გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი

გერმანიაში პოპულარული ქართველი ბოდიბილდერი

ბოდიბილდინგი საქართველოში დღითიდღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, საქართველოში ის მხოლოდ ბოლო წლებში განავითარეს ქართველმა ენთუზიასტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბოდიბილდერებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე მსოფლიო ასპარეზზეც წარმოაჩინეს. 26 წლის ქართველი ნორა ლობჟანიძე წლებია, გერმანიაში ამ საქმითაა დაკავებული. ის ფიტნესმწვრთნელი და ბოდიბილდერია. მას ამ სფეროში უკვე დიდი წარმატებები აქვს. როგორც თავად ამბობს, გერმანიაში პოპულარული ადამიანია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

- საქართველოში დავიბადე და 12 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარს ის ადგილი, სადაც გავიზარდე... მერე მშობლებმა გერმანიაში წამომიყვანეს. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან მიჭირდა მეგობრებისა და ახლობლების გარეშე ყოფნა, მაგრამ მერე შევეჩვიე.

- როგორ მოახერხე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

- თავდაპირველად მტკივნეულად განვიცდიდი ყველაფერს... სკოლაშიც, ასაკის შესაბამის კლასში არ დამსვეს, ერთი წლით უკან დამაბრუნეს, რადგან გერმანული არ ვიცოდი. თუმცა, ჩემი შრომითა და მონდომებით, გიმნაზია წარმატებულად დავამთავრე. ეს ყველაფერი რთული იყო. სხვათა შორის, გერმანიაში ჩასულმა ჩემი საყვარელი საქმიანობა მალევე დავიწყე.

- შენი ოჯახი გაგვაცანი.

- ჩემი მშობლები პროფესიით ინჟინრები არიან. მყავს ერთი ძმა.

- როგორც ვიცი, პროფესიით მოცეკვავე ხარ, არა? მომიყევი შენი საქმიანობის შესახებ.

- ცეკვისა და სპორტის მიმართ მისწრაფება ბავშვობიდან მქონდა. 6 წლიდან დავდიოდი სპორტულ სკოლაში, მხატვრულ ტანვარჯიშზე. მოგვიანებით, მშობლებმა 89-ე საჯარო სკოლასთან არსებულ, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლში მიმიყვანეს, სადაც ასევე, დიდი წარმატებები მქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ სწორედ ცეკვითა და ფიზიკური ვარჯიშით მივაღწევდი იმას, რაც ახლა მაქვს... ძალიან მიყვარს სცენაზე დგომა, მუსიკის ფონზე მოძრაობა. აქტიური ადამიანი ვარ.

- თავის დროზე მშობლებმა საქართველოდან წასვლა რატომ გადაწყვიტეს?

- მაშინ საქართველოში არეული სიტუაცია იყო, ამიტომ მამა სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ერთი წლის შემდეგ ანუ 2001 წლის ზაფხულში მთელი ოჯახიც იქ ჩავედით.

- ბოდიბილდინგით რა ასაკში დაინტერესდი?

- ბოდიბილდინგმა ბოლო წლებში გამიტაცა. 15 წლის ვიყავი, როცა მოცეკვავედ და ფიტნესინსტრუქტორად დავიწყე მუშაობა. 2009 წელს გავხდი ჩემპიონი "ვიდეოკლიპ-ცეკვაში". გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი ამერიკაშიც ვიმყოფებოდი, სადაც ქორეოგრაფად, მოცეკვავად და ფიტნესმოდელად ვმუშაობდი. პარალელურად დავიწყე სწავლა და დავეუფლე ფიტნესის პერსონალური მწვრთნელის პროფესიას. მალევე, 2014 წელს პირველი ადგილი დავიმსახურე სამხრეთ გერმანიის ჩემპიონატზე, ხოლო მესამე ადგილი - გერმანიის ჩემპიონატზე, ბოდიბილდინგში. ამჟამად მაქვს საკუთარი ფიტნეს და ცეკვის სტუდია მიუნხენსა და ჰაგსბურგში. გატაცებული ვარ ფოტო და ფიტნესმოდელიერობით. ადრე ეს ყველაფერი ჩემთვის ჰობი გახლდათ, ახლა კი საყვარელი საქმიანობაა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი