უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს მედიასივრცეში. აღნიშნული არხების რეიტინგები საქართველოში არასდროს, არავის დაუთვლია. "თრიალეთი", "რიონი", "იმერვიზია", "ტვ 25", "ოდიში", "მეგა ტვ" და სხვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდი ხანია მაუწყებლობენ, მაგრამ მათი მაყურებლის რაოდენობა თუ დემოგრაფიული სტრუქტურა უცნობი იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს TMI და KANTAR MEDIA ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოს სრული სატელევიზიო ბაზრის უზუსტეს ზომვას ახორციელებს.

-რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ არხისთვის თავისი რეიტინგის ცოდნას?

- შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგი არის არხისთვის სარეკლამო ბაზარზე შესვლის ბილეთი. თუ არხს რეიტინგის მონაცემები არ აქვს, მისთვის ძალზედ რთულია სარეკლამო ბაზარზე შეღწევა. თუ სარეკლამო კომპანიამ არ იცის, რამდენი ან როგორი მაყურებელი ჰყავს ამა თუ იმ არხს, როგორ გაყიდოს არხის სარეკლამო დრო? ამ ინფორმაციის გარეშე ეს არხები დაჩაგრულები იყვნენ, რეკლამიდან თანხა პრაქტიკულად არ შესდიოდათ. ჩვენი სერვისი და ინფორმაცია ეხმარება ტელეკომპანიებს განვითარდნენ, დაიხვეწონ, აიმაღლონ პროფესიონალიზმის დონე და მოიპოვონ მათი კუთვნილი წილი სარეკლამო ბაზრიდან. ჩვენი რეიტინგების მეშვეობით პატარა ტელეკომპანიებს, რეგიონულ ტელეკომპანიებს, შანსი უჩნდებათ, რომ თავისი სარეკლამო დრო გაყიდონ. ასევე, ჩვენი ინფორმაცია რეიტინგებთან დაკავშირებით და სატელივიზიო ბადის მონიტორინგი არის ძლიერი დამხმარე ინსტრუმენტი საეთერო ბადის უფრო ეფექტიანად აწყობაში. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ქართულ ბაზარზე KANTAR MEDIA-ს შემოსვლით, ჩვენი ქვეყანა ჩაერთო იმ ქვეყნების სიაში, სადაც მედიასივრცის აღწერა ყველაზე თანამედროვე და ცივილიზირებული მეთოდოლოგიით ხდება. ეს კი თავის მხრივ დაეხმარება ქართულ მედიასივრცეს საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ჩვენი მისიაა, ზუსტი და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ხელი შევუწყოთ საქართველოს მედია სივრცის გაჯანსაღებას და განვითარებას.

ეკა სალაღაია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი