დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

დათა ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით - "მეტი ბრალდება - მეტი პრემია, -ასე ეხმაურება პროკურატურის დღევანდელ განცხადებას კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, 26 მაისის აქცია იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას.

"ბატონ დავით ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა გახლავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით - "მეტი ბრალდება - მეტი პრემია!"...

მოგეხსენებათ "26 მაისის აქცია" იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. აქციები ორგანიზებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, "ეგვიპტური სცენარის" საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ "მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ. რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ", - ნათქვამი ზაქარეიშვილის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

ასევე, როგორც ცნობილია, "26 მაისის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."