გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება

გადაცემა "რეზიუმე" რადიო "პალიტრაში" ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პოლიტიკაში ყოფნის შემდეგ, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდება. "რადიო პალიტრის" მსმენელსა და ხოლო ნოემბრიდან უკვე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" მაყურებელს მისი საავტორი გადაცემა "რეზიუმეს" მოსმენა და ყურება, ყოველ სამუშაო დღეს, 18:30 წუთზე შეეძლება, სადაც საშუალება ექნება, გადაცემის სტუმარს მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვას... ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლის მცდელობას არ ნანობს, რადგან იქ გამოცდილებაც მიიღო და რაც მთავარია, პარტიიდან დროულად წამოვიდა..

მერაბ მეტრეველი: "ეს არის რადიო-პროექტი, მაგრამ ასევე ექნება სატელევიზიო ვერსია რომელიც გავა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში გავა. ეს იქნება რადიო პროექტი ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე, გვეყოლება ერთი, ასევე აქტუალური სტუმარი, რომელიც თემის გარშემო ისაუბრებს და საინტერესო თემაზე ვრცლად და მშვიდად ვისაუბრებთ. რადიო, თავისი ფორმატიდან გამომდინარე, უფრო იტანს წყნარ და მშვიდ საუბრებს. პირველ ნაწილში, გადაცემის სტუმარი აქტუალურ თემის გარშემო ისაუბრებს, მეორე ნაწილში კი, მსმენელი ჩაერთვება და მისთვის საინტერესო კითხვას დასვამს".

- რა დროს და რა ინტერვალით გავა გადაცემაში ეთერში?

- ყოველდღე, "რადიო პალიტრისა" და ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, 18:30 წუთზე და ერთი საათი გაგრძელდება.

- რატომ დაბრუნდით იგივე გადაცემით? ახალი ფორმატი უფრო საინტერესო ხომ არ იქნებოდა?

- ფორმატი შეცვლილია. მხოლოდ გადაცემის სახელია იგივე ასევე ემატება სატელევიზიო ვერსია. წინა გადაცემა, დღის მთავარ თემებზე იყო ორიენტირებული. თანაც რამდენიმე სტუმარს ვიწვევდით. ახლა, როგორც გითხარით, მხოლოდ ერთი სტუმარი გვეყოლება, ანუ პირველ ნაწილში, სტუმარი და ჟურნალისტი ერთ-ერთზე დეტალურად განიხილავენ .მიმდინარე საკითხს. სტუმარს თემის აქტუალობიდან გამომდინარე ვირჩევთ.

- ვიცი, რომ სულ რამდენიმე გადაცემა გქონდათ. როგორი იყო პირველი ეთერი, მსმენელებისგან უარყოფითი ზარებიც დაფიქსირდა?

- არა, უფრო მეტად დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა. ეთერში დაბრუნებას მილოცავდნენ. ჩემის პოლიტიკაში წასვლის მცდელობაზე მხოლოდ ერთი-ორმა გაამახვილა ყურადღება, დანარჩენები, უბრალოდ, კითხვებს სვამდნენ... კომენტარებშიც დადებითი პოზიცია უფრო ჭარბობდა, რაც ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რატომღაც საზოგადოება ადამიანებს პოლიტიკისთვის ვერ იმეტებს.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- მიმაჩნია, რომ ცუდია, რადგან ამ სტეროტიპის გამო, პოლიტიკასი ძირითადად ცუდი ხალხი მიდის.

- რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ გადაცემაში მსმენელმა პოლიტიკური წარსული შეგახსენოთ?

- კი ბატონო, შემახსენოს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, - პაატა ბურჭულაძის პარტიაში ვიყავი და როდესაც ჩემთვის მიუღებელი პრინციპები დავინახე, წამოვედი... ამ პროცესიდან უფრო გაძლიერებული გამოვედი, ვიდრე დასუსტებული. მეტიც იმედი მაქვს, რომ ამ გამოცდილებას ჟურნალისტიკაში გამოვიყენებ და საზოგადოებრივი ასპარეზზეც ვიაქტიურებ. შესაძლოა, "კვირის პალიტრაში" ბლოგერობაც განვაგრძო. ამ ორთვიანმა უმუშევრობამ, ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებაც მომცა.

- ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლის მცდელობაზეც გვიამბეთ.

- ჩემს ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მინდოდა. გარდა ამისა, ქართულ პოლიტიკაში არსებული ვითარება არ მომწონდა და ვიმედოვნებდი, რომ რაღაცსა შევცვლიდი. მჯეროდა, რომ ამის გაკეთება შემეძლო. მინდოდა, ის, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, თავად გამეკეთებინა სწორად.

- მიგაჩნდათ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიაში ამის გაკეთების საშუალება გექნებოდა? ასევე საინტერესოა, თუ რა მიზეზების გამო დატოვეთ პარტია?

- დიახ, რადგან მეგონა, ის ახალი სახე იყო პოლიტიკაში, სუფთა წარსულით და გარშემო კარგი, პროგრესულად მოაზროვნე გუნდი ჰყავდა შემოკრებილი. ეს არც "ქართული ოცნებიდან" წამოსული ადამიანებისგან შედგებოდა და არც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისგან. იმ ეტაპზე საინტერესო სახეები იყო მის გარშემო, - ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე, დავით ჯანდიერი... " ოცნება" კი ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტიაო, მაგრამ დღემდე არ მჯერა ამ მოსაზრების... ასე რომ, მეგონა, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი მოგვცემდა საშუალებას, ქართულ პოლიტიკაში ახალ პოლიტკურ ძალად ჩამოვყალიბებულიყავით და თანდათან, თავადაც გახდებოდა პოლიტიკოსი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ის ვერ გახდა პოლიტიკოსი, ბევრი შეცდომა დაუშვა და უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო...

თანდათან აღმოვაჩინე, რომ პარტია სტრუქტურულად არ იყო აწყობილი, პოლიტსაბჭოში ვითარება დაულაგებელი იყო. იქიდან ისე წამოვედი, ახლაც არ ვიცი, გადაწყვეტილებას ვინ იღებდა. ერთ დღესაც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, - თანხები გამოილია. ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირი დაფინანსების წყარო დაბლოკა და პარტიის წევრებს ხელფასები რომ გადავუხადოთ, იძულებული ვართ, "გირჩთან" და გიორგი ვაშაძესთან გავერთიანდეთ, რადგან ფინანსები აქვთო... ისედაც ბევრი რამის გამო ვიყავი იმედგაცრუებული და ეს ბოლო წვეთი იყო, რამაც წასვლა გადამაწყვეტინა, პალიკო კუბლაშვილის და მისი თანამოაზრეების გევრდით ყოფნა, წარმოუდგენელი იყო. ვუთხარი, - შესაძლოა, ფინანსები მიიღოთ, მაგრამ ყოფილ "ნაციონალებთან" გაერთიანების შემდეგ, თქვენი მთავარი მომხიბვლელობა, მაღალი რეიტინგი, დაეცემა-მეთქი... უკვე გასაგები იყო, რომ წასვლას ვაპირებდი. პაატამ მირჩია, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, დაფიქრდიო. მეც ორდღიანი პაუზა ავიღე და შემდეგ, წამოსვლა ვარჩიე. სამწუხაროდ, ასე დასრულდა ჩემი პოლიტიკური კარიერა. თუმცა, წასვლის შემდეგ, იმ ორგანიზაციის ლანძღვა არ დამიწყია, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს.

- ნანობთ იმ ნაბიჯს?

- არა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო. ეს ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. იქამდე პოლიტიკას, გარედან ვაკვირდებოდი და მაშინ შიგნიდანაც დავინახე და მიხვდი, რომ იმაზე მეტი სიბინძურეა, ვიდრე გარედან ჩანს. როდესაც პოლიტიკაში მივდიოდი, სწორედ ამაზე ვფიქრობდი, იქნებ სიბინძურეების გარეშეც შეიძლება პოლიტიკაში ყოფნა-მეთქი.. შესაძლოა, ეს ძალიან იდეალისტური მოსაზრება იყო, მაგრამ მართლა მეგონა, რომ ამ სფეროში პატიოსანი თამაშიც შეიძლებოდა... შეიძლება ახლა უკვე მიამიტურად ჟღერდეს, მაგრამ იმ სტერეოტიპის დამსხვრევაც მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე, ძველი, გათელილი გზით წავიდა.

- სამომავლოდ როგორ ხედავთ თქვენი პროფესიულ განვითარებას?

- მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი "პალიტრაში" და კვლავ ვაგრძელებ ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას. იმედია მაქვს, რომ "რეზიუმეს" აქტიური და ლოიალური მსმენელი კვლავ განაგრძეობს ჩემი და ჩემი გადაცემის მოსმენას.…იაქტიურებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 7-ის ნახევარზე, რადიო პალიტრასა და ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი