ანა მიქელაძე - არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა

ანა მიქელაძე - არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ნება გამოეხატათ და თავიანთი არჩევანი დაეფიქსირებინათ. ცესკო-ს სპიკერის ცნობით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რიგი იყო, ამომრჩევლებს კანონის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.

ანა მიქელაძის ცნობით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმის დათვლის პროცედურების განხორციელება დაიწყეს.

"შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკო-ში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში, ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი მონაცემები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების საფუძველზე", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ცესკოში განხორციელდება შედეგების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ინტერნეტის მეშვეობით, 360 გრადუსიანი კამერის გამოყენებით და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება თვალყური ადევნოს აღნიშნულ პროცესს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."