ზურაბ ზვიადაური "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ

ზურაბ ზვიადაური "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. დაზუსტებული ინფორმაციით, ახმეტის საარჩევნო ოლქში გელა სამხარაულის კანდიდატურაა შერჩეული, რომელიც ამჟამად თელავის მაჟორიტარია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ სამხარაულთან ერთად კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. არჩევნებისთვის ემზადებოდა ახმეტის ამჟამინდელი მაჟორიტარი ზურაბ ზვიადაურიც. იგი პერიოდულად ხვდებოდა საკუთარ მომხრეებს და აძლევდა საარჩევნო დავალებებს, ასევე შეხვდა ყოფილ აგიტატორებსა და კოორდინატორებსაც, რომლებსაც ბოდიში მოუხადა "აქამდე გამოჩენილი უყურადღებობის" გამო და სამომავლო დაპირებებიც უხვად გასცა. ამავე პერიოდში, ზვიადაურის უშუალო მითითებით მუნიციპალიტეტში სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე იურიდიული პირი, სადაც მისი ერთგული მხარდამჭერები დაასაქმეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათი ხელფასები გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება.

5 ივლისს ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაიბარეს. შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრებოდა. საუბრისას "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არჩევანი გელა სამხარაულზე შეჩერდა და გამგებელს საარჩევნო კამპანიის პროცესში მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მეორე დღესვე ზურაბ ზვიადაურმა დეპუტატის ბიუროში დილიდანვე დაიბარა გამგებელი, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მოხელეები, იურიდიული პირების ხელმძღვანელები და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი სხვა თანამშრომლები. იმავე დღეს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება (დაახლოებით 500-მდე ხელმოწერა) და მომდევნო დღისთვის აქციის ჩატარებაც დაიგეგმა.

მეორე დღეს, 16 საათისათვის დეპუტატის ბიუროს შენობის წინ ჩატარდა აქცია, რომელშიც, სამუშაო საათების მიუხედავად, დაახლოებით 100-120 საჯარო მოსამსახურე და მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომელი მონაწილეობდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის წყაროს ინფორმაციით, აქციის მსვლელობის დროს ზურაბ ზვიადაურმა "ქართული ოცნების" რეგიონების კოორდინატორს დიტო სამხარაძეს დაურეკა და ხალხის სახელით "დაემუქრა", თუ ჩემი კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, პარტიას დავტოვებ და არც მხარდაჭერა გექნებათ ჩემი მომხრეებისგანო. თავის მხრივ, პარტიის ოფისიდან მას თბილისში ჩასვლა სთხოვეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა