სამხატვრო აკადემიაში დაბადებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის Co.mode+ ისტორია

სამხატვრო აკადემიაში დაბადებული ტანსაცმლის ქართული ბრენდის Co.mode+ ისტორია

სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში გაჩენილი იდეა მარიამ ონიანმა რეალობად აქცია და ახალგაზრდა დიზაინერმა შექმნა სივრცე, რომელმაც მის ნამუშევრებთან ერთად, უამრავი დამწყები დიზაინერის შემოქმედება გააერთიანა. ასე გაჩნდა ჯერ Co.mode+, მოგვიანებით კი Co.Lab. ბრენდები, რომლებიც ახალგაზრდებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

"იდეა სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში გამიჩნდა. ყოველ წელს 20-30 სტუდენტი ამთავრებდა აკადემიას და შეკერილი კოლექციების რეალიზებას ვერავინ ახდენდა. მივხვდი, რომ საჭირო იყო ისეთი სივრცე გვქონოდა, სადაც შევძლებდით ჩვენი ნამუშევრების გამოფენასა და გაყიდვას. სადიპლომო ნამუშევრების შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და აუცილებელი იყო გარკვეული სივრცე ამ ნამუშევრების რეალიზებისთვის", - ამბობს დიზაინერი მარიამ ონიანი და AMBEBI.GE-ს Co. mode+ -ის ისტორიას უყვება:

საწყისი კაპიტალი და პირველი ნაბიჯები

"ჩემი იდეის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა ოჯახი: მათ გადმომცეს კომერციული ფართი ბარნოვის 45 ნომერში. მყავდა პარტნიორი, რომელიც ფინანსისტია (2015 წლის მაისის ბოლოს ჩვენ დავასრულეთ ერთად თანამშრომლობა) სარემონტო სამუშაოებში გვეხმარებოდნენ მეგობრებიც, ამ სივრცის მოწყობაზე დაიხარჯა 12 000 ლარი. ფართი სარდაფშია, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს კონცეფციას, რადგან ჩვენთან ახალგაზრდა დიზაინერები მუშაობენ, underground სტილი გვაქვს. ისეთი მაღაზია გამოვიდა, რომელშიც სპეციალურად უნდა მიხვიდე. მაღაზია ჩემი და ჩემი კურსელების სადიპლომო ნამუშევრებით გავხსენი. ტანსაცმელთან ერთად წარმოდგენილი იყო დიზაინერების მიერ შექმნილი ავეჯიც.

სირთულეები თითქმის არ გვქონდა. დიზაინერთა ინტერესი დიდი იყო. ასევე, დიდ დაინტერესებას ვხედავდით მომხმარებლების მხრიდან. ეს ყველასთვის დიდი სტიმული იყო".

რატომ: Co. mode+

"ეს არის სხვადასხვა მიმართულების ახალგაზრდა დიზაინერთა გაერთიანება. ჩვენთან, ტანსაცმელთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ სახლის დეკორაციებიც, ამიტომ მოვიფიქრეთ სახელი „კომოდი", როგორც ავეჯის, ასევე ტანსაცმლის შესანახი ადგილი.

ერთ-ერთმა მეგობარმა ეს სახელწოდება ასე დაწერა - сo.mode , რაც ძალიან მოგვეწონა: сo - გაერთიანება, mode - მოდა. 2016 წლის ივნისიდან შიდა რეორგანიზაციის გამო co.mode-ი, co.mode+ - ით შევცვალეთ. ჩვენი ახალი ბრენდის სახელიც Co.Lab - concept laboratory-ს აბრივიატურაა".

დიზაინერები

Co.mode + ბრენდქვეშ ძირითად კოლექციებზე მე (დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი, სპეციალობა ფეხსაცმლის დიზაინი) და ნინო სეფო ( ნინო სეფიაშვილი. დაამთავრა სამხატვრო აკადემია ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით) ვმუშაობთ.

ნინოს კოლექცია იტალიური Vogues -ის რჩეული პროექტი გახდა, ასევე თანამშრომლობს უცხოურ ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი მათგანია Not just a label, რომელიც მას სხვადასხვა ბაიერთან აკავშირებს. გვყავს ძალიან ბევრი დიზაინერი, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება".

კოლექციები და რეალიზაცია

"კოლექციები არ არის მასიური წარმოების, უმეტეს წილად მოდელები თითო-თითოა, რაც მომხმარებელს განსხვავებულობას ანიჭებს. ძირითადი ნამუშევრები ხელნაკეთია, ფასები შეძლებისდაგვარად, მორგებულია ქართველ მომხმარებელზე. ჩვენმა პროდუქციამ პირველივე დღეებიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან განსხვავებული კოლექციები გვაქვს. მოწონებას იმსახურებს მაღაზიის ინტერიერიც, მომხმარებლებს ძალიან უყვართ ჩვენთან მოსვლა.

ჩვენი კოლექციები 18-40 წლამდე ქალბატონებზეა გათვლილი, პერიოდულად ვმუშაობთ დიდ ზომებზეც, მოთხოვნის შესაბამისად დავამატეთ ბავშვის ხაზიც, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. გვაქვს ატელიე, სადაც ჩვენი ბრენდი იკერება. ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს,

ძირითადად, ქართულ ბაზარზე ვმუშაობთ. ჩვენი პროდუქცია იყიდება ბარნოვის 45 ნომერში და ჩვენს მეორე მაღაზია Co.Lab- ში, რომელიც სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" მდებარეობს. გვაქვს კერძო შეკვეთები უცხოეთიდანაც".

#გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია:

"სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოების" შესახებ. პირველივე დღეებში დავრეგისტრირდი. მცირე ბიზნესს ყოველთვის სჭირდება, თუნდაც პატარა მხარდაჭერა და მივხვდი, რომ ეს ჩვენთვის კარგი შანსი იქნებოდა, მეტ ხალხს გაეგო ჩვენ შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამდენი ბრენდის ისტორია, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, ბევრისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. დიდი სურვილი მაქვს, რომელიმე ნომინაციაში გავიმარჯვოთ. ჩვენ ხომ ეს საქმე პირველებმა დავიწყეთ. დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი , 2 წლის განმავლობაში 6-მა ადამიანმა ჩვენთან მიღწეული წარმატებით დამოუკიდებლად გახსნა მაღაზია. აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიით დასაქმდნენ".

წარმატების ფორმულა: "თავდაუზოგავი შრომა და საქართველოში შექმნილ პროდუქციაზე საგადასახადო შეღავათების დაწესება".

Co. mode+ - ის სამომავლო გეგმები

ამ წელს ბარნოვის მაღაზიას ვაფართოვებთ. ჩვენთან არსებულ პირველ სართულსაც დავიკავებთ, დაბლა ატელიეს გავზრდით, რადგან მომარაგება მეტი გვჭირდება 2 მაღაზიისთვის. გვსურს, ჩვენი მომხმარებელი ახალ ბრენდს Co.Lab-ს შევაჩვიოთ და ისევე შევაყვაროთ, როგორც Co. mode+. პირადად ჩემთვის ეს ბრენდი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ჩემი ცხოვრება ამ საქმესთან არის დაკავშირებული. მიყვარს ყოველი ახალი დღის დაწყება, რადგან ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ შედეგის მისაღწევად, რაც ყოველი დღის ბოლოს უნდა მქონდეს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი