როდის ხდება დაუნდობელი ნუცა შანშიაშვილი?

როდის ხდება დაუნდობელი ნუცა შანშიაშვილი?

"მგზნებარე და იმპულსურია, მისი დევიზია: "უკეთესია, გააკეთო და ინანო, ვიდრე - არ გააკეთო და ინანო". არც ისე ცუდი ფსიქოლოგია, ადამიანთა აზრებისა და სურვილების ამოცნობა და წინასწარმეტყველებაც კი შეუძლია. მისი ცხოვრება ძალიან მდორედ წარიმართებოდა, რომ არა გადამეტებული სწრაფვა სასიყვარულო თავგადასავლებისადმი. გრძნობებს, რომელიც ტანჯვით არ არის შელამაზებული, იგი არ ცნობს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ეს კი მომღერალ ნუცა შანშიაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია იმ დონეზე არ მაინტერესებს, რომ ასტროლოგთან ვიზიტზე მივსულიყავი. პირადი ჰოროსკოპი ჩემმა მეგობარმა, ანრი ჯოხაძემ შემიდგინა. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მთავარი შემქმნელის იქით, არანაირი ჭეშმარიტება არ არსებობს. უფალი არის დიდი სინათლის ენერგია, რომელიც მართავს ყველაფერს და მის ქვემოთ მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყვავილები და ადამიანებიც ამ მთავარ ძალასთან თუ ვიქნებით კავშირში, ყველაფერი აგვისრულდება. აქედან გამომდინარე, ასტროლოგიას და მასთან ერთად ძალიან ბევრ რამეს აზრი ეკარგება. სამყაროს ერთიანი ძალა მართავს, ჩვენ ყველანი ვარსკვლავებზე კი არა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული.

ანრი თავად მორიელია... მითხრა, რომ ქალწულები არ უყვარს. არადა, მსმენია, რომ მორიელები და ქალწულები ერთმანეთს კარგად უგებენ. ჩემს პირად ჰოროსკოპში ასცედენტი მყავს მერწყულში. მერწყული აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გიჟი პიროვნებაა. ანრი მეუბნება, შენი მერწყული არ "ჩართო", თორემ გავგიჟდებიო (იცინის).

მე პირადად მორიელებზე ვგიჟდები. ჩემს წარმატებაში მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით. კარიერაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები მორიელებთან ერთად გადამიდგამს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ 3 სექტემბერს დაბადებული ადამიანები რთული ხასიათითა და მეწვრილმანეობით გამოირჩევიან. ზედმეტად დრამატულად აღიქვამენ მიმდინარე მოვლენებს. შენს შემთხვევაში ასეა?

- რა სისულელეა. ციფრი სამი ყველაზე კარგი ციფრია. ჩემში ეს სირთულე არ არსებობს. ჩემთან ურთიერთობა საკმაოდ ადვილია. დრამატიზმი სცენაზე მაქვს, დრამატული მსახიობი ვარ. რეალურ ცხოვრებაში კი მისგან შორს ვდგავარ.

- "მოწესრიგებულია, უზადო პასუხისმგებლობითა და წვრილმანების მიმართ დიდი ყურადღებით გამოირჩევა".

- პასუხისმგებლობის გრძნობით ნამდვილად გამოვირჩევი, ძალიან მობილიზებული ვარ.

- პედანტი ხარ?

- არა.

- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებს".

- ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მაგაზე მშვენიერი არაფერი არსებობს. ჩვეულებრივი ფეთხუმი ვარ. საკონცერტო კაბები თავზე მაყრია, არ ვიცი, სად წავიღო.

- "რასაც ქალწულის წყობიდან გამოყვანა შეუძლია, ეს ქაოსია. მისთვის აუცილებელია, გარშემო ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი. აქედან გამომდინარე, არათუ პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დაგეგმილი და გადანაწილებული აქვს".

- ნეტავ ეგრე იყოს. მე თავად ქაოსური და ცხოვრების დინებას მინდობილი ვარ. არაფერს ვალაგებ, რადგან ვიცი, რომ რაც დასალაგებელია, იმას ღმერთი თავად დაალაგებს. პირად ურთიერთობაშიც ყველაფერს ვურევ და ყველაფერს ხელოვნების "იარლიყს" ვანიჭებ. იქ, სადაც დალაგებულია, ხელოვნება არ არის. ხელოვნება თავისუფლებაა, სიგიჟეა, ბევრი ექსპრომტია. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ამბები ხშირ შემთხვევაში მოულოდნელობებითაა სავსე.

- მომავლის დაგეგმვა გჩვევია?

- ხანდახან მინდა დავგეგმო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. კონცერტი წინასწარ თუ არ დაგეგმე, ისე არაფერი გამოვა. რაც შეეხება ცხოვრებას, ეს ის შემთხვევაა, როცა კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის. ხვალ სად წავალ, მომავალ დღეს როგორ გავატარებ, აზრზე არა ვარ.

- "ბუნებაში უსაქმურ ქალწულს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. თუ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს, სახლში იფუსფუსებს და ასე მაინც გამონახავს საქმეს".

- კი, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ოჯახში ფუსფუსს, ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. მე სახლის ადამიანი არა ვარ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება