უკრაინელი ჟურნალისტი - ქართველები PACE-ს კენჭისყრებს თითქმის არ ესწრებიან - სად ატარებდნენ დროს - შეხვედრებზე, როგორც ამას აცხადებენ, თუ შოპინგზე, როგორც ამას ჟურნალისტები ხუმრობენ?

უკრაინელი ჟურნალისტი - ქართველები PACE-ს კენჭისყრებს თითქმის არ ესწრებიან - სად ატარებდნენ დროს - შეხვედრებზე, როგორც ამას აცხადებენ, თუ შოპინგზე, როგორც ამას ჟურნალისტები ხუმრობენ?

უკრაინული გამოცემა "Европейская Правда" ვრცელ სტატიას უძღვნის გასულ კვირას, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართული კენჭისყრის შედეგებს, რომლის მიხედვით, ქართული დელეგაციის წევრებს უკრაინის მხარდამჭერი 2 რეზოლუციის მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"საქართველოს ღალატი თუ სააკაშვილის პიარი? რას ნიშნავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართველების უკრაინისთვის ხმის არმიცემა", - სტატიაში ამ სათაურით სტრასბურგის ბიუროს ჟურნალისტი სერგეი სიდორენკო აღნიშნავს, რომ მომხდარმა მიხეილ სააკაშვილის, დავით საყვარელიძის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების შეშფოთება გამოიწვია.

"რა თქმა უნდა, ქართველი დეპუტატები გვიპასუხებენ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად მათი ხმები კრიტიკული არ იყო და ეს სიმართლე იქნება. პირველ რეზოლუციას მხარი დარბაზში მყოფი 102 დეპუტატიდან 78-მა დაუჭირა, მეორეს კი - 104-დან 87-მა. ქართველი კოლეგების დამატებითი ხმები ზედმეტი არ იქნებოდა, თუმცა გადამწყვეტი არ იყო. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე უკვე გასაგები იყო, რომ რუსეთის ბოლო ქმედებებმა სირიაში ევროპელი პარლამენტარები შეაშფოთა და ისინი მზად არიან, პუტინი კვლავ დასაჯონ. მაგრამ, ამ პირობებშიც კი არ იყო ზუსტად ცნობილი, რომ ასამბლეა ყველაზე რადიკალურ შესწორებებს, მაგალითად, სანქციების საკითხს მხარს დაუჭერს. სწორედ აქ, პროუკრაინული ხმების უპირატესობა არ იყო საკმარისი. მაგალითად, საკვანძო შესწორებამ რეზოლუციის სათაურის შეცვლის თაობაზე, რომლის თანახმად "კონფლიქტი უკრაინაში" გადაიქცა "უკრაინაში რუსულ აგრესიად", მხოლოდ 62 მხარდამჭერი ხმა მოიპოვა. ამიტომ აქ, უკრაინისთვის ყველა ხმა იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის ქართული დელეგაციების ხმებიც", - წერს ჟურნალისტი.

მისი მოსაზრებით, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, უკრაინელებს დაანახონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უღალატა და ამბობენ, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობა მთელი საქართველოს პოზიცია კი არ არის, არამედ მოქმედი ხელისუფლების დემარშია, მაშინ როცა სააკაშვილის მხარდამჭერებს სხვანაირი პოზიცია უკავიათ.

"თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი: უკრაინის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არც სააკაშვილის თანამებრძოლებს არ მიუღიათ", - აღნიშნავს სერგეი სიდორენკო.

მისი მოსაზრებით, დავით საყვარელიძის მტკიცება, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველო წარმოდგენილია მხოლოდ ხელისუფლებით, ერთგვარ მანიპულაციას წარმოადგენს, რადგან აკრედიტაცია აქვთ არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" სამ წარმომადგენელსაც (ევროპის საბჭოს წევრს და მის ორ მოადგილეს).

"არც ერთი მათგანი ოქტომბრის სესიაზე არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო: ოთხშაბათი "უკრაინის დღე" იქნებოდა"... "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სტრასბურგში ჩასლა შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამო ვერ შეძლეს. მაგრამ, საკმარისია გადავხედოთ ბოლო პერიოდში მიღებულ ყველა უკრაინულ რეზოლუციას, რათა დავრწმუნდეთ: სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებს ისევე სჩვევიათ უკრაინული საკითხების განხილვაზე არდასწრება, როგორც მათ კოლეგებს "ოცნებიდან", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, მასალაში ჩამოთვლია ცალკეული რეზოლუციები, რომლებსაც ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ან არ შეუერთდა.

"2016 წლის ივნისი, რეზოლუცია "საპარლამენტო იმუნიტეტზე" და რეზოლუცია "ევროპელი დეპუტატების ყირიმში ჩასვლის დაუშვებლობაზე" - არც ერთი ხმა ქართული დელეგაციისგან.

2016 წლის აპრილი, რეზოლუცია "ჰუმანიტარულ შედეგებზე უკრაინაში ომის დროს დატყვევებულთა მიმართებაში" – 0 ხმა "ოცნებისგან", 1 ხმა "ნაციონალური მოძრაობისგან", 1 ხმა "თავისუფალი დემოკრატებისგან".

2016 წლის იანვარი, რეზოლუცია "პარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე" – 1 ხმა "ოცნებისგან", 0 "ნაციონალური მოძრაობისგან".

2016 წლის ივნისი, რეზოლუცია "უკრაინაში კონფლიქტის დროს გაუჩინარებულ პირთა შესახებ" – 1 ხმა "ოცნებისგან", 1 "თავისუფალი დემოკრატებისგან", 0 "ნაციონალური მოძრაობისგან".

ერთადერთი მაგალითი, როდესაც შეგვიძლია საქართველოს რეალურ მხარდაჭერაზე ვისაუბროთ - 2015 წლის ივნისია, როდესაც ჩატარდა კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე, რაც დროსაც "ოცნებისგან" 3 ხმა, "ნაციონალური მოძრაობისგან" კი 1 ხმა მივიღეთ", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

მისი მოსაზრებით, ზემოთ ჩამოთვილი ციფრები ნათლად ადასტურებს, რომ საუბარია არა "ღალატზე" თბილისის მხრიდან, არამედ, "პიარ-ომზე" ორ ქართულ ძალას შორის, სადაც უკრაინული საკითხი ბრძოლის იარაღად იქცა.

"სინადვილეში, ქართველები ევროპის საბჭოს სასესიო დარბაზში კენჭისყრებს თითქმის არ ესწრებიან და ეს დოკუმენტურად დადასტურებულია კიდეც. მაგალითად, წინა სესიაზე, ქართული მედიის თანახმად, სტრასბურგში ქართული დელეგაციის 4 წევრი ჩავიდა. აქედან ორს მონაწილეობა არც ერთ კენჭისყრაში არ მიუღია. ერთმა დელეგატმა, გუგული მაღრაძემ, ხმის მიცემის პროცედურაში 7-ჯერ მიიღო მონაწილეობა - ეს იყო დილით, ისიც მეორეხარისხოვან საკითხებზე. კიდევ ერთმა, მანანა კობახიძემ, ღილაკს მხოლოდ ერთხელ დააჭირა. ამ სესიის დროს კი, 54 კენჭისყრა ჩატარდა (რეზოლუციებზე და შესწორებებზე). სად ატარებდნენ ქართველები დანარჩენ დროს - შეხვედრებზე, როგორც ამას აცხადებენ, თუ შოპინგზე, როგორც ამას ჟურნალისტები ხუმრობენ - უკრაინისთვის ეს მეორეხარისხოვანი საკითხია", - წერს ჟურნალისტი.

ის მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების განცხადებებში სიმართლე ის არის, რომ ოფიციალური კიევის და თბილისის ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ჟურნალისტი წერს, რომ უკრაინას და საქართველოს თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიციები აკავშირებთ, საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი, საჭიროა უკრაინელების ქართველ კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა.

"კიევს უნდა გაახსენდეს, რომ "მარადიული მეგობრობაც" კი ქრება, თუ თვეების განმავლობაში მხარეები ერთმანეთს იგნორირებას მოახდენენ", - აღნიშნავს სერგეი სიდორენკო.

მისი მოსაზრებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გააქტიურება უნდა დაიწყოს საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნით, რადგან ეს თანამდებობა 2015 წლის ივნისიდან ვაკანტურია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."