გიორგი კვირიკაშვილი - ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, მაგრამ ვერ უშველეს

გიორგი კვირიკაშვილი - ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, მაგრამ ვერ უშველეს

ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, ისინი ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციისა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც წვრთნებს არასერტიფიცირებული ინსტრუქტორები ატარებდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.

"ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა და მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ჩემთვის და ყველასთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ - ვართ იმ განვითარების საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახს.

"მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ სამხედროები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე. ჩვენ რაც ხელთ გაგვაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა პრემიერმა.

გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია.

„ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."