ათათურქიდან ერდოღანამდე - რევოლუციები, გადატრიალებები და გაუთავებელი ბრძოლა დემოკრატიასა და რადიკალიზმს შორის

ათათურქიდან ერდოღანამდე - რევოლუციები, გადატრიალებები და გაუთავებელი ბრძოლა დემოკრატიასა და რადიკალიზმს შორის

გასული საუკუნის 20-იან წლებში ოდესღაც მძლავრი ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ თურქეთის რესპუბლიკაში არმია ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის - ქემალ ათათურქის დროიდან მოყოლებული ჯარი ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მთავარი გარანტი იყო.

"თურქეთში ისლამსა და დემოკრატიას შორის ზავი გაფორმდა. ამ კავშირის პირმშო - მაღალი საზოგადოებრივი ზნეობაა. ზოგჯერ ბავშვი ავად ხდება და თურქული არმია - სწორედ ის ექიმია, რომელიც მას გადაარჩენს. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ჩვენ თავად ვარჩევთ წამალს, რომ ბავშვი გამოჯამრთელდეს", - ასე აღწერს შეიარაღებული ძალების როლს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გენერალი ჩევის ბირი, 1997 წლის სამხედრო შეთქმულების ერთ-ერთი ლიდერი.

XX საუკუნეში არმიამ ოთხჯერ მოუწყო ამბოხი მთავრობას, რომელიც მათი აზრით, ათათურქის მემკვიდრეობას ღალატობდა.

1960 წლის 27 მაისის გადატრიალება ყველაზე სისხლიანი იყო. იქამდე 10 წლის განმავლობაში ქვეყანას დემოკრატიული პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესი მართავდა. ის მკაცრი და ხისტი პოლიტიკით გამოირჩეოდა. მან გაამკაცრა ცენზურა და მძლავრი რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბა. მისი ინიციატივით ქემალისტურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას ათათურქის მიერ დატოვებული ქონება სრულად ჩამოართვეს. ის არმიის პოლიტიკაზე გავლენის შემცირებასაც ცდილობდა.

1955 წელს სტამბოლში მომხდარი ძალადობის აქტი ბერძენი მოსახლეობის წინააღმდეგ სწორედ მისი პროვოცირებული იყო. 6-7 სექტემბერს რადიკალური ლოზუნგებით წახალისებული თურქები ქრისტიან ბერძნებს დაერივნენ. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი. მათ შორის ორი მღვდელი.

არასწორმა პოლიტიკამ მენდერესის მმართველობას წერტილი დაუსვა. მისი დამხობის ინიციატორი სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალი ჯამალ გიურსელი და პოლკოვნიკი აპარსლან თიურქეში იყვნენ. თურქეთის ახალი ხელისუფლება წინამორბედებს სასტიკად გაუსწორდა. 1961 წლის მენდერესს, მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრს ფატინ ზორლუს და ფინანსთა მინისტრს ჰასან პოლატკანს კორუფციაში, კონსტუტუციის დარღვევაში და სახელმწიფო პრინციპების ღალატში დასდეს ბრალი. სამივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

ერთი წლის შემდეგ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა. 1965 წელს ქვეყანაში პირველად, დემოკრატიულ არჩევნები გაიმართა. პრემიერის პოსტი სულეიმან დემირელმა (ის ხუთჯერ იყო თურქეთის პრემიერი და ერთხელ პრეზიდენტი) დაიკავა.

სხვადასხვა სექტორების აქტიური რეფორმირების მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ დემირელი უძლური აღმოჩნდა. ქვეყანა ძალადობამ მოიცვა. 1971 წლის 12 მარტს არმიის გენშტაბის მეთაურმა გენერალმა მემდუჰ ტაგმაჩმა გამოქვეყნებულ მემორანდუმში სახელმწიფოს მეთაურის გადადგომა, სახალხო ნდობის მთავრობის ჩამოყალიბება და ქვეყნის ათათურქის მიერ არჩეულ გეზზე დაბრუნება მოითხოვა. ულტიმატუმით შეურაცხყოფილი დემირელი გადადგა. მინისტრთა კაბინეტი ნაჰატ ერიმმა ჩაიბარა. თურქეთში ე.წ. "მემორანდული გადატრიალება" მოხდა.

ვითარებას ამან არ უშველა. 1970-იანი წლების განმავლობაში ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო. 1971 წლის მარტიდან 1980 წლის სექტემბრამდე თურქეთში მინისტრთა კაბინეტი 11-ჯერ შეიცვალა. სამ მათგანს სულეიმან დემირელი ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება, ეკონომიური პრობლემებით განპირობებულმა ქაოსმა მოიცვა. თუ 1973 წელს შეტაკებების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 1979 წლისთვის ამ ციფრმა 1500-ს მიაღწია. ტერორმა პოლიტიკაც ჩაითრია. 1971 წელს სტამბოლში ისრაელის კონსული მოკლეს. 1980 წლის 19 ივნისს კი ექსტრემისტებმა ყოფლი პრემიერი ნიჰატ ერიმი გამოასალმეს სიცოცხლეს.

უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყნის გადარჩენისთვის არმიამ კვლავ პოლიტიკოსების წინააღმდეგ გაილაშქრა. 1980 წლის 12 სექტემბერს ანკარის ქუჩებში ტანკები გამოჩნდნენ. გენშტაბის უფროსმა კენან ევრენმა დემირელის კაბინეტის გადაყენების, პარლამენტის დათხოვნისა და 1961 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების შესახებ განაცხადა.

ხელისუფლებაში 3 წლის განმავლობაში მყოფმა სამხედროებმა შეძლეს ძალადობისა და ტერორის ტალღების აღკვეთა. მაგრამ საზოგადოებას სიმშვიდე ძვირად დაუჯდა. ციხეები გადაივსო. 200-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 171 წამების შედეგად დაიღუპა. 14 ათას აქტივისტს მოქალაქეობა ჩამოართვეს. კიდევ 30 ათასი ქვეყნიდან გაიქცა.

1982 წელს არმიის ზედამხედველობით ჩატარებულ არჩევნებზე, გადატრიალების ორგანიზატორმა კენან ევრენმა გაიმარჯვა. ის თურქეთის 7-ე პრეზიდენტი გახდა. 2014 წელს, 1980 წლის გადატრიალების საქმეზე, ანკარის სასამართლომ 96 წლის ევრენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და რიგითამდე ჩამოაქვეითა. ყოფილი გენერალი და პრეზიდენტი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

1997 წლის მოვლენებს კლასიკურ გადატრიალებას ვერ მივაკუთვნებთ. თურქეთში ხელისუფლება მშვიდობიანად - ტანკების, სასიკვდლო განაჩენების, პარლამენტის დაშლისა და კონსტიტუციის გაუქმების გარეშე შეიცვალა. ქვეყანა ნაჯმეტინ ერბაკანმა ჩაიბარა. ორი წლით ადრე სტამბოლოს მერი ერბაკანის აქტიური მიმდევარი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახდა.

1997 წელს პრეზიდენტმა დემირელმა სამხედროებს ქვეყნის პოლიტიკური კურსისთვის თვალყურის დევნების თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის აზრით, პრემიერი ერბაკანი ქვეყანაში ისლამური წესების გამკაცრებისკენ მიისწრაფვოდა. იმავე წელს ერბაკანი გადადგა. ერთი წლის თავზე კი სასამართლომ მისი პარტია აკრძალა.

ერდოღანი, რომელიც ჯერ კიდევ სტამბოლის მერი იყო, გადააყენეს და ისლამური პროპაგანდისთვის 4 თვით ციხეში ჩასვეს. მაგრამ ისლამისტური მიმდევრობის ამოძირკვა ვერ მოხერხდა. 2001 წელს ერდოღანმა ერბაკანის პარტიის ნანგრევებზე საკუთარი პოლიტიკური ძალა - სამართლიანობისა და განვითარების პარტია ჩამოაყალიბა და 2002 წელს საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა