"საუბარი მესმოდა: რა საჭირო იყო ჩემი ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარო" - რას ყვება თვითმხილველი აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე

"საუბარი მესმოდა: რა საჭირო იყო ჩემი ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარო" - რას ყვება თვითმხილველი აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელსა და დაჭრილს შორის დაძაბული საუბარი თავდაპირველად აღსრულების ეროვნული ბიუროს მისაღებში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ისინი გარეთ გავიდნენ, რამდენიმე წუთში კი სროლის ხმა გაისმა.

"საუბრობდნენ მისაღებში: "რა საჭირო იყო ჩემი ასე ძებნა, მეც ხომ თანამშრომელი ვარ". ასეთი საუბრები მესმოდა, რის შემდეგაც ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ. დავინახეთ, რომ თავდამსხმელი უკნიდან მიუახლოვდა ორ პირს და ზურგიდან, შეიძლება ითქვას, გვერდიდან ესროლა. შემდეგ თავდამსხმელს დაჭრილის თანმხლებმა პირმა ესროლა და ისიც დაჭრა. ანუ იყო ორმხრივი სროლა. გავიგე დაახლოებით 8 თუ 9 გასროლა", - განაცხადა თვითმხილველმა ვლადიმერ შენგელიამ.

ასევე იხილეთ: აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის ახალი დეტალები და ფოტოები ადგილიდან

კითხვაზე, იყვნენ თუ არა თავდამსხმელი და დაჭრილი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები, თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ზუსტად არ ფლობს. "როგორც ჩანს, ალბათ, ორივე სამართალდამცველი იყო", - განაცხადა შენგელიამ.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სროლის შედეგად, ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი - 2.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პაატა შამუგიას თქმით, მომხდარ ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. თანამშრომლებმა მუშაობის პერიოდში გაიგონეს სროლის ხმა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოქალაქეებს შორის მოხდა დაპირისპირება.

ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორია და ავტოსადგომი სამართალდამცველებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს, თუმცა უცნობია, ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც, შესაბამისად, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ