"ჩემი 7 წლის ჯანმრთელი შვილი რიტუალების სასახლემ შეიწირა..." - ქორწილში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"ჩემი 7 წლის ჯანმრთელი შვილი რიტუალების სასახლემ შეიწირა..." - ქორწილში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ოქროპირიძეების ოჯახისთვის საშინელი ტრაგედიით დასრულდა ქორწილი თბილისის რიტუალების სასახლეში. 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, 7 წლის შოთიკო ოქროპირიძე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მამიდის ქორწილში იმყოფებოდა. ის ბავშვებთან თამაშობდა, ცოტა ხანში, როცა მშობლებმა მოიკითხეს, ვერსად ნახეს. ეძებდნენ ყველგან, მაგრამ უშედეგოდ.

მოგვიანებით ბავშვი სავენტილაციო ჭაში ჩავარდნილი იპოვეს. ბიჭუნა საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, მათ შორის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, ფილტვების დაჟეჟილობა, მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა... ბავშვი სამი დღე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი რიტუალების სასახლის ხელმძღვანელობას უსაფრთხოების ზომების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მათი თქმით, სავენტილაციო ჭა შესაბამისად არ იყო შენიღბული და მასთან არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი არ იდგა. მათივე თქმით, 12-მეტრიანი სიღრმის სავენტილაციო მილი ჩალის ბადით იყო დაფარული და ზემოდან მაგიდა ედგა, რომლის ქვეშაც ბავშვი შეძვრა და ტრაგედიაც მოხდა.

შოთიკოს ოჯახის წევრები - მამა და ბებია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ტრაგედიის დღეს იხსენებენ. თამარ ჭინჭარაძე ამ საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს და დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

"გვეგონა ბავშვი დამალობანას თამაშობდა და სადმე იყო დამალული. ვეხვეწებოდით, მუსიკა გამოერთოთ, რომ ბავშვს მიკროფონში ჩვენი ხმა გაეგონა, მაგრამ არ გამორთეს, არც შუქები აანთეს, აბსოლუტური ქაოსი იყო. ჩემმა მძახალმა მოითხოვა, სასწრაფოდ პატრულში დავრეკოთო, მაგრამ ეუბნებოდნენ, დაწყნარდით, პატრულს რატომ უნდა გამოვუძახოთ, ვიპოვითო. მთელი 25 წუთი მაქსიმალურად გადაგვატანინეს ყურადღება გარეთ, რომ იქ გვეძებნა, რაღაც დახვეული, ბნელი ასასვლელი იყო, თავიდანვე ვთქვი, აქ ტყულად ეძებთ, შოთიკო არ ავიდოდა-მეთქი.

იმ დროს არავის უსხენებია ჭა. შუა დარბაზში ჩვეულებრივი, გაფორმებული მაგიდა იდგა თურმე იმ ჭაზე. გარშემო ხის რიკულები ჰქონდა, რომელშიც ბავშვი გაეტია. მაგიდაზე ლამაზი ლარნაკი იდგა, შამპანურის პირამიდას აქ ვაკეთებთო, ეგეც კი მითხრეს. ანუ ისე იყენებდნენ, როგორც მაგიდას. ისე იყო შენიღბული, რომ დამენახა, ბავშვი იქ ძვრებოდა, შეიძლებოდა არც დამეშალა.

მე და ჩემი ვაჟი, შოთიკოს მამა, მაისში მივედით იქ დარბაზის დასაჯავშნად და, როცა ვნახე ეს მაგიდა, მომეწონა. დაფარული რომ არ ყოფილიყო, ჩავიხედავდი, ბადეს დავინახავდი და თამუნა გომართელს (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი) ვკითხავდი, ეს ბადე რატომ არის-მეთქი, აღარც ბავშვი ჩავიოდა იქ. მაშინ ვუთხარი, აქ ბავშვებიც იქნებიან, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად თუ არის დაცული-მეთქი. კი, ქალბატონო, ყველაფერი დაცულიაო. გვაწყნარებდნენ, პანიკა არ არის ასატეხიო.

- როგორ იპოვეთ ბავშვი?

- ჩემი მეუღლის ნათესავმა ჩაიხედა იმ მაგიდიდან და ბადე გახეული დაინახა. ჩალის ბადე იყო, სამ კილოსაც კი არ უძლებდა. რკინის მაინც ყოფილიყო. ნათესავმა ყვირილი დაიწყო, ჩახეულია და ჩქარა გაანათეთო. დაცვამ თავი შეყო და, არა, აქ არაფერი არისო, მაშინაც არ თქვეს, რომ იქ ჭა იყო. დაცვას ვინღა უსმენდა, ის მაგიდა გადააგდეს და ყველაფერი გამოჩნდა. მობილურებით ჩაანათეს, პატრულშიც დარეკილი იყო. პატრული რომ მოვიდა, ბავშვი ორ წუთში იპოვეს. სარდაფის კარი თანამშრომლებმა გახსნეს.

- ბავშვი რა მდგომარეობაში იყო?

- 12,5 მეტრიან ჭაში ჩავარდნილი რა მდგომარეობაში იქნებოდა? რომ ჩავიხედე და მისი თეთრი პერანგი დავინახე, იქვე ჩავიკეცე. მერე დაიყვირეს, სუნთქავსო... ეს იყო სუფთა მახე, სასაკლაო მახე! როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე თქვა, რომ უსაფრთხოება დაცულია?! სანამ დაიკარგებოდა, ბავშვს 5 წუთით ადრე ვხედავდი, იქ დარბოდა. როგორც კი ვერ დაინახა მამამისმა, 2-3 წუთში მოიკითხა. ბავშვი რომ ვიპოვეთ, ყველა დაიკარგა - დაცვა, მომსახურე პერსონალი, აღარავინ ჩანდა, ქაოსი იყო. სტუმრებმა ფარდები ჩამოხიეს, ერთმანეთზე გადააბეს და ასე უნდოდათ იქ ჩასვლა, ამასობაში უკვე შიგნითაც შუქი აინთო და ბავშვთან შევიდნენ.

არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება აპატიო ადამიანს? მართლა რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ბოლომდე ვიბრძოლებ! ბავშვი მამიდის ქორწილში იყო, ჩემი ქალიშვილის ქორწილი გახლდათ.

გარსევან ოქროპირიძე, ბავშვის მამა: "ექსპერტიზა თუ დაადგენს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, მაშინ ეს ქვეყანა მართლა ჩალით არის დაფარული! დამნაშავე უნდა დაისაჯოს! თუ საჭირო გახდება, სტრასბურგშიც წავალთ. 7 წლის სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მყავდა, რომელსაც არაფერი აწუხებდა და რიტუალების სასახლემ შეიწირა.

ფაქტია, რომ უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მოხდა ეს ტრაგედია, ჩვენი ნათესავი ამბობს, ბავშვის ამბავი როცა გაირკვა, ჩემი თვალით დავინახე, დაცვის უფროსი მანქანაში რომ ჩაჯდა და გაიქცაო.

- ამ უბედურების შემდეგ რიტუალების სასახლის ადმინისტრაციასთან გქონდათ რაიმე კონტაქტი, ესაუბრეთ?

- ვესაუბრე მათ იურისტს. სადმე რომ შემხვდეს, შეიძლება თავი ხელში ვერ ავიყვანო - წვრილმანი ვაჭრობა დამიწყო. მათი ერთი თეთრიც არ მჭირდება, მე თვითონ გავუკეთებ ჩემს შვილს ყველაფერს. საფლავს ჩვენ ვუყიდით და თქვენ მოაპირკეთეთო, ასეთი ვაჭრობა დამიწყეს. მათი შერჩეული საფლავი რომ ვნახე, ვუთხარი, ჩემი შვილი გადასაგდებად არ მინდა-მეთქი. იურისტმა დამირეკა, თანახმა არიან თქვენ მიერ შერჩეულ ადგილზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მადლობის წერილს დაწერთ და რიტუალების სასახლეში დატოვებთო. იქ უკვე სასწაული დამემართა... არაადამიანები არიან!

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი