ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება

ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინტერვიუს, სადაც კარასინი საქართველო-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

"რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს რომ კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

სააგენტო "რია ნოვოსტი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად "კონფრონტაციულ რიტორიკას" მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს.

"ამაზე მუდმივად ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს, რეგულარული დიალოგის ფარგლებში", - განაცხადა კარასინმა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების კონტაქტი დაგეგმილი არ არის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."